Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-190-კ-03 26 სექტემბერი 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: აღსრულების და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2000წ. 10 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” დირექტორმა ი. ჭ-ემ მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს-მცხეთის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ისა და ჯ. მ-ის მიმართ და მოითხოვა აღსრულებისა და იძულებითი აუქციონის უკანონოდ ცნობა, აუქციონის შედეგების გაუქმება და გასხვისებული სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “მალაქიტის” სარჩელი და მოპასუხე გლდანის სახელმწიფო მეურნეობას დაეკისრა მის სასარგებლოდ 3900 ლიტრი დიზელის საწვავის ან მისი საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, ასევე 252 კგ. პოლიპროპილენის კანაფის ღირებულების 1300 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ე. ა-ეს, რომელმაც გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება დაყადაღების შემდეგ გაიტანა აუქციონზე და გაყიდა. მოსარჩელის მითითებით აღმასრულებელმა დაარღვია “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. აუქციონი ჩაატარა მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გარეშე, რაც სავალდებულოა აღნიშნული პროცედურის ჩატარებისთვის.

მოპასუხემ, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიულმა ორგანომ – მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიურომ არ სცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამავე დროს მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიურომ, ჯ. მ-მა და რ. ხ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს სასამართლოს მიერ შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” საწესდებო კაპიტალიდან იმ ქონების ამორიცხვა, რომელიც სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებულ იქნა და იგი შპს-ს საწესდებო კაპიტალში ამის შემდეგ იქნა შეტანილი. შესაბამისად ამ ქონებაზე მითითებით მოხდა მისი, როგორც შპს-ს რეგისტრაციაში გატარება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მოქალაქეებმა ნ. მ-ემ და ნ. ტ-მა და მოითხოვეს საქმეში მესამე პირად ჩაბმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე იმ მოტივით, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ჩატარებულ აუქციონზე, რა დროსაც გაიყიდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანები. ზემოაღნიშნული მანქანები სწორედ მათ შეიძინეს და რადგანაც ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა აუქციონის შედეგების გაუქმება იყო, შეიძლება მათი უფლებები სამომავლოდ შელახულიყო.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნ. ტ-ი და ნ. მ-ე საქმეში ჩააბა მე-3 პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ასევე უარი ეთქვათ მცხეთა-თიანეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ეს და ჯ. მ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ა-ემ დააყადაღა და გაყიდა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება, ამასთანავე ამის შესახებ აცნობა მცხეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს, ვონაიდან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო ქონებას. აუქციონის ჩატარების თაობაზე ასევე ცნობილ იყო გლდანის მეურნეობის დირექტორისათვის ი. ჭ-ისათვის. ი. ჭ-ის მტკიცება იმის შესახებ, რომ სააღსრულებლო ბიუროს აუქციონის შესახებ უნდა ეცნობებინა შპს “მეცხოველეობის სარეპქოდუქტორო საწარმო გლდანის” დამფუძნებელ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან სასამართლოს 1999წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თანხის ანაზღაურება დაეკისრა გლდანის სახელმწიფო მეურნეობას და არა შპს “გლდანს”, რომელიც მხოლოდ 2000წ. 17 თებერვალს დარეგისტრირდა.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ი. ჭ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ დაყადაღების აქტის შინაარს არ გასცნობია. მოსარჩელე ი. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა 1999წ. 1 ოქტომბრის მდგომარეობით აქტი, რომელშიც მისივე განმარტებით დაფიქსირებულია გლდანის სახელმწიფო მეურნეობის შენობა-ნაგებობათა და მანქანა-დანადგარების საწყისი გასაყიდი ფასი. ეს ის დოკუმენტია, რისი მეშვეობითაც მოსარჩელე ი. ჭ-ემ განსაზღვრა აუქციონზე გაყიდული მანქანა-ობიექტების რეალური ფასი და მთავარ მტკიცებულებად დაურთო სარჩელს ჩატარებული აუქციონის გაუქმების თაობაზე. აქტი შედგენილ იქნა მთავარი ბუღალტერის კ-ის მიერ, მასზე ხელს აწერენ კომისიის წევრები: კ-ი, რ-ე, რ-ი, გ-ი, პროცესზე მოწმედ გამოძახებულმა კ-მა არ დაადასტურა მის მიერ აქტის შედგენის ფაქტი, ხოლო აქტზე ხელის მომწერმა პირებმა რ-ემ და კ-მა, განმარტეს, რომ აღნიშნულ აქტზე მათი ხელმოწერა არ იყო.

ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, სასამართომ აღნიშნული აქტი მტკიცებულებად არ ჩათვალა და ვინაიდან ეს აქტი წარმოადგენდა მოსარჩელის მთავარ მტკიცებულებას, რომელზეც ამყარებდა თავის მოთხოვნას, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მცხეთა-თიანეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ის და მ-ის შეგებებული სარჩელი, ვინაიდან მხარეებმა ვერ წარმოადგინეს იმის მტკიცებულება, თუ რეალურად რა ქონებაზე დაფუძნდა შპს “გლდანი” და შესაბამისად, რა ქონების ამორიცხვაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს მისი საწესდებო კაპიტალიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანმა” და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და მოპასუხეებზე: რ. ხ-ეზე, ჯ. მ-ზე, ნ. მ-ზე და ნ. ტ-ზე გადაცემული ქონების დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია, როგორც მატერიალური, ისე სსკ-ს მოთხოვნები. არ მისცა სწორი შეფასება წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ფიქტიურად გაფორმებულ აუქციონს წინ არ უძღოდა აუდიტის მიერ ქონების შეფასება, შპს “გ.” სადურგლო და ბლოკის საამქრო გაყიდულად გაფორმებოდა 2000წ. 25 თებერვალს, ხოლო ამ ნაგებობათა სააუდიტო შეფასება დათარიღებულია 2000წ. 12 აპრილით, დანარჩენ ქონებაზე აუდიტის შეფასება გაფორმებულია აქტით, რომელსაც თარიღი არ გააჩნია. ფიქტიური აუქციონის მეშვეობით 27997 ლარად ღირებული სახელმწიფო ქონება 4 277 ლარადაა დატაცებული. აღმასრულებლის მიერ დაირღვა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე, 68-ე 69-ე, 70-ე, 71-ე, 77-ე მუხლები. რაიონულმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და საქმეში არ ჩართო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, რომლის მიერაც იქნა დაფუძნებული შპს “გლდანი” და რომლის ქონების 100% მის საკუთრებას წარმოადგენს.

თბილისის საოლქო სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით საქმის განხილვაში მესამე პირად იქნა ჩაბმული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და აღნიშნულის გამო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო “გლდანის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მის ქონებაზე აღსრულება, 2000წ. 25 თებერვლის აუქციონის, 2000წ. 14 მარტის აუქციონისა და 2000წ. 23 მაისის აუქციონის შედეგები. ასევე დაევალათ მოპასუხეებს დაებრუნებინათ მათ მიერ აუქციონის შედეგად მიღებული ქონება. მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიუროს, ჯ. მ-ისა და რ. ხ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 67-ე, 71-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ მოვალე არ დასწრებია აღსრულების მიმდინარეობას, არ გაცნობია აღსრულების დოკუმენტებს, არ მიუღია წინადადება 5 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, არ ჩაბარებია აღსრულების შესახებ უწყება სკ-ით დადგენილი წესით. მოვალე არ დასწრებია ქონების დაყადაღებას და არ მოუწერია ქონების დაყადაღების შესახებ აქტზე ხელი. იძულებითი ქონების გაყიდვისას არ ყოფილა დაცული სკ-ს 301-ე და 305-ე მუხლის მოთხოვნები, განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ არ აკმაყოფილებდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნებს, განცხადებაში არ იქნა მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე და მისი მისამართი, სასამართლო აღმასრულების გვარი და სახელი, აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, უძრავი ქონების საწყისი ფასი, უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ხ-ემ და ჯ. მ-მა და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელე შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” დირექტორის ი. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონების დაყადაღების ფაქტი ცნობილი იყო ი. ჭ-ისათვის, რომელსაც დაყადაღების აქტზე ხელი აქვს მოწერილი და ქონება ჩაბარდა შესანახად. შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” დირექტორის ი. ჭ-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სახელმწიფო მეურნეობის ქონების შეფასების აქტი, რომლითაც, ი. ჭ-ის განმარტებით მოხდა საზოადოების საწესდებო კაპიტალის შეფასება და რეგისტრაცია, ყალბი დოკუმენტია, რადგან მასზე თავიანთი ხელმოწერები უარყვეს მოწმეებმა. სააპელაციო სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა იმის შესახებ, რომ შპს-ს რეგისტრაციამდე დაყადაღებული და აუქციონზე გატანილი გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება შეტანილი იქნა შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორი საწარმო გლდანის” საწესდებო კაპიტალში.

