3გ-ად-183-კ-03 4 ივლისი 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 აპრილს ა. გ.-მ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა, დანამატი მოხუცებულობისათვის ორი მინიმალური პენსიის 45 ლარისა და მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური ოდენობის 28 ლარის, სულ – 73 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ იგი არის 80 წლის ვეტერანი, პენსიონერი, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომის მონაწილე. მამაცობისათვის დაჯილდოვებულია სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ოთხი ორდენით და მრავალი მედლით, დაჭრილი იქნა სამჯერ ბრძოლის ველზე. პენსიას იღებს წელთა დამსახურების გამო. მან მიმართა სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რათა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, დაენიშნათ მისთვის პენსიაზე დანამატი ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რაზედაც მიიღო უარი. არსენ გ.-ს წარმომადგენელმა მ. გ.-მ დამატებით მოითხოვა მისი მარწმუნებლისთვის მოპასუხეს გადაეხადა ხუთი წლის გაუცემელი პენსია 4553 ლარის ოდენობით, ამასთანავე სსკ-ს 53-ე მუხლის თანახმად, ითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა ა. გ.-ს სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების გადახდა 350 ლარის ოდენობით.
მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. გ.-ს ყოველთვიურად დაენიშნა პენსია 23 ლარი და 33 თეთრი, ხოლო ერთდროულად 276 ლარი და 33 თეთრი ერთიწ. “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტისა და მე-15 მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის დღიდან მეორე სახეობის პენსიაზე უფლების წარმოშობისა, 1997წ. 15 მაისიდან 2002წ. პირველ სექტემბრამდე თვეში 73 ლარის, სულ 3905,5 ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯების 520 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება და ყოველთვიურად მისთვის მეორე სახეობის პენსიის – 73 ლარის გადაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ.-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასმართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას ხოლო რაიონულმა სასამართლომ დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო ნორმათა გამოყენებით, რითაც დარღვეულ იქნა განსჯადობის წესები.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტი და მე-15 მუხლის “ა” პუნქტი, ვინაიდან, სსკ-ს 248-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ “სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა”. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ა. გ.-ს სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მითითებული ნორმათა საფუძველზე პენსიის დანიშვნა, არამედ იგი ითხოვდა კანონის სულ სხვა, მე-60 მუხლით განსაზღვრული შეღავათების მასზე გავრცელებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლო გაიზიარა აპელანტის, მისი წარმომადგენლის, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია ანუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტი ა. გ.-ა არის ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების სამამულო ომის მონაწილე, აქვს ოფიცრის წოდება, გადაცილებულია 75 წლის ასაკს და წარმოდგენილი ცნობის თანახმად დანიშნული აქვს პენსია წელთა ნამსახურების მიხედვით შსს-დან, მაგრამ ამავე დროს იგი არ არის ომის ინვალიდი და შესაბამისად არ იღებს პენსიას ომის ინვალიდობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის. კანონის მე-60 მუხლის თანახმად “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის-ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურეობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. შესაბამისად ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. გ.-ს მონაცემები სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ვინაიდან იგი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის ინვალიდი, არ ღებულობს პანსიას ომის ინვალიდობით, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათები, რადგან მოცემული ნორმით გათვალისწინებული არ არის წელთა ნამსახურობის და მოხუცებულობის პენსიების ერთდროულად მიღების უფლება, მოხუცებულობის გამო დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინების* განმარტების თანახმად საქმეზე ¹3ბ/ად-193-კ-02, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის სესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლება ა. გ.-ს ექნებოდა, თუ იგი უარს იტყოდა უკვე დანიშნული წელთ ნამსახურების პენსიაზე და “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-3 აბზაცის თანახმად, აირჩევდა ომის ინვალიდობის პენსიას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აპელანტს მსგავსი ალტერნეტული მოთხოვნა არ დაუყენებია.
ყოველივე ზენოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. გ.-ს სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა არსენ გ.-მ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნავს, რომ ა. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კასატორი ა. გ.- არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, აქვს ოფიცრის წოდება და შს სამინისტროდან დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის პენსია 132,04 ლარის ოდენობით. იგი არ არის ომის ინვალიდი და შესაბამისად არ იღებს პენსიას ომის ინვალიდობისათვის. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულია საპენსიო უზრუნველყოფის შემდეგი სახეები: პენსია წელთა ნამსახურობისათვის, პენსია ინვალიდობის გამო და პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. ამავე კანონის მე-4 მუხლით დადგენილია, რომ სამხედრო მომსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის სახელმწიფო პენსიას მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისად, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. გ.-ს დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის პენსია 132,04 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლის თანახმად, რომლის საფუძველზეც კასატორი ითხოვს მეორე სახეობის პენსიის-ომის ინვალიდობის მიხედვით დანიშვნას 45 ლარის ოდენობით და წელთა ნამსახურობის პენსიაზე მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური პენსიის დანამატს, კანონმდებლოის მიერ დაწესებულია გამონაკლისის სახით ერთდროულად ორი სახეობის პენსიის-ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიის ერთდროულად დანიშვნის უფლება კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საჩივარში მოყვანილ მითითებული კანონის მე-60 მუხლის განმარტებას, რომ მეორე სახეობის პენსიის მიღების მოთხოვნისათვის საკმარისია ომის მონაწილეს შესრულებული ჰქონდეს 75 წელი და აუცილებელი არ არის პიროვნება ასევე იყოს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ “სამხედრო სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლება ექნებოდა მაშინ, თუ იგი უარს იტყოდა უკვე დანიშნული წელთა ნამსახურობის პენსიაზე და აირჩევდა ომის ინვალიდობის პენსიას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2002წ. 25 ნოემბერს მიღებულ იქნა განჩინება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ.-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სააპელაციო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ა. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
* ix. saqarTvelos uzenaesi sasamarTlos didi palatis gadawyvetilebani 2001-2002, gv. 77.