გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-188-კ-03 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და საქართველოს კონტროლის პალატის ინფორმაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს ”მ-მა” 10.07.01წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 05.04.96წ. დადებული ხელშეკრულების დარღვევით არ ჩაურიცხა სააქციო საზოგადოებას საავანსო თანხა 1430999 ლარი. იმის გამო, რომ 05.04.96წ. ხელშეკრულების შესაბამისად სს – ამ გააფორმა ხელშეკრულებები მარცვლეულის მწარმოებელ 25 ფირმასთან და ფერმერებთან, რომლებითაც გათვლისწინებული იყო ავანსის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში, მოსარჩელე იძულებული შეიქმნა ხელი მოეწერა 08.07.96წ. ხელშეკრულებაზე, რომლითაც კაბალური პირობები იქნა დადგენილი მოსარჩელისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% საჯარიმო სანქციის გადახდა უმძიმეს მდგომარეობაში აყენებდა სს-ს. სარჩელის იურიდიულ საფუძვლად მხარემ მიუთითა 1964წ. სკ-ს 56-ე, 59-ე, 185-ე, 219-ე მუხლები და სზაკ-ს 66.2, 70-ე მუხლებს. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია კონტროლის პალატის 30.12.2000წ. ინფორმაცია, რომელიც მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინფორმაციაში იქნა გაგზავნილი სს ”მ-იდან” 97444 საჯარიმო სანქციის, მათ შორის ბიუჯეტის სასარგებლოდ 68210,8 ლარის, ხოლო კონტროლის პალატის სასარგებლოდ 29233,2 ლარის ამოღების თაობაზე, საპარტნიორო ფონდის თანხები ბიუჯეტს არ ეკუთვნოდა და არც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 08.07.96წ. ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც კლიენტს დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საჯარიმო სანქციის 0,5% გადახდა. მოსარჩელემ მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციაში გაგზავნილი ინფორმაცია სს ”მ-ისათვის” 97444 ლარის დარიცხვის თაობაზე სრულ გაუგებრობად მიიჩნია და ითხოვა მისი ბათილად ცნობა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ავანსის თანხების არ გადახდის გამო მოსარჩელე იძულებული იყო ხელი მოეწერა კაბალური და მისთვის წამგებიანი ხელშეკრულებისათვის. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა 1964წ. სკ-ს 56-ე, 185-ე, 219-ე, 235-ე მუხლები და დღეს მოქმედი სკ-ს 55-ე, 370-ე, 395-ე, 398-ე მუხლები, სზაკ-ს მე-60 მუხლი. რაიონული სასამართლოს 09.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა საურავის გადახდისაგან, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს და სს ”მ-ს” შორის 08.06.96წ. დადებული ხელშეკრულებიდან კრედიტის ვადაში დაუბრუნებლობისას საჯარიმო სანქცია ვალის 0,5% ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხვის ნაწილში გამოცხადდა ბათილად, კონტროლის პალატის 24.12.2000წ. აქტიდან ის ნაწილი, რომელიც ეხება მოსარჩელისაგან 97444 ლარის საჯარიმო სანქციის ამოღებას, აგრეთვე კონტროლის პალატის 30.12.2000წ. წერილი გაგზავნილი მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციაში მოსარჩელისაგან აღნიშნული თანხის ამოღების შესახებ გამოცხადდა ბათილად.
