Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-187-კ-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ტრანსპორტის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. მ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის 6300 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998წ. ნოემბრის თვეში ავტომანქანის შესაძენად მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გადასცა 6300 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა ერთ თვეში (1998წ. 7 დეკემბრამდე). მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისა, მოპასუხეს არც ავტომანქანა შეუძენია და არც სესხი დაუბრუნებია.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით ტრანსპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 7 ოქტომბრის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სარჩელი და ო. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. მ-ის განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო 2001წ. 20 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტოს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სარჩელი და ო. მ-ს დაეკისრა 6300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელ ო. დ-სა და ო. მ-ს შორის 1998წ. 25 სექტემბერს მოხდა შეთანხმება ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედესის” შეძენის თაობაზე, რის შედეგად ო. მ-მა ო. დ-საგან მიიღო ავტომანქანის ღირებულების ნაწილი 6300 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ერთ კვირაში. მ-მა გადასცა ავტომანქანის მასალები, საბუთები და ავტომანქანა ჩაკეტა მის ავტოფარეხში. ო. დ-მ ვერ შეასრულა რა ნაკისრი ვალდებულება, მხარეებს შორის გარიგება ჩაიშალა. 1998წ. 7 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ო. მ-მა ივალდებულა 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში დაბრუნება, ხოლო ო. დ-მ დაუბრუნა ავტომანქანის გასაღები და საბუთები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭირო იყო კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ხოლო ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 328-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმებოდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და მიიჩნია, რომ ვინაიდან ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმებულა და შესაბამის ორგანოში არ მომხდარა ავტომანქანის რეგისტრაცია შემძენის სახელზე, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ითვლებოდა და ამიტომ ნასყიდობის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებული იყო მეორე მხარისათვის დაებრუნებინა ის, რაც შეთანხმების პროცესში მიიღო. მოსარჩელე მხარეს უნდა დაებრუნებინა ავტომანქანის გასაღები და საბუთები, ხოლო მოპასუხეს დაებრუნებინა 6300 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენლის ო. დ-ს მიერ ო. მ-ისათვის გადაცემული თანხა – 6300 აშშ დოლარი წარმოადგენდა სკ-ს 421-ე მუხლით გათვალისწინებულ “ბეს” თანხას, და მხარეთა შორის 1998წ. 7 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არა გარიგება იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მიუთითებს, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის დაიდო ზეპირი პირობითი გარიგება მისი კუთვნილი ავტომანქანის 18000 აშშ დოლარად შეძენის თაობაზე, რომლის დასადასტურებლად ო. დ-მ მას გადასცა მანქანის ღირებულების ნაწილი 6300 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მყიდველს უნდა გადაეცა ერთი კვირის ვადაში. მიუხედავად მისი მოთხოვნისა დ-ს მანქანის სრული ღირებულება არ გადაუხდია, რის გამოც მათ შორის არსებული ზეპირი მოლაპარაკება არ შესრულდა, რაც დაფიქსირდა 6 ნოემბერს გაფორმებულ ხელწერილში. კასატორი აღნშნავს, რომ მასსა და დ-ს შორის 7 ნოემბერს ადგილი არ ჰქონია ფულის გადაცემას და მას სესხად არ აუღია 6300 აშშ დოლარი. მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის გამო გახდა იძულებული გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულება და მიუთითებს, რომ თანხა წარმოადგენდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საკუთრებას, რომელიც მან მიიღო ავტომანქანის ღირებულებაში და ო. დ-საგან მას არავითარი თანხა სესხის სახით არ მიუღია, ხოლო სესხის ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ ო. დ-ა სესხის მიცემისას მოქმედებდა როგორც სამინისტროს წარომადგენელი. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და არ გაითვალისწინა, რომ სამინისტროს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, და იგი სკ-ს 394-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელემ. 2003წ. 3 ივლისის საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო რომელიც სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, რის გამოც სხდომა გადაიდო მ/წლის 10 ივლისს და დამატებით ეცნობათ მხარეებს. 10 ივლისის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორმა თანხმობა გამოთქვა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩმევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს წარმოადგენს მინისტრი. ტრანსპორტის სამინისტროს სახელით სასარჩელო განცხადებას ხელს აწერს ო. დ-ა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ო. დ-ს წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭინებული ჰქონდა მინისტრისაგან და იგი უფლებამისილი იყო სამინისტროს სახელით აღეძრა სარჩელი ან სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – სამგორის რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვდა ო. მ-ისათვის სანოტარო წესით გაცემული სესხის ხელშეკრულებით გამოწვეული ზარალის 6300 აშშ დოლარის დაკისრებას, რომელიც ავტომანქანის შესაძენად სესხის ხელშეკრულებით გადაეცა ამ უკანასკნელს და მიუთითებდა, რომ 1998წ. 7 ნოემბერს გაცემული სესხის ხელშეკრულების თანახმად, ო. მ-ს სესხი უნდა დაებრუნებინა 1998წ. 7 დეკემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ მ-ს ავტომანქანა არ შეუძენია და სესხის ხელშეკრულების ვადაც გასული იყო, იგი სესხს არ აბრუნებდა. ამდენად, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს 1998წ. 7 ნოემბერს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივარი და სასარჩელო მოთხოვნა, არ გაარკვია, ვინ იყო მოსარჩელე, ტრანსპორტის სამინისტრო თუ ფიზიკური პირი ო. დ-ა. თუ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ სარჩელი აღძრულია სამინისტროს მიერ, უნდა იმსჯელოს 1998წ. 7 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის მოთხოვნის უფლება ჰქონდა თუ არა სამინისტროს, რადგან ხელშეკრულების მხარეს (სესხის გამცემს) წარმოადგენს ფიზიკური პირი ო. დ-ა და აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის რომ ო. დ-ა სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა როგორც სამინისტროს წარმომადგენელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას იურდიული ძალა არ შეუძენია, ვინაიდან იგი არ დადებულა სკ-ს 327-ე და 328-ე მუხლების შესაბამისად და მიუთითა, რომ ვინაიდან არ შედგა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამიტომ ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებული იყო მეორე მხარისათვის დაებრუნებინა ის რაც შეთანხმების პროცესში მიიღო და არ გაარკვია ვისი ბრალით არ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და შემძენს ჰქონდა თუ არა უფლება უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე, როდესაც ორმხრივი ხელშეკრულების მეორე მხარემ (ო. მ-მა) მთლიანად შეასრულა თავისი ვალდებულება, (მყიდველს გადასცა მანქანის გასაღები, საბუთები და ავტომანქანა ჩაიკეტა ავტოფარეხში). ასევე უნდა იმსჯელოს და ასეთ ვითარებაში მყიდველის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს თუ არა “ბედ”.

აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სანართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.