Facebook Twitter

¹3გ-ად-179-კ-03 8 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 5 და 6 ნოემბერს ნ., ე. და დ. კ-ეებმა ცალ-ცალკე აღძრეს სარჩელები ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს მიმართ.

ნ. კ-ემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა ზესტაფონში, “ტ-ში” ჯერ ბუღალტრად, შემდეგ _ მთავარ ბუღალტრად. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველომ, როგორც შპს “ტ-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, 2002წ. 31 ოქტომბერს გამოსცა ¹60 ბრძანება, რომლითაც შპს “ტ-ის” მთავარი ბუღალტერი ნ. კ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან.

ნ. კ-ე სარჩელით ბრძანებას უკანონოდ თვლიდა იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა კრება არ მოწვეულა, იგი არ გაფრთხილებულა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში იმყოფებოდა შვებულებაში და თავად ბრძანებაში მითითებული საფუძვლებიც უკანონო იყო.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹60 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

მეორე მოსარჩელე ე. კ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ 2002წ. ივნისიდან მუშაობდა ზესტაფონში, შპს “ტ-ში” წარმოების ხელმძღვანელად.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹61 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომელსაც იგი არ დასწრებია.

ე. კ-ე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მისი სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება შპს “ტ-ის” დირექტორის ფუნქციას წარმოადგენდა და არა _ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის, რომელმაც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.

ე. კ-ემ სარჩელით ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹61 ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.

მესამე მოსარჩელე დ. კ-ემ სარჩელში აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2001წ. 20 ნოემბრის ¹46 ბრძანებით იგი დაინიშნა შპს “ტ-ის” დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად. მისი განმარტებით, სარჩელის შეტანის დროს უკვე ერთი წელი იყო, რაც აღნიშნულ საწარმოში მუშაობდა დირექტორად, მაგრამ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სასამართლოს არ მიმართა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის მოთხოვნით.

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2002წ. 5 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹61 ბრძანების თაობაზე, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ¹61 ბრძანება უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა კრება არ მოწვეულა და იგი არ გათავისუფლებულა “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა 2002წ. 31 ოქტომბრის ¹61 ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 4 დეკემბერს ცალ-ცალკე განიხილა ზემოთ აღნიშნული სარჩელები და მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

დ., ე. და ნ. კ-ეებმა აღნიშნული გადაწყვეტილებები ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინებით სამივე საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 თებერვალს განიხილა აღნიშნული საქმე, გამოიტანა განჩინება, რომლითაც დ., ე. და ნ. კ-ეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის სამივე გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ., ე. და ნ. კ-ეებმა, რომლებმაც საკასაციო საჩივრით ითხოვეს სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი სარჩელების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს უფროს ვ. შალამბერიძეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს, არ ჰქონდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს “ტ-ი” შექმნილია ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით, რომლის დამფუძნებელიც არის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ტ-სა” და ფიზიკურ პირ დ. კ-ეს შორის არსებობდა გარიგება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს უფროსის ბრძანება დ. კ-ის შპს “ტ-ის” დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტად, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს აღნიშნული ბრძანება მიჩნეული უნდა იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის ნების გამოვლენად საწარმოს დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის შრომით სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც თავის დროზე დამყარდა ფიზიკურ პირ დ. კ-ესა და კერძო სამართლის იურიდიულ პირ შპს “ტ-ს” შორის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს ბრძანების სახით, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა დ. კ-ე, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტად, არამედ იგი მიჩნეული უნდა იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტად, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების, არამედ _ სამოქალაქო-სამართალწარმოების წესით.

რაც შეეხება შპს “ტ-ის” წარმოების ყოფილ ხელმძღვანელ ე. კ-ისა და ამავე საწარმოს ყოფილ მთავარ ბუღალტერ ნ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებას, აღნიშნული დავებიც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლისა, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მეორე საფუძველიც, კერძოდ, დადგენილი კი არის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹60 და ¹61 ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამმართველოს 2002წ. 21 ნოემბრის ¹69 ბრძანებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელეების თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ., ე. და ნ. კ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.