09.07.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.02.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.07.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ”მ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის სახელზე გაგზავნილი კონტროლის პალატის 30.12.02წ. “ინფორმაცია” სს ”მ-თან” დაკავშირებით, კონტროლის პალატას დაევალა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად კორექტირებული ინფორმაციის შედგენა და გაგზავნა, სს ”მ-ის” სარჩელი ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პალატამ მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის 24.12.2000წ. აქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ამოღების გაუქმებით პირველი ინსტანციის სასამართლო სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენდა კონტროლის პალატის აქტის კანონიერება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კრწანისის რაიონის სასამართლოს 22.04.98წ. გადაწყვეტილება რომლითაც სს ”მ-ს” დაეკისრა სამინისტროს სასარგებლოდ 350000 ლარის გადახდა, ხოლო არ დაკმაყოფილდა სამინისტროს მოთხოვნა საურავის დაკისრების ნაწილში, ფაქტობრივად წარმოადგენდა (თუმცა არასათანადო პროცესუალური ფორმის) მხარეთა მორიგებას, სასამართლოს არ უმსჯელია საურავის კანონიერებაზე, მის გაუქმებაზე, სს ”მ-ს” საურავის გაუქმების თაობაზე არ წარუდგენია. ვინაიდან 1996 წელს დადებული ხელშეკრულებიდან მხარეებს უფლება-მოვალეობანი 1998წ. 15 მარტიდან წარმოეშვა, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ 1997წ. სკ-ს ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული. სკ-ს 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ კოდექსით გათვალისწინებული არ არის პირგასამტეხლოს ბათილად ცნობის საფუძვლები და შესაძლებლობა. მხარე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს არა შესრულებასა და გარიგებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობას, არამედ გარიგების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას _ პირგასამტეხლოს, რაც უარყოფს მხარეებს შორის კაბალური ხელშეკრულების დადებას. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს არ უსარგებლია სს ”მ-ის” მძიმე მდგომარეობით, სს ”მ-ის” მძიმე მდგომარეობა დადგა არა 08.07.96წ. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, არამედ ჰიბრიდული სიმინდის თესლის უვარგისობის გამო, რაც აგრეთვე ადასტურებს სკ-ს 55-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის არ არსებობას. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია კონტროლის პალატის ინფორმაციაში მითითება იმაზე, რომ დარიცხული 97444 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს 68210 ლარი, ხოლო კონტროლის პალატის ანგარიშზე 29232 ლარი, დარიცხული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას, საიდანაც მოხდება შესაბამისი თანხის გადარიცხვა კონტროლის პალატის ანგარიშზე, რის გამო სასკ 32.4 მუხლის შესაბამისად, კონტროლის პალატის მიერ კრწანისის რაიონული საგადასახადო ინსპექციისათვის 30.12.2000წ. გაგზავნილი ინფორმაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლომ დაავალა კონტროლის პალატას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კორექტირებული ინფორმაციის შედგენა და გაგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.02.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ”მ-ის” მიერ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად არ გამოიკვლია 05.04.96წ. ხელშეკრულების ჩაშლის და სს-თვის ახალი კაბალური ხელშეკრულების თავსმოხვევის ნამდვილი მიზეზი, საპარტნიორო ფონდიდან მიღებული სესხის ბაუჯეტისადმი კუთვნილება, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების და მის მიერ დარიცხული საჯარიმო სანქციის კანონიერება, საპარტნიორო ფონდის ვალის ნაწილის დაუბრუნებლობაში სს-ის ბრალი. კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით მეორე ხელშეკრულებით სამინისტრომ სს ”მ-ს” კრედიტის რაოდენობა 11-ჯერ შეუმცირა, კრედიტი გამოუყო არა მთლიანად მარცვლის ღირებულების ასანაზღაურებლად, არამედ მხოლოდ ავანსის გასაცემად, კრედიტის დასაბრუნებლად დააწესა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პირველი დასაბრუნებელი თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, სესხის ვადაზე დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაწესდა 0,5% საჯარიმო სანქცია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ განიხილა მხოლოდ საჯარიმო სანქციის დარიცხვის საკითხი და ისიც არ ჩათვალა კაბალურად. სს ”მ-მა” კრედიტი მიიღო საპარტნიორო ფონდის იმ ნაწილიდან, რომელიც განკუთვნილი იყო კერძო ფერმერებზე კრედიტებისათვის და რომელსაც არაფერი აქვს საერთო ბიუჯეტთან. საპარტნიორო ფონდის თანხების გამოყენების შემოწმების უფლება კონტროლის პალატას არა