გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-185-კ-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ფულადი კომპენსაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1991წ. 6 მარტის ¹5.48.210 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «ფ.-...”, რომელსაც ნება დაერთო თბილისში, ... და ... მდებარე პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების აღებასა და ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით მრავალსართულიანი ამხანაგური სახლის მშენებლობაზე. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1993წ. 6 ივლისს გაიცა ნებართვა ¹94 მესამე პირის _ შპს «თ.”-ს სახელზე თბილისში, ... და ... მდებარე ძველი ავარიული სახლების აღებასა და მრავალსართულიანი სახლის აშენებაზე. «ქ. თბილისში ინდივიდუალური, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგური და კომერციული საბინაო მშენებლობის შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. ¹14.03.93 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიასა და შპს «თ.” შორის 1993წ. 21 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ მისამართზე კომერციული საბინაო მშენებლობის განხორციელების შესახებ. მენაშენე შპს «თ.” და კასატორ მ. ა-ს შორის 1993წ. 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ახლად აშენებულ სახლში, მშენებლობის დამთავრების შემდეგ, მ. ა-ისათვის უფასოდ 208,25 კვ.მ ფართის 5 ოთახიანი ბინის გადაცემის შესახებ. 1996წ. 4 მარტს შპს «თ.” და მოწინააღმდეგე მხარე _ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს (ამჟამად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) შორის დაიდო ხელშეკრულება ... და ... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე. «ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის სოციალური დაზღვევის სამსახურებიდან თანხის გამოყოფის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 1 ნოემბრის ¹707 დადგენილების შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახლმწიფო ფონდმა შპს «თამისი”-ს წინაშე იკისრა 1996-97 წლებში ბინათმშენებლობის დაფინანსება 1100000 ლარის ოდენობით. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ვერ შეძლო 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულებით შპს «თ.”-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულების, ბინათმშენებლობის დაფინანსების შესრულება «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომლითაც განხორციელდა საქართველოში არსებული ყველა სპეციალური ფონდის, მათ შორის სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირება და დადგინდა ფონდის ფინანსური რესურსების გამოყენება მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულებით.
2001წ. 2 მარტს კასატორმა მ. ა-მა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მესამე პირის _ შპს «თ.-ს” მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, ბინათმშენებლობის დაუფინანსებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, შემდეგი მოტივით მოითხოვა 182 კვ.მ ფართის ოთხოთახიანი ბინის ფულადი კომპენსაცია:
მოსარჩელის განმარტებით, იგი შვილთან ერთად ცხოვრობდა ... მდებარე 15.07 კვ.მ ფართის ავარიულ ბინაში. 1986 წლიდან იმყოფებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის აღრიცხვაზე. პროფესიით არის მხატვარ-კერამიკოსი, მხატვართა კავშირის წევრი, მრავალ კონკურსსა და გამოფენებში გამარჯვებული და არა აქვს შემოქმედებითი სახელოსნო. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993წ. 16 ივნისის ¹8-9-195 გადაწყვეტილებით გაწევრიანდა ამხანაგობა «ფ.-...-ში” 5-ოთახიანი ბინის მისაღებად, საბინაო აღრიცხვიდან მოხსნით. 1993წ. 1 ივლისს მან «თამისთან” დადო ხელშეკრულება 208 კვ.მ 5-ოთახიანი ბინის უფასოდ გაცემის შესახებ ... და ... მდებარე მრავალსართულიან სახლში. მაგრამ ახალი საცხოვრებელი ბინით მისი დაკმაყოფილება არ მომხდარა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, მშენებლობის დაუფინანსებლობის მიზეზით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, დარჩა უბინაოდ, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი ბინის ფულადი კომპენსაცია.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2001წ. 13 სექტემბერს გაცემული ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მ. ა-ისათვის ასანაზღაურებელმა საკომპენსაციო თანხამ შეადგინა 27202 აშშ დოლარი ან 56308 ლარი. მოპასუხე _ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით და განმარტა, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონს ეწინააღმდეგებოდა ფონდსა და შპს «თ.” შორის დადებული შეთანხმება ბინათმშენებლობის დაფინანსების შესახებ, ამიტომ ფონდს ხელშეკრულება არ შეუსრულებია. მენაშენეს წარმოადგენდა შპს «თ.”, რომელთანაც ბინის მიღებაზე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული მოსარჩელეს, ამიტომ აუშენებელი ბინის კომპენსაციის ვალდებულებაც მიეკუთვნება შპს «თ.”. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრის 1999წ. 7 სექტემბრის ¹16/4-233 ცნობის მიხედვით, შპს «თ.” ერთიან სახელმწიფო სტატისტიკურ რეგისტრში არ იძებნება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27202 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ლარებში გადახდა. სკ-ს (1997წ.) 349-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ 1996წ. 4 მარტს შპს «თ.” და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის დადებული ხელშეკრულება მიიჩნია მესამე პირის _ მოსარჩელე მ. ა-ის სასარგებლოდ დადებულ გარიგებად და შესაბამისად მოვალისაგან მოთხოვნის უფლება მიანიჭა მესამე პირს _ მ. ა-ს, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სარჩელი აუშენებელი ბინის კომპენსაციის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრების შესახებ:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ სკ-ს 349-ე მუხლის საფუძველზე შპს «თ.” და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების სასარგებლოდ დადებულ გარიგებას და რომ მოსარჩელეს, როგორც მესამე პირს, გააჩნდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების არსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მ. ა-ს არ გააჩნდა ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით აუშენებელი ბინის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება და სარჩელი ფულადი კომპენსაციის თაობაზე, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მ. ა-ს სააპელაციო საჩივარზე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1779 ლარის ოდენობით, თანახმად სსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბინის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი ასევე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 1779 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორ (მოსარჩელე) მ. ა-სა და მენაშენე «თ.” შორის 1993წ. 