¹715აპ 6 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების ა. კ-ის და ა. ლ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
1. ა. კ-ვს, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 დღე და საბოლოოდ ა. კ-ვს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 02 მარტიდან.
2. ა. ლ-ეს, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 15 დეკემბრიდან.
განაჩენით ა. კ-ვს და ა. ლ-ეს მსჯავრი დაედოთ ყაჩაღობისათვის, ე.ი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, იმის მიერ ვინც ორჯერ და მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 15 დეკემბერს ა. ლ-ძე და ა. კ-ვი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. იმყოფებოდნენ რა ---ის გამზირზე, ---ის სახელმწიფო --- ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერეს და ჩაჯდნენ “ოპელ-ვექტრა”-ს მოდელის თეთრი ფერის ავტომანქანაში სახ. ¹--, რომლის მძღოლს ვ. თ-ლს მოსთხოვეს წაეყვანა ისინი სვანეთის უბანში, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ---ის ქუჩის მიახლოებისთანავე, მათ ყაჩაღურად პისტოლეტით, სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით წაართვეს მძღოლს თანხა 50 ლარამდე და 100 ლარად ღირებული ტელეფონის აპარატი “ნოკია-3310”, რის შემდეგადაც გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და მიიმალნენ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ, რომელიც ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განაჩენში, კერძოდ ა. ლ-ეს და ა. კ-ვს მოეხსნათ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ა. ლ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. კ-ვს – 8 წლით და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა ა. ლ-ემ და ა. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც აღნიშნავენ, რომ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნას ცვლილება შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულთათვის შეფარდებული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრების ავტორები ხდიან.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მათთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივრებშია მითითებული და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ლ-ეს და ა. კ-ვს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულების ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და არ არსებობს მათთვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი.
ამავე დროს, პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები:
მსჯავრდებულ ა. კ-ის და ა. ლ-ის დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) სასჯელის ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ა. კ-ის და ა. ლ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვპეუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების ა. ლ-ის და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ა. ლ-ის და ა. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.