აქვს, ”საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ უცხოური სახელმწიფო კრედიტებისა და სესხების გამოყენების კანონიერება, შემოწმება ჩატარდა ხსენებული კანონის 2,2, 43-ე, 44-ე, 72-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სააქციო საზოგადოება არ დაეთანხმა შემოწმების შედეგად შემდგარ აქტს, არ მოაწერა მას ხელი, მიმართა პალატის თავმჯდომარეს მიღების თხოვნით, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მიმართა სასამართლოს, ამდენად უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 24.12.2000წ. აქტი არ წარმოადგენდა დავის საგანს. საპარტნიორო ფონდის სესხის დაუბრუნებლობა სს ”მ-ის” მიზეზით არ მომხდარა, ვალის დაუბრუნებლობის მიზეზი იყო 1996წ. უცხოეთიდან შესყიდული უვარგისი სიმინდის თესლი, რომელიც არ აღმოცენდა. სკ-ს 401-ე მუხლის თანახმად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლომ სსკ-ს 244-ე მუხლის დარღვევით გადაწყვეტილება გამოიტანა სს ”მ-ის” მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე და დაეყრდნო მხოლოდ კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა 13.02.03წ. გადაწყვეტილების გაუქმება, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.07.02წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კონტროლის პალატა წარმოდგენილ შესაგებელში საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები საფუძველს მოკლებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია 24.12.2000წ. აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც ეხებოდა 97444 ლარის საჯარიმო სანქციის ამოღებას. საპარტნიორო ფონდის თანხა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რის გამოც კონტროლის პალატას ჰქონდა უფლება შეემოწმებია სს ”მ-ის” მიერ საპარტნიორო ფონდიდან მიღებული სესხის მიზნობრივად გამოყენებისა და მისი დაბრუნების მდგომარეობა. კონტროლის პალატის შემოწმების აქტით გამოყენებული 97444 ლარი ”საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, როგორც არასაგადასახადო შემოსავალი, უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
სს ”მ-ის” საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, რომელმაც წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება სამინისტროს მიერ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა 1998წ. 15 მარტამდე, ხელშეკრულების ნაწილი საურავის დარიცხვის თაობაზე სს ”მ-ის” მიერ სადავოდ გახდა მხოლოდ მისი რეალურად ამოქმედების შემდეგ, თუმცა მანამდე სს ”მ-ის” სარჩელების საფუძველზე დაკისრებული აქვს მის პარტნიორი ორგანიზაციებისათვის 1996წ. ივლისში დადებული ხელშეკრულებების პირობათა შეუსრულებლობისათვის საურავის თანხები.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. კონტროლის პალატის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 13.02.03წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაცია ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს ”მ-სა” და სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსა და სს ”მ-ს” შორის 05.04.96წ. დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამინისტრო მოსარჩელეს გამოუყოფდა 4924999 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხას, 1430000 ლარი სამინისტროს წინასწარ უნდა გადაეხადა, რასაც მოსარჩელე გამოიყენებდა ფერმერებსა და იურიდიული პირებისათვის ავანსის გასაცემად. სამინისროს მიერ წინასზარ ჩასარიცხი თანხა 1430000 ლარის ოდენობით სს ”მ-ისათვის” არ გადაურიცხავს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ამ პერიოდში გააფორმა ხელშეკრულებები მარცვლეულის მწარმოებელ ფირმებთან და ფერმერებთან, რომლებშიც გათვალისწინებული იყო ავანსის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი დღის ვადაში. 08.07.96წ. სს ”მ-სა” და სამინისტროს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სამინისტრო გამოუყოფდა სს-ს 552500 ლარს პროცენტული განაკვეთის გარეშე, რის სანაცვლოდ მოითხოვდა ქვეყნის შიგნით, ავანსის საფუძველზე, ფერმერებისაგან მარცვლის შეძენას. ხელშეკრულების მიხედვით სს ”მ-ს” საავანსოდ გამოყოფილი თანხა უნდა დაებრუნებინა 1997წ. 1 მარტამდე, ხოლო თანხის დათქმულ დროში დაუბრუნებლობის შემთზვევაში უნდა გადაეხადა 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თანხა ვადაში დაბრუნებული ვერ იქნა, მოსარჩელის განმარტებით უვარგისი სიმინდის თესლის გამო პარტნიორებმა მარცვალი ვერ ჩააბარეს. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მიერ დაუბრუნებელი თანხის (350000ლ.) დაფარვის ვადა 1998წ. 15 მარტამდე გაგრძელდა, სს ”მ-სა” და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებების წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებლად ჩაითვალა სს ”მ-ის” საურავის გადახდისაგან გათავისუფლება. 