Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-193-კ-03 1 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების სადავო რედაქციის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; 670 კვ. მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეზე დამაგრება; სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება აღნიშნულთან დაკავშირებით; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 9 თებერვალს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და 2000წ. 20 თებერვალს გაცემული საკადასტრო რუკის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

შეგებებული სარჩელის საგანი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილების ბათილად ცნობა;L ქ. თბილისის მერიის 1997 წლის 14 მაისის ¹42 განკარგულების, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 9 თებერვალს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და 2000 წლის 20 თებერვალს გაცემული საკადასტრო რუკის კანონიერად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 29 დეკემბერს ც. ზ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირებად კი სარჩელში მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტსა და გ. მ-ზე.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.33.1237 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება, დაკმაყოფილდა დაბა წყნეთის გამგეობის შუამდგომლობა წყნეთში მცხოვრები ლ. ჯ-ის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და დაუმაგრდა მას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გადატანით გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი ... ქ. ¹4 და ¹6 საკურორტო სამმართველოს აგარაკებს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილებით მიიღო მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და დაკმაყოფილდა დაბა წყნეთის გამგეობის შუამდგომლობა წყნეთში მცხოვრები ც. ზ-ის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და მას დაუმაგრდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გადატანით გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი ... ქ. ¹2 და ¹4 სამმართველოს აგარაკებს შორის.

მოსარჩელის განმარტებით, 1996წ. 28 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ¹06.32.306 დადგენილებით გააუქმა თავისი 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.33.1237 დადგენილება და დაევალა დაბა წყნეთის გამგეობის თავმჯდომარეს არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კაბინეტის უახლოეს სხდომაზე წარმოედგინა წინადადება ლ. ჯ-ისათვის სანაცვლო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. 137-ე პედკოლექტივის განცხადების საფუძველზე 1997წ. 27 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა მიიღო თავისი 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.33.1237 დადგენილების გაუქმების თაობაზე ¹07.65.381 დადგენილება, რომლითაც აღდგა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.33.1237 დადგენილება დაბა წყნეთში ლ. ჯ-ისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის დანიშნულებით მიწის ნაკვეთის დამაგრების თაობაზე და ძალადაკარგულად ჩაითვალა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 28 მარტის ¹06.32.306 დადგენილება მისი გაუქმების შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997წ. 14 მაისს ქ. თბილისის მერმა მიიღო ¹42 განკარგულება “დაბა წყნეთში, ... ქ. ¹4-სა და ¹6 შორის არსებული მიწის ნაკვეთის დამაგრების თაობაზე მუნიციპლიტეტის კაბინეტის 1997წ. 27 მარტის ¹07.65.381 დადგენილების გაუქმების შესახებ”. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად: “ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1997 წ. 30 აპრილის ¹184 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 28 მარტის ¹07.65.381 დადგენილება და აღდგა 1996წ. ¹06.32.306 დადგენილება ლ. ჯ-ისათვის დაბა წყნეთში მიწის ნაკვეთის დამაგრების თაობაზე 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.33.1237 დადგენილების გაუქმების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის მიერ იმავე თარიღით და იმავე ნომრით გამოიცა 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების მეორე რედაქცია, რომლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის წინადადება: “აგარაკების ნუმერაციისას დოკუმენტში დაშვებული უზუსტობის გამო გაუქმდეს, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება მოსარჩელე ც. ზ-ეზე მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ”. მოსარჩელის მტკიცებით, ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების ჩამატებული რედაქცია უნდა ჩათვლილიყო ბათილად და არ უნდა მისცემოდა იურიდიული მნიშვნელობა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ, ვინაიდან ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოყოფილი 800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილების თანახმად, დაბა წყნეთში, ... ქ. ¹2 და ¹4 საკურორტო სამმართველოს აგარაკებს შორის 130 კვ. მ მომიჯნავე მიწის ნაკვეთი სხვამ დაიკავა, მოსარჩელე თანახმა იყო გადასცემოდა დარჩენილი 670 კვ. მ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების იმ სადავო რედაქციის ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება ც. ზ-ეზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ ... ქ. ¹2 და ¹4 საკურორტო სამმართველოს აგარაკებს შორის.

მოსარჩელემ ასევე ითხოვა ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურისთვის ც. ზ-ეზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის დარჩენილი 670 კვ.მ-ის დამაგრების შესახებ სათანადო დოკუმენტების გაფორმების დავალება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2000წ. 3 იანვრის განჩინებით ც. ზ-ის სარჩელი არ მიიღო წარმოებაში და საქმე განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მესამე პირმა გ. მ-მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მას და მის დას მიწის პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, დაკანონებული ჰქონდათ მთლიანი 2392 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და ისინი იყვნენ მისი კანონიერი მესაკუთრეები.

