Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-191-კ-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 7 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხის სს ”თბილისის ნავთობპროდუქტის” მიმართ სარჩელი აღძრა და ფულადი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ფინანსთა სამინისტროს ჩათვლების კომისიის 1997წ. 31 დეკემბრის ¹02-05/1370 წერილის საფუძველზე (დავალიანებათა ურთიერთჩათვლის შესახებ) სს ”თბილისის ნავთოდპროდუქტს” ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა საგადასახადო ინსპექციის მატერიალური წახალისებისა და უზრუნველყოფის ფონდის კუთვნილი 305000 ლარი.

1999წ. 4 თებერვალს სახელმწიფო საგადასახადო დეპატამენტსა და სს ”თბილისის ნავთოდპროდუქტს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სს ”თბილნავთოდპროუდქტმა” ვალდებულება აიღო 2000წ. 1 იანვრამდე გრაფიკის მიხედვით დაეფარა დავალიანება 305000 ლარი, ხოლო დავალიანების დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით 0,2%-ის გადახდა დაეკისრებოდა.

2000წ. 1 ივნისის ჩათვლით მოპასუხის დავალიანებამ საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ 915.860 ლარი, მათ შორის ჯარიმა 610.860 ლარი შეადგინა.

ვინაიდან, დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა, საგადასახადო დეპარტამენტმა სს ”თბილისის ნავთობპროდუქტს” დავალიანების დაფარვის მოთხოვნით რამდენჯერმე წერილობით მიმართა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 915.860 ლარის დაკისრება და გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.

სს “თბილისის ნავთობპროდუქტმა” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანება მათ დაუკითხავად, კერძოდ 1997წ. 31 დეკემბრის ჩათვლების საფუძველზე არის წარმოშობილი. ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩათვლა გაკეთებულია ისე, რომ წინასწარი შეთანხმება საგადასახადო დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროსა და სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” შორის და სათანადო ხელშეკრულებანი არ არსებობდა. ჩათვლა გაკეთებულია ცალმხრივად, დამატებითი ღირებულების გადასახადში. Aამასთან ჩათვლის გაკეთებიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროდან მათ არა აქვთ მიღებული სპეციალური დოკუმენტაცია. 1998წ. ივნისში მათ ტელეფონით ეცნობათ მისულიყვნენ საგადასახადო დეპარტამენტში, სადაც იძულებულნი იყვნენ გაეკეთებინათ ურთიერთშეთანხმება, ხოლო შვიდი თვის შემდეგ ასევე იძულებული გახდნენ დაედოთ ვალის გადახდის ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 28 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ხაზინო სამსახური და ქ. თბილისის მერია ჩააბა.

2002წ. 26 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლომ ადგილზე თათბირით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ფინანსთა სამინისტროთი შეცვალა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სს ”თბილისის ნავთობპროდუქტს” ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სასარგებლოდ 915.860 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999წ. 4 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება 2001წ. 1 იანვრამდე დაეფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება 305000 ლარი, თავისი სამართლებრივი ბუნებით ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენდა (სკ-ს 341-ე მუხლი).

სასამართლო კოლეგია დადგენილად თვლის, რომ 1999წ. 4 თებერვლის ვალის აღიარების ხელშეკრულებაში მოპასუხის მიერ აღიარებული დავალიანების წარმოშობის საფუძველი მხარეთა შორის განხორციელებული ურთიერთჩათვლაა. კერძოდ, ჩათვლები სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1997წ. 31 ივნისის ¹02-1/01-17 წერილის საფუძველზე განხორციელდა. განხორციელებულ ჩათვლას ასევე საფუძვლად დაედო მსხვილგადამხდელთა ინსპექციის 1997წ. 30 დეკემბრის ¹11-06/233 წერილი, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სს ”თბილისის ნავთობპროდუქტს” 1997წ. 30 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება დღგ-ში 305000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული წერილების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ჩათვლების კომისიის 1997წ. 31 დეკემბრის ¹02-05/170 წერილის თანახმად, დავალიანებათა ურთიერთჩათვლის შესახებ სს ”თბილისის ნავთობპროდუქტს” 305000 ლარი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადახდილად ჩაეთვალა.

2003წ. 9 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სს “თბილნავთობპროდუქტის” ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, რომელიც ამავე სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის შუამდგომლობით დაკმაყოფილებულ იქნა.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს ”თბილნავთობპროდუქტმა” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 1997წ. 31 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს ჩათვლების კომისიის ¹02-05/1370 წერილის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა, რომლითაც სს ”თბილისის ნავთობპროდუქტს” დღგ-ში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაეთვალა 305000 ლარი, განხორციელდა ცალმხრივად, ფინანსთა სამინისტროსა და სს ”თბილნათვობპროდუქტს” შორის არსებული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე.

კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება საქმეში არსებულ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს 2001წ. 5 იანვრით დათარიღებულ შუალედურ აქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს ”თბილისის ნავთობპროდუქტის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები და კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის 1999წ. 4 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით ვალის არსებობის აღიარება მოხდა, რადგან ის სკ-ს 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის გაფორმებული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 311-ე მუხლის მიხედვით, ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყო. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალი დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის არსებობის აღიარების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხარის მიერ მარტოოდენ ნების გამოვლენა, აუცილებელია ისიც, რომ რეალურად ადგილი ჰქონდეს ვალის გადახდის დაპირებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სს ”თბილისის ნავთობპროდუქტის” მიერ 1994წ. 4 თებერვლის ხელშეკრულებაში გამოიხატა, რომლითაც ამ უკანასკნელმა ვალდებულება აიღო 2000წ. 1 იანვრამდე თანდართული გრაფიკის მიხედვით დაეფარა დავალიანება 305000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მის მიმართ განხორციელებული ისეთი იძულებითი მოქმედებანი, რომლებიც სკ-ს 87-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის პოზიცია ხელშეკრულების იძულებით დადების თაობაზე. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ გასულია სკ-ს 89-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999წ. 4 თებერვლის ხელშეკრულებაში მხარეებმა დავალიანების დაფარვის გრაფიკის დარღვევისათვის განსაზღვრეს პირგასამტეხლო და ვინაიდან კასატორმა დაარღვია დავალიანების გადახდის ვადა, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოთხოვნაც პირგასამტეხლოს 610860 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, მითუმეტეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა კასატორის მიერ სადავო არ გამხდარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ”თბილნავთობპროდუქტის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. კასატორს სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.