28.04.98წ. კრწანისის რაიონის სასამართლომ განიხილა სამინისტროს სარჩელი სს ”მ-ის” მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს ”მ-ს” დაეკისრა 350000 ლ. გადახდა, ხოლო მოთხოვნა საურავის 297000ლ. გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიუთითა, რომ სამინისტრო თანახმაა არ გადაახდევინოს სს ”მ-ს” 0,5% საურავი იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის მხრივ გაათავისუფლებს საჯარიმო სანქციებისაგან იმ პირებს, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს ხელშეკრულებით სიმინდის ჩაბარება. საქმეში დაცღულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კრწანისის რაიონის სასამართლოს 18.05.98წ. გადაწყვეტილებაზე, საქმეში არ მოიპოვება საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სს ”მ-ის” სარჩელების საფუძველზე რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებით საურავი დაეკისრა ხონის რაიონის შპს ”ა-ს” 3943 ლარის, ხოლო ჩოხატაურის რაიონის შპს ”მ-ს” 34580 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 21.05.99წ. განკარგულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის კერძო ფერმებსა და იურიდიულ პირებს ჩამოეწერათ სს ”მ-ის” დავალიანება 264467 ლარი, ხოლო სს ”მ-ს” ამავე რაოდენობით შეუმცირდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საპარტნიორო ფონდის დავალიანება. ძირითადი ვალიდან გადასახდელად დარჩენილია 34141 ლარი. კონტროლის პალატის მუშაკების მიერ სს ”მ-ის” მიერ ბიუჯეტიდან და საპარტნიორო ფონდიდან მიღებული თანხების გამოყენების და დაბრუნების მდგომარეობის თემატური შემოწმების შედეგად 24.12.2000წ. შედგენილი აქტით საპარტნიორო ფონდში 34191 ლარის კრედიტის ვადაზე დაუბრუნებლობისათვის სს ”მ-ს” საურავის სახით დაერიცხა 97444 ლარი. კონტროლის პალატამ 30.12.2000წ. მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციაში გააგზავნა ინფორმაცია სს ”მ-ის” ანგარიშიდან 97444 ლარის, მათ შორის ბიუჯეტის სასარგებლოდ 68210,8 ლარის, ხოლო კონტროლის პალატის სასარგებლოდ 9 233,2 ლარის ამოღების შესახებ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსა და სს ”მ-ს” შორის 08.07.96წ. დადებული ხელშეკრულების კაბალური ხასიათის, ხელშეკრულების ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო დადების შესახებ. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სს მ-ს” საპარტნიორო ფონდიდან გამოეყო 552500 ლარი ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთის გარეშე. სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა, სკ-ს 417-ე, 419-ე, მუხლის შესაბამისად ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს უმთავრესი ფუნქციაა ვალდებულების უზრუნველყოფა, მისი შესრულების სტიმულირება. სკ-ს 55-ე მუხლი გარიგების ბათილად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობას. სს ”მ-ი” გარიგების ბათილობის საფუძვლად უთითებს არა გარიგების შესრულებასა და ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსუბამობას, არამედ გარიგების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც აქცესორული ხასიათისაა, ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და მის გარეშე მოკლებულია დამოუკიდებელ შინაარსს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხელშეკრულების აღსრულების უზრუნველსაყოფად დაწესებული პირგასამტეხლოს ბათილად ცნობას, სკ-ს 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად ამისა, სს ”მ-ი” სარჩელით მოითხოვდა პირგასამტეხლოს ბათილად ცნობას და არა მის შემცირებას. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, სესხის თანხის დაუბრუნებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების თარიღი ხანგძლივი ვადით გადაიდო, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 09.02.98წ. ¹2-69 კლ ბრძანებით, დაუბრუნებელი თანხის დაფარვის და შესაბამისად 08.07.96წ. ხელშეკრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედების ვადა სააქციო საზოგადოებას გაუგრძელდა 1998წ. 15 მარტამდე. გარდა ამისა, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტად სს ”მ-ს” მიეთითა, რომ უკე თუ იგი წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილ ცვლილებებს სს ”მ-იდან” ვადაგაცილებულ დავალიანებაზე საურავის მოხსნის თაობაზე, სს ”მ-ი” გათავისუფლდება დარიცხული 297500 ლარის საურავის გადახდისაგან. ასეთივე მითითებას შეიცავდა კრწანისის რაიონის სასამართლოს 22.04.98წ. გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, სს ”მ-ის” მიერ არ იქნა წარმოდგენილი ცვლილებები კონტრაჰენტებთან დადებულ ხელშეკრულებებში, სს ”მ-ის” სარჩელების საფუძველზე შპს ”ა-ს”, შპს “მ-ს” საპარტნიორო ფონდის სესხად გაცემულ თანხებზე ძირითად დავალიანებასთან ერთად დაეკისრათ საურავი (შპს ”ა-ს” _ 3943 ლ, შპს ”მ-ს” _ 34580 ლ.) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს ”მ-ზე” პირგასამტეხლოს დაკისრებით არ დარღვეულა სახელშეკრულებო სამართლიანობა.