კასატორები მიუთითებდნენ, რომ 2000წ. 25 თებერვალს შემდგარი აუქციონი არ ჩატარებულა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 67-ე, 72-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. მათი აზრით, რომ ი. ჭ-ე ხელოვნურად ზრდის ქონების ღირებულებას. გაურკვეველია შპს “გლდანის” მეწარმედ რეგისტრაციის დროს თუ არსებობდა ქონების შეფასება. შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანს” შექმნილი აქვს ყალბი დოკუმენტები და შპს-ს არანაირი ქონება არ გააჩნია.

კასატორები ასევე მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ საოლქო სასამართლო გასცდა სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნებს, მთლიანად გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის შეგებებული სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებაც და ისე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია შეგებებული სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები თავიანთ მოთხოვნებს აფუძნებენ შემდეგ გარემოებებზე:

_ არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა ქონებრივი შენატანებით დაფუძნდა შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანი”;

_ არ არსებობს მტკიცებულება, რომ შპს “გლდანის” საწესდებო კაპიტალში შესულია 2000წ. 10 და 11 თებერვალს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება;

_ არ არსებობს მტკიცებულება, რომ თითქოს და აუქციონზე გაიყიდა შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანის” კუთვნილი ქონება;

_ სააღსრულებო ბიუროს მიერ არ დარღვეულა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნები;

_ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მათ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და შეგებებული სარჩელის არდაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველზე და მტკიცებულებებზე სააპელაციო სასამართლოს აღარ მიუთითებია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მცხეთა-თიანეთის სააღსრულებლო ბიურომ და შპს “მალაქიტმა”, რომელებმაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იმავე საფუძვლებით, რომლებიც თავის საკასაციო საჩივარში მიუთითეს რ. ხ-ემ და ჯ. მ-მა და დამატებით აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებაში არ არის ზუსტად განსაზღვრული მისი აღსრულების წესი და რიგი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენელი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ხ-ის, ჯ. მაჭავარიანის, მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიუროსა და შპს “მალაქიტის” საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმეზე სრულყოფილად ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ეწინააღმდეგება სარეზოლუციო ნაწილის, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მცხეთა-თიანეთის სააღსრულებლო ბიუროს, რ. ხ-ეს და ჯ. მ-ს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და რომელიც ამ უკანასკნელთ არ გაუსაჩივრებიათ, ძალაში უნდა იქნეს დატოვებული. სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით სასამართლომ გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, ხოლო მე-4 პუნქტით კი მცხეთა-თიანეთის რაიონის სააღსრულებლო ბიუროს, რ. ხ-ისა და ჯ. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები: შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ისე ეთქვა უარი, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია შეგებებულ სარჩელზე და გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რა გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ ნ. მ-ეს და ნ. ტ-ს დააკისრა მათ მიერ აუქციონზე ნაყიდი ავტომანქანების უკან დაბრუნება, მოიხსენია რა ისინი სარეზოლუციო ნაწილში მოპასუხეებად, თუმცა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს უკანასკნელნი მოპასუხეებად იქნენ ჩაბმულნი, საქმეში არ მოიპოვება. 2003წ. 11 მარტის სხდომის ოქმში ისინი მესამე პირებად არიან მითითებულნი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს და არა მე-3 პირს, ამ უკანასკნელის პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე დაუშვებელია მისთვის რაიმე ქმედების განხორციელების დაკისრება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელისათვის, როდესაც იგი ნ. ტ-ისა და ნ. მ-ისაგან ითხოვდა ავტომანქანების დაბრუნებას, უნდა შეეთავაზებინა საქმეში ამ უკანასკნელთა მოპასუხეთა სტატუსით ჩაბმა, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნას კონკრეტულად მათ საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვა წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ტ-სა და ნ. მ-ეს არ მიეცათ მათი უფლებების სრული მოცულობით დაცვის შესაძლებლობა. ისინი სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებად უნდა ჩააბას საქმეში და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს გლდანის სახელმწიფო მეურნეობის შპს “მეცხოველეობის სარეპროდუქტორო საწარმო გლდანად” გარდაქმნისას ამ უკანასკნელის საწესდებო კაპიტალში შევიდა თუ არა სადავო შენობა ნაგებობები და სხვა ქონება, რომელიც აუქციონის წესით იქნა გასხვისებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის განსაზღვრული, თუ ვის უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეებისაგან და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ქონება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ხ-ის, ჯ. მ-ის, მცხეთა-თიანეთის სააღსრულებლო ბიუროსა და შპს “მალაქიტის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.