გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-198-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოწინააღმდეგე მხარეებმა (მოსარჩელეებმა) რ. ა-მა, ბ. შ-ემ, გ. ლ-ემ და ბ. ტ-ემ 1999წ. 8 მარტს სარჩელით მიმართეს საჩხერის რაიონის სასამართლოს კასატორ _ სს ”.. ..-ის” მიმართ, მათ სასარგებლოდ კომბინატისათვის 46920 ლარის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელეთა მითითებით მოპასუხე სს ”.. ..” წარმოადგენს ”.. ..-ის” უფლებამონაცვლეს, რომელსაც სოფ. ...ის ტერიტორიაზე გააჩნდა ქვიშის მოსაპოვებელი კარიერი. კარიერის დამუშავების შედეგად დაიმეწყრა სოფ. ... და სხვებთან ერთად დაინგრა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლებიც, რის გამოც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. N¹42 დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელეებმა სს .. ..-დან, როგორც უფლებამონაცვლისაგან, მოითხოვეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საჩხერის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და კასატორ (მოპასუხე) სს ”.. ..-ს” მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ სულ 36092 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოთა მიერ. მოპასუხე სს .. ..-ის შუამდგომლობით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით, ამასთან მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სულ დაეკისრა 36092 აშშ დოლარის ეკვივალენტის ანაზღაურება, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. N¹42 დადგენილებით სახელმწიფომ, როგორც მონოპოლისტმა, იკისრა სოფ. ...ში მეწყერის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო-საკასაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა და სს ”.. ..-ს” რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10615 აშშ დოლარის, ბ. ტ-ის სასარგებლოდ 11323 აშშ დოლარის, შ. შ-ის სასარგებლოდ 7077 აშშ დოლარისა და გ. ლ-ის სასარგებლოდ 7077 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. საბადოთა ჰიდრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური შემსწავლელი პარტიის მიერ შედგენილი იტავაზის ქვიშის საბადოს ¹2 და ¹3 უბნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სოფ. ...ში მომხდარი მეწყერი გამოწვეული იყო ახალი სეისმო-ტექნიკური აქტივობისა და ადამიანის ნაწილობრივი მოქმედების შედეგად. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ სოფ. ...ში მომხდარი მეწყერი ნაწილობრივ .. ..-ის მიერ კარიერის დამუშავების შედეგია. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. ა-ი, ბ. ტ-ე, გ. ლ-ე და ბ. შ-ე წარმოადგენენ მეწყერის შედეგად დაზარალებულ პირებს. კერძოდ მათ დაუზიანდათ სახლები;
2. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილას დასახლების მიზნით, საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაევალა საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობათა მშენებლობისათვის თანხის გამოყოფა. მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ასანაზღაურელმა თანხამ 1998 წლისათვის 42920 ლარი შეადგინა. 1998 წელს არსებული ”.. ..” იმყოფებოდა საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეწყერის დროისათვის არსებული საშენ მასალათა კომბინატის სამართალმემკევიდრეა სს ”.. ..”. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 463-ე მუხლის თანახმად, რადგან მოპასუხე სს ”.. ..-ის” საქმიანობა წარმოადგენდა გარშემო მყოფთათვის მომეტებულ საფრთხეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა სს ”.. ..-ს” უნდა დაეკისროს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს Q”.. ..-მა”, შემდეგი მოტივით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომბინატის გათავისუფლება მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან:
1. კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 394-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან იგი არ იყო გაფრთხილებული 2003წ. 9 იანვრის სასამართლოს სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით;
2. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 394-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. ¹42 დადგენილებისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 463-ე მუხლის შინაარსი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ ამავე კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლები, რომლის თანახმად მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა;
3. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ს 377-ე, 384-ე მუხლების დარღვევით, რადგან სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
სს ”.. ..-ის” საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ”.. ..-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს სსკ-ს 394-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2002წ. 15 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა სს Q”.. ..-ის” წარმომადგენელი, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, საქმის განხილვა გადაიდო 2002წ. 13 ნოემბერს. 2002წ. 13 ნოემბერს კვლავ არ შედგა სასამართლო სხდომა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, თუმცა სხდომაზე გამოცხადდა კასატორის წარმომადგენელი. სხდომა გადაიდო 2002წ. 4 დეკემბერს. 2002წ. 4 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პირველად არ გამოცხადდა კასატორის წარმომადგენელი, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხდომა გადაიდო 2003წ. 9 იანვარს. 2003წ. 9 იანვარს, რომელზედაც გამოტანილი იქნა საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კვლავ არ გამოცხადდა კასატორის წარმომადგენელი. საქმეში, მართალია, წარმოდგენილია სს Q”.. ..-ის” სახელზე გამოწერილი უწყება 2003წ. 9 იანვრის სხდომაზე მხარის მოწვევის შესახებ, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება ამ უწყების სს ”.. ..-სათვის” ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს სსკ-ს 394-ე მუხლის ”ბ”@ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რადგან იმ მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა, რომელიც სასამართლოს მიერ არ ყოფილა მოწვეული სხდომაზე ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, წარმოადგენს არა მარტო გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, არამედ შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოტივიც, თანახმად ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტისა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი წესის დარღვევით, სასამართლო სხდომაზე მხარის მოუწვევლად რაიონულ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა წარმოადგენს უხეშ პროცესუალურ დარღვევას, რადგან ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და სსკ-ს მე-4 მუხლით უზრუნველყოფილ სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის, პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპს და ”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან ყველას აქვს უფლება მისი საქმის სამართლიან და ღია მოსმენაზე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გამოხატონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები, წარმოადგინონ მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო უწყების საფუძველზე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2003წ. 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე კასატორი არ იყო მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამიტომ სს ”.. ..-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 394-ე მუხლის ”ბ@ ქვეპუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ვინაიდან სათანადო წესით სასამართლო სხდომაზე მოწვეული მხარის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანა გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია, ამიტომ საკასაციო პალატა საჭიროდ აღარ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის სხვა მოტივებზე მსჯელობას და თვლის, რომ სარჩელს ხანდაზმულობისა და საფუძვლიანობის საკითხები სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებაში აღნიშნული მითითებების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 394-ე, 412-ე მუხლების, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ”.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.