08.07.96წ. ხელშეკრულება არ დადებულა აგრეთვე მხარის მძიმე მდგომარეობის გამოყენების შედეგად, კასატორის მიერ კონტრაჰენტებთან ხელშეკრულებების დადება განპირობებული იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სს ”მ-ს” შორის 05.04.96წ. დადებული ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებდა საავანსო თანხების გადახდას. ამასთანავე, მხარეებს შორის თავდაპირველად დადებული ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთი აუცილებელი პირობები, როგორიცაა კრედიტის გაცემის და უკან დაბრუნების ვადები, პირგასამტეხლო კრედიტის თანხების დაუბრუნებლობისათვის. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების შესრულების პირობას წარმოადგენდა კლიენტის, სს ”მ-ის” მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის 1 მილიონი აშშ დოლარის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის, კაპიტალის შევსების დამადასტურებელი ქვითრების, მეწილეების მიერ შედგენილი მითითებული თანხის ფინანსური ნუსხის წარდგენა, რაც კასატორს არ შეუსრულებია. ამდენად, კონტრაჰენტებთან ხელშეკრულებების დადება არ ეფუძნებოდა 05.04.96წ. ხელშეკრულების პირობებს, 08.07.96წ. ხელშეკრულების დადება მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული, 08.07.96წ. ხელშეკრულება არ დადებულა სკ-ს 55-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობის გამოყენებით, რაც დასტურდება ამ ხელშეკრულების პირობებით, 08.07.96წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის გაცემის შეღავათიან პირობებს, კერძოდ, 08.07.96წ. ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე (552500 ლ) არ აკისრებდა სს ”მ-ს” რაიმე საპროცენტო განაკვეთის გადახდას, ხელშეკრულების დადებით სს ”მ-ს” მიეცა კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საავანსო თანხების გაცემის შესაძლებლობა.
საპარტნიორო ფონდის მართვისა და გამოყენების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად ფონდის წარმოშობის წყაროს შეადგენს საქართველოს მთავრობისათვის ევროკავშირის მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული საკვები პროდუქტების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები, ფონდის სახსრების განკარგვისათვის სავალდებულოა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ხელმოწერა, მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის თანხების ზრდის შედეგად მიღეუბლი თანხების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად, ფონდის მეთვალყურეთა საბჭოში გათვალისწინებულია სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობა. სოფლის მეურნებისა და სურსათის სამინისტოს და ფინანსთა სამინისტროს შორის 22.03.96წ. დადებული მემორანდუმის თანახმად, სამინისტროების შეთანხმება 8750000 ლარის განაწილებაზე დამტკიცდა შემფასებელი და დამამტკიცებელი საბჭოს მიერ, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იქნა გადარიცხული, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო კისრულობდნენ პასუხისმგებლობას მემორანდუმში მოცემული პირობების უზრუნველყოფაზე. პასუხისმგებელი საბჭოს თავმჯდომარის, სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის და საქართევლოში ევროგაერთიანების მისიის ხელმძღვანელს შორის საპარტნიორო ფონდების გაცემის თაობაზე 28.03.96წ. შეთანხმებით ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიშიდან 8750000 ლ გადაირიცხა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, 06.10.95წ. მემორანდუმის პირობების შესაბამისად სახსრები უნდა მოხმარებოდა პროექტებს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 22.03.96წ. ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატა არ იყო უფლებამოსილი შეემოწმებია საპარტნიორო ფონდის სესხის გამოყენების მიზნობრიობა და სესხის დაბრუნების მდგომარეობა. ”საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის I-ლი მუხლის თანახმად კონტროლის პალატა ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრების და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას. კანონის მე-7 მუხლის თანახმად კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან. შემოწმება ჩატარდა კონტროლის პალატის 14.12.2000წ. ¹489 ბრძანებისა და პალატის მე-4 დეპარტამენტის უფროსის 13.12.2000წ. ბრძანების, კონტროლის პალატის 2000წ. მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის საფუძველზე, ბრძანებები ითვალისწინებდნენ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა ადგილზე შემოწმებას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება ”საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 43-ე მუხლის დარღვევაზე. უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავის საგანს წარმოადგენდა კონტროლის პალატის 24.12.2000წ. აქტი, სს ”მ-ის” 10.07.01წ. სასარჩელო განცხადება შეიცავდა კონტროლის პალატის მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციაში 30.12.2000წ. გაგზავნილი ინფორმაციის და არა 24.12.2000წ. შემოწმების აქტის ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს ”მ-ის” წარმომადგენელმა ლ. ზ-მ განაცხადა, რომ კონტროლის პალატის აქტის ბათილად ცნობის საკითხი მას არ დაუყენებია სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნები არ შეტანილა სსკ-ს 291-ე მუხლით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.02.03წ. გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარცვევა, რის გამო არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკასაიცო პალატა, კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სსკ-ს 47-ე მუხლის I-ლი ნაწილის საფუძველზე შესაძლებლად თვლის კასატორისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შემცირებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ”მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.02.03წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.