2000წ. 26 ივლისს მოსარჩელე ც. ზ-ემ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც ითხოვა მესამე პირი გ. მ-ის, ი. მ-ისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოპასუხეებად ჩაბმა; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 9 თებერვალს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაიცა ი. და გ. მ-ების სახელზე; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 20 თებერვალს გ. და ი. მ-ებზე გაცემული საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა სადავო მიწის ნაკვეთზე _ მდებარე დაბა წყნეთში, ...; მოსარჩელემ ასევე ითხოვა ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის 2000წ. 1 თებერვლის ჩანაწერის იმ ნაწილში, რომლითაც მას ჩამოერთვა დაბა წყნეთში, ... მდებარე სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გ. მ-მა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და ც. ზ-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნა რომ, ც. ზ-ის სარჩელი არის უკანონო და მცდარი, შემდეგ გარემოებათა გამო: მერიაში წარდგენილი იქნა დაბა წყნეთში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ყალბი საინვენტარიზაციო გეგმა; სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს; დაშვებული იყო შეცდომა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებებს, რადგან სადავო მიწის ნაკვეთს მ-ების ოჯახი ფლობდა 1962 წლიდან და მითითებული დადგენილების საფუძველზე ექვემდებარებოდა სამართლებრივ რეგისტრაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-მა ითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ც. ზ-ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დაუმაგრდა სადავო მიწის ნაკვეთი. აგრეთვე, ითხოვა ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულებისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ი. და გ. მ-ებზე გაცემული 2000წ. 9 თებერვლის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და 2000წ. 20 იანვრის საკადასტრო რუკის კანონიერად აღიარება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: დაბა წყნეთის გამგეობა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების სადავო (მეორე) რედაქცია ჩამატებული წინადადებებით, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება.

ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 9 თებერვლის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გ. და ი. მ-ებზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და 20.02.2000წ. საკადასტრო რუკა.

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის ც. ზ-ის სახელზე აღრიცხვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში.

გ. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და გ. მ-ებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უსაფუძვლოა რაიონული სასამართლოს მსჯელობა მათი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მათთვის ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის დადგენილების არსებობის შესახებ 1997 წელს. ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულებით გაუქმდა მინიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება, რის გამოც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენაც. ც. ზ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ კი, ითხოვეს მუნიციპალიტეტის კაბინეტის მითითებული დადგენილების ბათილად ცნობა.

აპელანტების განმარტებით, სწორედ ც. ზ-ემ დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის როგორც სამწლიანი, ისე 1997წ. 14 მაისის განკარგულების გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

გ. და ი. მ-ების მტკიცებით, დაბა წყნეთის გამგეობის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ც. ზ-ისათვის დამაგრების საკითხის დაყენებისას შეცდომაში იქნა შეყვანილი მუნიციპალიტეტის კაბინეტი. კერძოდ, წარდგენილი იქნა არასრული, გაყალბებული საინვენტარიზაციო გეგმა, რომ თითქოს სადავო მიწის ნაკვეთი არ იმყოფებოდა მ-ების მფლობელობაში, თითქოს სადავო მიწა წარმოადგენდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გადატანის შემდეგ გამონთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ¹2 და ¹4 საკურორტო სამმართველოს აგარაკებს შორის. ასევე არ იყო შესწავლილი მიწის გეოლოგიური მდგომარეობა სახლის მშენებლობისათვის ვარგისიანობის საკითხზე. არსებული და ცალმხრივი შესწავლის შედეგები საფუძვლად დაედო მუნიცეპალიტეტის კაბინეტის უკანონო დადგენილებას, რაც აპელანტის მოსაზრებით, სამართლიანად გაუქმდა მერიის განკარგულებით.

აპელანტების განმარტებით, ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების ბათილად ცნობით უხეშად დაირღვა მათი ძირითადი კონსტიტუციური უფლება კერძო საკუთრებაზე და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების სადავო რედაქცია ჩამატებული წინადადებებით, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება.

ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 20 იანვრის საკადასტრო რუკა, დაბა წყნეთში ... მდებარე 670 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთის გ. და ი. მ-ების სახელზე აღრიცხვის შესახებ.

სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის ც. ზ-ის სახელზე აღრიცხვისა და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრში შეტანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება ც. ზ-ისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ.

უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების, აგრეთვე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გ. და ი. მ-ების სახელზე გაცემული 2000წ. 9 თებერვლის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და 2000წ. 20 იანვრის საკადასტრო რუკის კანონიერად ცნობის შესახებ.

