Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-200-კ-03 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

კომერციული ბანკი ”ო-ის” ლიკვიდატორმა, თ. გ-მა, ვანის რაიონულ სასამართლოში შეიტანა განცხადება გამარტივებული წესით .. ..-სათვის 5051 ლარის დაკისრების შესახებ.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 აპრილის გადახდის ბრძანებით, განცხადება დაკმაყოფილდა. .. ..-ს დაეკისრა 5051 ლარის გადახდა სს კბ ”ო-ის” სასარგებლოდ.

შპს ”.. ..-ის პროტესტის საფუძველზე მოცემული დავა განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით და საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება ვანის რაიონის გამგეობა, როგორც საგარანტიო წერილის გამცემი.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით.

სს კბ ”ო-ის” ლიკვიდატორის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სს კბ ”ო-ის” ლიკვიდატორს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 151 ლარისა და 53 თეთრის გადახდა.

ზემოაღნიშნული განჩინება სს კბ ”ო-ის” მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორს მიაჩნდა, რომ განჩინება იყო უკანონო და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

იმ მოტივით, რომ ”ო-მა” შეტყობინება არ გამოუგზავნა გამგეობას, სასამართლომ გამგეობის მიერ .. ..-ზე გაცემული საგარანტიო წერილი ცნო შეწყვეტილად 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის I წინადადების შესაბამისად, რაც კასატორის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო კრედიტის გაცემიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, საგარანტიო წერილი კი მიუთითებდა, რომ საგარანტიო წერილი მოქმედებდა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულება დღევანდელი მდგომარეობით არ შესრულებულა, კასატორი მიიჩნევდა, რომ საგარანტიო წერილი ჯერ კიდევ ძალაშია, რის გამოც, დაუშვებელი იყო მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

ამასთან, კასატორი აღნიშნავდა, რომ საოლქო სასამართლოს განჩინებით არასწორად იქნა დატოვებული უცვლელად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საოლქო სასამართლოს განჩინებით მათ მოთხოვნას უარი ეთქვა ხანდაზმულობის მოტივით, მაშინ, როდესაც რაიონული სასამართლო უარის თქმის საფუძვლად უთითებდა უსაფუძვლობის მოტივს.

კასატორი ასევე უკანონოდ მიიჩნევდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხს და თვლიდა, რომ აღნიშნულით დაირღვა ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის ”ყ” პუნქტის მოთხოვნები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინების გაუქმებას, ვანის რაიონული გამგეობისათვის ბანკის სასარგებლოდ 5051 ლარის დაკისრებას და ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ყ” პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს კომერციულ ბანკ ”ო-სა” და სააქციო საზოგადოება ,,.. ..-ს” შორის 1996წ. 16 ოქტომბერს დადებულ იქნა ¹5 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 1.2 პუნქტის შესაბამისადაც, კრედიტის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 1997წ. 10 ივლისი.

იმავდროულად 1996 წელს ვანის რაიონის ადგილობრივი გამგეობის მიერ ”ო-ზე” გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი, .. ..-დან 50 ათასი ლარის დაბრუნების თაობაზე.

ასევე უდავოა, რომ ქარხანაზე რიცხული დავალიანების ამოღების მიზნით, ქარხნის ქონება რეალიზებულ იქნა აუქციონზე და წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, რის გამოც, კასატორი ითხოვს, დავალიანების გადახდა მოხდეს გარანტიის გაცემის – გამგეობის, მხრიდან.

საკასაციო სასამართლო ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის მომენტიდან გამომდინარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მართებულად მიიჩნევს ამ უკანასკნელის მხრიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964წ. რედაქციით გამოყენებას.

მითითებული კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, ამ კოდექსის 197-ე, 199-ე, 202-ე და 203-ე მუხლების წესები ვრცელდება გარანტიებზე, რომლებსაც აძლევს ბანკს ერთი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციების დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

203-ე მუხლის შესაბამისად კი, თავდებობა წყდება იმ ვალდებულების შეწყვეტისთანავე, რომელსაც იგი უზრუნველყოფს, თავდებობა აგრეთვე წყდება, თუ კრედიტორი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან სამი თვის განმავლობაში სარჩელს არ წარუდგენს თავდებს. თუ ვალდებულების შესრულების ვადა არ არის მითითებული ან განსაზღვრული მოთხოვნის მომენტით, თავდების პასუხისმგებლობა შეწყდება თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუკი სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, .. ..-სა და ბანკს შორის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1997წ. 10 ივლისით, საიდანაც სამი თვის განმავლობაში ბანკი უფლებამოსილი იყო პრეტენზია წარედგინა გარანტორისათვის, რისი უფლებაც მას არ გამოუყენებია, შესაბამისად თავდებობა ჩაითვალა შეწყვეტილად და კასატორს მოესპო მოთხოვნის უფლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის მცდარ ან არასწორ გამოყენებას, რის გამოც მითითებულ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მითითება ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის ,,ყ” პუნქტზე მართებულია, რის გამოც, ბაჟის ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, ”ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრული ყველა სარჩელზე – გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინრე, კასატორი, როგორც ლიკვიდაციაში მყოფი ბანკი, გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცსო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს კომერციული ბანკი ”ო-ის” ლიკვიდატორის, რ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინება სს კბ ”ო-ისათვის”Q სახელმწიფო ბაჟის 151 ლარისა და 53 თეთრის დაკისრების შესახებ და მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად;

3. სს კბ ”ო-ი” გათავისუფლებულ იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.