Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-197-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და

სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ოზურგეთის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა, კანონიერი უფლებების აღდგენა, შენობის შესყიდვა და უკანონო მფლობელის გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 29 დეკემბერს სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ოზურგეთის” თანამშრომლებმა: გ. გ-ემ, მ. მ-მა, მ. ბ-ემ, ლ. ჩ-ემ, ც. მ-მა, კ. ბ-ემ და ც. ღ-მა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ოზურგეთის რაიონის გამგეობის, ოზურგეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსა და გურიის საოლქო პროკურატურის მიმართ სარჩელი აღძრეს და ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილების ბათილად ცნობა, კანონიერი უფლებების აღდგენა, შენობის შესყიდვა და უკანონო მფლობელის შენობიდან გამოსახლება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:

ისინი ოზურგეთის რაიონის ქალაქვაჭრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ და სამსახურებრივ საქმიანობას ოზურგეთის ქალაქვაჭრობის ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებდნენ. 1994 წელს ქალაქვაჭრობა შემცირებული კადრებით მუშაობდა, რის გამოც შენობის ოთახების უმეტესობა გამოთავისუფლებული იყო, რითაც ისარგებლეს მოპასუხეებმა და უნებართვოდ შეასახლეს გურიის საოლქო პროკურატურა.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილების “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ”, თანდართული დებულების 1.3. პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძლება პრივატიზებულ იქნეს, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება. სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ოზურგეთის” თანამშრომლებს განზრახული ჰქონდათ ქონების შეძენა ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, რის საფუძველზეც 1994წ. დასაწყისში განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონის გამგეობას, რომელმაც 1995წ. 26 ივლისს მიიღო დადგენილება ¹111 სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ოზურგეთის” საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზების შესახებ. ამ დადგენილებით ქალაქვაჭრობის საპრივატიზებო ობიექტებს დაემატა ¹25, ¹30, ¹63, ¹64 მაღაზიები, სასაწყობო-სამაცივრო მეურნეობა და ადმინისტრაციული შენობა, მაგრამ სადავო ადმინისტრაციული შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში არ იქნა შეტანილი. მოულოდნელად რაიონულმა გამგეობამ 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილებით ქალაქვაჭრობის ადმინისტრაციული შენობა ოპერატიული მართვის უფლებით გურიის საოლქო პროკურატურას გადასცა.

მოპასუხე ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო შენობა გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა და ქალაქვაჭრობის გაუქმების შემდეგ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა, ე.ი. მესაკუთრე გახდა გამგეობა. რადგან სადავო ადმინისტრაციული შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში გამგეობას არ შეუტანია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1995წ. 26 ივლისის ¹111 დადგენილება არ აღსრულებულა, მოპასუხის მოსაზრებით, მათ ჰქონდათ ამ შენობის განკარგვის უფლება. გამგეობას შენობა ხელაღებით არ გადაუცია საოლქო პროკურატურისათვის, თავდაპირველად მოხდა ამ საკითხის შეთანხმება საწარმოს მაშინდელ დირექტორთან და შემდეგ ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემა საოლქო პროკურატურისათვის. ოზურგეთის რაიონული გამგეობის მოსაზრებით გამგეობის გასაჩივრებული დადგენილება უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული და კანონიერია. ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან აღნიშნული დადგენილების თაობაზე თავიდანვე იცოდა მოსარჩელეებმა და დღემდე სარჩელი არ შეუტანია.

სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს სადავო შენობის პირდაპირი მიყიდვის უფლება არ განუხორციელებიათ. აღნიშნული კანონი მოქმედებდა 1994წ. 29 მაისიდან 1995წ. 29 მაისამდე. ამის შემდეგ აუქციონისა და კონკურსის წესით დაიწყო სახელმწიფო ქონების შესყიდვები. აქედან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული გამგეობის 1995წ. 26 ივლისის დადგენილება ქალაქვაჭრობის ადმინისტრაციული შენობის თაობაზე თავიდანვე იყო არასწორი და არც აღსრულებულა, რადგან არ შესულა საპრივატიზაციო ნუსხაში. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო მაშინდელ დირექტორთან. მოპასუხის განმარტებით, სადავო შენობა ოზურგეთის რაიონული გამგეობის გამგებლობაში იმყოფებოდა, როგორც მუნიციპალური საკუთრება და ამდენად, გამგეობას მისი განკარგვის სრული უფლებამოსილება გააჩნდა. ამ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ხდებოდა სახელმწიფო ქონების ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემა, რაც განხორციელდა კიდეც. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სადავო დადგენილების მიღებიდან 6 წელია გასული.

სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე გურიის საოლქო პროკურატურამ, რომლის განმარტებით პროკურატურა 1995 წლიდან შენობაშია განთავსებული და ამის შესახებ თავიდანვე იცოდა მოსარჩელეებმა, თუმცა 2002 წლამდე სარჩელი არ შეუტანიათ სასამართლოში. ამდენად, სარჩელი ხანდაზმულია. გამგეობის სადავო დადგენილება საოლქო პროკურატურის მოსაზრებით იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითაა მიღებული და მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ოზურგეთის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებული და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს და ოზურგეთის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა, იმის მხედველობაში მიღებით, თუ რა რაოდენობის ფართს საჭიროებდა გურიის საოლქო პროკურატურა ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რათა მათ მიერ გარემონტებული შენობის ნაწილით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი, ხოლო დანარჩენ ფართში აღდგენილი ყოფილიყო მოსარჩელეთა კანონიერი უფლებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურიის საოლქო პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სსკ-ს 225-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შემოწმების გარეშე გამოიტანა.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სავაჭრო საწარმო “ოზურგეთი” რეგისტრაციაში გატარებული არ ყოფილა. აგრეთვე, რეგიონში განლაგებული ბანკების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, საწარმო “ოზურგეთს” ბანკში ანგარიში გახსნილი არ ჰქონდა. ამდენად, მოსარჩელე ორგანიზაცია შეიქმნა 1994წ. 27 დეკემბრის ¹206 გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ იგი დარჩა ქაღალდზე და არ შეიძლება იურიდიულ პირად ყოფილიყო მიჩნეული.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის საფუძველი და საგანი შეცვალა, რითაც დარღვეულ იქნა სსკ-ს 83-ე და 224-ე მუხლების მოთხოვნები.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ოზურგეთი” ყოფილი ოზურგეთის ქალაქვაჭრობის სამართალმემკვიდრედ არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან 1994წ. 27 ოქტომბრის ¹174 ბრძანებით გაუქმებულ იქნა ოზურგეთის ქალაქვაჭრობა. 1995 წელს შექმნილი სავაჭრო საწარმო “ოზურგეთი” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა და საბანკო ანგარიში ბანკში გახსნილი არ ჰქონია, რის გამოც იგი იურიდიულ პირს არ წარმოადგენდა.

2002წ. 22 ნოემბერს სავაჭრო საწარმო “ოზურგეთმა” ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა სასამართლოში მხარეთა პაექრობის ეტაპზე უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით გურიის საოლქო პროკურატურისა და ოზურგეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ოზურგეთის გამგეობასა და ქონების მართვის სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და 1996წ. 9 ოქტომბერს რაიონული განყოფილების მიერ გაცემულ მოწმობასა და ტექნიკურ პასპორტში ცვლილებების შეტანა დაევალა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო სავაჭრო საწარმო ”ოზურგეთს”, რომელიც ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 1994წ. 27 ოქტომბრის ¹174 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად, უფლება ჰქონდა გამოეხატა თავისი ნება ოზურგეთის ქალაქვაჭრობის ადმინისტრაციული შენობის პრივატიზების შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილების საფუძველზე გაცემულ ოპერატიული მართვის მოწმობასა და ტექნიკურ პასპორტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცვლილებების შეტანაზე მითითება არასწორია, ვინაიდან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გურიის საოლქო პროკურატურამ და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორთა მოსაზრებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება მხოლოდ მათ გაასაჩივრეს. მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლომ კი ნაცვლად იმისა, რომ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები, კიდევ უფრო გააუარესა მათი მდგომარეობა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საუარესოდ შეაბრუნა, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სსკ-ს 225-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად არ გამოუკვლევია, არ შეუმოწმებია და არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები. ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ სავაჭრო საწარმო ”ოზურგეთი” რეგისტრაციაში არ გატარებულა და იურიდიული პირის სტატუსი არ შეუძენია, ხოლო დღეისათვის საერთოდ არ არსებობს.

კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა სარჩელის საფუძველი და საგანი, რითაც დაარღვია სსკ-ს 83-ე და 224-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, იმდენად ბუნდოვანია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომ გაუგებარია საერთოდ რა გადაწყვიტა სასამართლომ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ გურიის საოლქო პროკურატურისა და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი და გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობაა.

საკასაციო სასამართლოსათვის გაურკვეველია, თუ ვისი სარჩელი განიხილა სააპელაციო სასამართლომ. მართალია, აღწერილობით ნაწილში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იხილავს მხოლოდ ფიზიკური პირების სარჩელს, თუმცა ნაწილობრივ ძალაში ტოვებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად ნაწილობრივ კმაყოფილდება სავაჭრო საწარმო ”ოზურგეთის” სარჩელი. საგულისხმოა ისიც, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოსარჩელედ დასახელებულია როგორც სავაჭრო საწარმო ”ოზურგეთი”, ისე ფიზიკური პირები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელმეორედ არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს ვინ არიან მოსარჩელეები და გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, აპელანტების სააპელაციო საჩივრების ფარგლების გადაცილებით, აპელანტების საუარესოდ შეაბრუნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონული გამგეობის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹ 121 დადგენილება ფორმალურად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებული ადმინისტრაციული აქტი და გამგეობას ამ გარემოებათა გამოკვლევა, შეფასება და ახალი აქტის მიღება დაევალა. სააპელაციო სასამართლომ გამგეობის აღნიშნული დადგენილება არსებითად ცნო ბათილად, მიიჩნია რა იგი უკანონოდ, მაშინ, როცა მოსარჩელეებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო აპელანტები ამას არ მოითხოვდნენ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელმეორედ არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიცვას სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და შეამოწმოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრების ფარგლებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს, შეამოწმოს და სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად ცნოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გასარკვევადაც, ხომ არ არის სარჩელი ხანდაზმული.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის ხელმეორედ არსებითად განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ოზურგეთის რაიონული გამგეობის სადავო 1996წ. 2 ოქტომბრის ¹121 დადგენილება თავისი ბუნებით ადმინიტსრაციული აქტია თუ ადმინისტრაციული გარიგება (ანუ ცალმხრივი ნების გამოვლენა), რომლითაც სადავო შენობა ოპერატიული მართვის უფლებით გურიის საოლქო პროკურატურას გადაეცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციული აქტის, თუ ადმინისტრაციული გარიგების მომწესრიგებელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, ასევე, იმ დროს მოქმედი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სამოქალაქო კოდექსი, რომელიც უძრავი ნივთების მიმართ ახალ წესებს ადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გურიის საოლქო პროკურატურისა და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაცილი საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურიის საოლქო პროკურატურისა და სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.