თბილისის მთავრობას დაევალა დაბა წყნეთში ... მდებარე სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ზ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა მოქმედი სკ-ს 130-ე, 138-ე, 139-ე მუხლები და მხედველობიდან გამორჩა 1507-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, სკ ვრცელდება, მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ხოლო სადავო ურთიერთობები წარმოიშვა მოქმედი სკ-ს ამოქმედებამდე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო როგორც შეგებებული სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, ი. და გ. მ-ების ოჯახისთვის ცნობილი გახდა 09.11.95წ. ¹24.34.1238 დადგენილების არსებობის შესახებ 1997 წელს, რის შესახებაც მიმართეს ქ. თბილისის მერიის ხელმძღვანელობას, რომელმაც დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და 1997წ. 14 მაისს ¹42 განკარგულებით გააუქმა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.11.95წ. ¹24.34.12.1238 დადგენილება. კასატორის განმარტებით, თვით მოსარჩელეები, ი. და გ. მ-ები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილებას გაცნობილნი იყვნენ 1997 წელს, ხოლო შეგებებული სარჩელი შეიტანეს 2000წ. ბოლოს, ანუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ხოლო გ. და ი. მ-ების მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტში არ არსებობდა სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის 14.05.97წ. ¹42 განკარგულებით იგი გაუქმებული იყო. ამდენად, კასატორის მტკიცებით, შეგებებული სარჩელი არ იყო დასაშვები, ვინაიდან, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტში არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეების კანონიერ ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდა მათ უფლებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ი. მ-ებმაც, რომლებმაც ითხოვეს ც. ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნეს, რომ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს მოგვიანებით შეიტანდნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც არ განუხორციელებიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კასატორ ც. ზ-ის საკასაციო საჩივრის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, კასატორების _ ი. და გ. მ-ების _ წარმომადგენელთა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში შეწყდეს საკასაციო წარმოება, ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ არის გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის _ ნების ცალმხრივი გამოვლენა და ფიზიკურ პირ ც. ზ-ესა და ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული გარიგება მიწის ნაკვეთის დამაგრების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ც. ზ-ის საკასაციო საჩივარში არსებულ მითითებას, რომ სასკ-ს 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ-ის შეგებებული სარჩელი სასამართლოს უნდა წარდგენოდა ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში.

აღნიშნულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს გარიგებასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო სამწლიანი ვადა.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ხოლო სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეგებებული სარჩელის ავტორისთვის, გ. მ-ისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილების არსებობის შესახებ ცნობილი კი გახდა 1997 წელს, მას შემდეგ, რაც ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულებით გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება, მაგრამ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლის თანახმად, ი. და გ. მ-ებს სარჩელის უფლება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოეშვათ მას შემდეგ, რაც ც. ზ-ემ 1999წ. 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვა ქ. თბილისის მერიის 1997წ. 14 მაისის ¹42 განკარგულების სადავო რედაქციის ბათილად ცნობა. აღნიშნული სარჩელის შესაბამისად, ი. და გ. მ-ებს წარმოეშვათ შეგებებული სარჩელის აღძვრის უფლებაც, რითაც ისარგებლეს კიდეც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ც. ზ-ის მოსაზრებას, რომ გ. მ-ის შეგებებული სარჩელი ხანდაზმულია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორ ც. ზ-ის მიერ საკასაციო საჩივარში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითება, რადგანაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. მ-ის შეგებებული სარჩელი ეხება არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობას და ამდენად, უსაფუძვლოა კასატორ ც. ზ-ის განმარტება, რომ შეგებებული სარჩელი დასაშვები არ იყო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ ც. ზ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს დაბა წყნეთში, ... მდებარე, სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თბილისის მთავრობისთვის დავალების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგანაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.34.1238 დადგენილება არასწორად ჩათვალა ადმინისტრაციულ აქტად მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას. გარდა ამისა, არც მოსარჩელესა და არც შეგებებული სარჩელის ავტორს მსგავსი მოთხოვნა არ გააჩნდათ.

რაც შეეხება კასატორების _ გ. და ი. მ-ების _ წარმომადგენელთა ა. ა-ისა და ლ. რ-ას განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საკასაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.

სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს მე-7 მუხლის შესაბამისად, ანალოგიის პრინციპით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების _ ი. და გ. მ-ების _ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს მათი საკასაციო წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით, 399-ე, 378-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ც. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს დაბა წყნეთში, ... მდებარე სადავო 670 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თბილისის მთავრობისთვის დავალების ნაწილში;

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. დაკმაყოფილდეს გ. და ი. მ-ების წარმომადგენლების _ ა. ა-ისა და ლ. რ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საკასაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

5. გ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საკასაციო წარმოება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.