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულება თბილისში, ... და ... ძველი სახლების დანგრევის შემდეგ ახლადაშენებულ სახლში უფასოდ 208,25 კვ.მ ფართის 5-ოთახიანი ბინის გადაცემის შესახებ. კასატორ მ. ა-ს ბინათმშენებლობაში ფულადი თანხა ან რაიმე შენატანი არ განუხორციელებია და ხელშეკრულების თანახმად, მას უფასოდ უნდა გადასცემოდა ახალი ბინა. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ კასატორი მ. არაბული შვილთან ერთად ცხოვრობს ... მდებარე 15 კვ.მ ფართის ავარიულ ბინაში. ამდენად, იგი არ ცხოვრობდა ... და ... მდებარე ძველ ბინაში, სადავო ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით მას ბინა არ ჩაუბარებია, არც დანგრევია და ახალი ბინათმშენებლობის დაწყებას მისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია;
2. კასატორი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან ითხოვს აუშენებელი ბინის ფულად კომპენსაციას, მენაშენე შპს «თ.” და «ფ.” შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ფონდმა შპს «თ.”-ს წინაშე იკისრა 1996-97 წლებში ბინათმშენებლობის დაფინანსება 1100000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მოცემულია იმ პირთა სია, რომელთაც ბინათმშენებლობის დასრულების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდათ ბინები და სიაში მე-5 ნომრად გათვალისწინებულია კასატორი მ. ა-ი. ამიტომ, საკასაციო სასამართლოს აზრით, შპს «თ.” და დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულება ბინათმშენებლობის დაფინანსების შესახებ, სამართლებრივად წარმოადგენს მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ გარიგებას, რადგან, მართალია, ხელშეკრულების კონტრაჰენტები არიან შპს «თ.” და ფონდი, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი უნდა დამდგარიყო და დაფინანსების შემდეგ აშენებული ბინა უნდა გადასცემოდათ მ. ა-სა და იმ პირებს, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს არ წარმოადგენდნენ.
3. სკ-ს 349-ე მუხლის თანახმად: «მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს”. კასატორი მ. ა-იც აღნიშნული ნორმის საფუძველზე ითხოვს ბინათმშენებლობის დაუფინანსებლობის გამო, აუშენებელი ბინის კომპენსაციის ანაზღაურებას თავად ფონდისაგან და არა შპს «თ-ისაგან”, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული. ზოგადად, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების დეფინიციიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორთან ერთად აქვს მესამე პირსაც, ვის სასარგებლოდაც დადებულია გარიგება ანუ მესამე პირი ხელშეკრულებაში კრედიტორის ადგილს იკავებს და აქვს მოთხოვნის უფლება. მაგ: საწარმოს მიერ თანამშრომელთა (მესამე პირი) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დადება სადაზღვევო კომპანიასთან. რიგ შემთხვევებში, მართალია, ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ არის დადებული, მაგრამ ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მესამე პირს არა აქვს უფლება კრედიტორისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ანუ კრედიტორის მოთხოვნის უფლება მასზე არ გადადის, იგი ხელშეკრულებიდან სარგებლის მიღების მომლოდინე პირია და არა კრედიტორი.
შპს «თ.” და დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996 წელს დადებული ხელშეკრულებაც, პალატის აზრით, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ამგვარ გარიგებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებშიც მესამე პირს არ გააჩნია ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნის უფლება ანუ მოთხოვნაზე კრედიტორის უფლება მესამე პირზე არ გადადის. 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, ბინათმშენებლობის დაფინანსების მოთხოვნის უფლება მოვალე-ფონდისაგან გააჩნდა კრედიტორ _ შპს «თ.”, ხოლო შპს «თ.”-ს, როგორც მენაშენის მიმართ, მოთხოვნის უფლება 1993წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აქვს კასატორ მ. ა-ს, თანახმად სკ-ს 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილისა, რომლის მიხედვითაც 1993წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულების ძალით კრედიტორი _ მ. არაბული უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ მოვალე _ შპს «თ-ისაგან” და არა ფონდისაგან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ახლად აშენებულ კორპუსში 5-ოთახიანი ბინის უსასყიდლოდ გადაცემა. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უსაფუძვლობის მოტივით, ფონდის მიმართ მ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორი მ. ა-ი თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს ასევე მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 1779 ლარის დაკისრების ნაწილშიც, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ პროფესიით არის მხატვარ-კერამიკოსი, მხატვართა კავშირის წევრი. მრავალ კონკურსსა და გამოფენაში გამარჯვებული, მაგრამ ეკონომიურად დიდ სიდუხჭირეს განიცდის, რადგან აქვს მეტად დაბალი ხელფასი, თვეში 20 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამოტომ, დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და თვლის, რომ ბაჟის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, შეესაბამება სსკ-ს 39-ე მუხლის პირველ ნაწილის «ბ” ქვეპუნქტს.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს მ. ა-ის საკასაციო საჩივარს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან, მართალია, საპელაციო პალატამ სკ-ს 349-ე მუხლის უსწორო განმარტებიდან გამომდინარე მცდარი სამართლებრივი შეფესება მისცა _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს «თ.” შორის დადებულ ხელშეკრულებას, მაგრამ აღნიშნულს არ გამოუწვევია უსწორო გადაწყვეტილების გამოტანა, პალატამ საქმეზე მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება და უსაფუძვლობის მოტივით, მართებულად უთხრა უარი მ. ა-ს აუშენებელი ბინის კომპენსაციის საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრებაზე და პალატამ ასევე სწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მ. ა-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2252 ლარის ოდენობით;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.