716აპ ქ. თბილისი
2 მარტი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით, ზ. ნ-ლს, ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ახმეტის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა ზ. ნ-მა დაუ დგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 5,6 მმ კალიბრიანი შაშხანა საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2005 წლის თებერვალში ზ. ნ-ლი დაუკავშირდა დაუდგენელ ორ პირს და შეთანხმდნენ, რომ ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ახმეტის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ მ. ჩ-ის ოჯახს და დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ფულსა და ძვირფასეულობას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2005 წლის 19 თებერვალს ზ. ნ-ლი შეიარაღდა ზემოხსენებული შაშხანით, დაუდგენელი პირები კი _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით, სამივემ გაიკეთა ნიღაბი და დაახლოებით 20.30 საათზე უკანონოდ შეაღწიეს მ. ჩ-ის ბინაში, სადაც, მ. ჩ-ის გარდა, იმყოფებოდნენ: დედამისი მ. გ-ლი, ნათესავი შ. ჩ-ლი და მეზობელი ც. ყ-ლი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ზ. ნ-მა და მასთან მყოფებმა მ. ჩ-ლს იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, რომელთა მიცემაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ზ. ნ-მა შაშხანა გადასცა მეორე ბოროტმოქმედს, გამოართვა დანა და მათ ერთად დაუწყეს მ. ჩ-ლს ცემა, რის შედეგადაც მას მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება მარჯვენა ---ის მიდამოში. ზ. ნ-მა მ. ჩ-ლს დანით, მარცხენა --- ზედაპირზე მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ზედაპირული ჭრილობების სახით. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა მ. ჩ-ის სახლში დაძებნეს 1 000 აშშ დოლარი და სხვადასხვა ნივთი, რაც გაიტაცეს და დაზარალებულს სულ მიაყენეს 1 000 აშშ დოლარისა და 1 000 ლარის ზიანი.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განაჩენით ზ. ნ-ლი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპყრობილიდან.
რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა მ. ჩ-მა და თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. ღ-მა.
დაზარალებულმა მ. ჩ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლებული ზ. ნ-ის დასჯა კანონის შესაბამისად.
პროკურორმა ლ. ღ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მისთვის საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განაჩენი შეიცვალა: ზ. ნ-ლი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 9 მარტის ჩათვლით; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყება დაკავების მომენტიდან.
კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ნ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ემყარება მხოლოდ დაზარალებულის საეჭვო და არათანამიმდევრულ ჩვენებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით; სასამართლომ უგულვებელყო შემთხვევის თვითმხილველი მოწმის _ ც. ყ-ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მას არ დაუნახავს, როდის ახადა ნიღაბი დაზარალებულმა თავდამსხმელს; ასევე იგნორირებულია მოწმე ი. ა-ის ჩვენება, რომლისთვისაც დაზარალებულს არ უთქვამს, რომ თავდამსხმელთაგან ამოიცნო ზ. ნ-ლი; პალატამ არც კი იმსჯელა იმის თაობაზე, რომ დაზარალებული შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს, რადგან მისი ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს; პალატამ ასევე არ იმსჯელა იმაზე, რომ წინასწარი გამოძიების მასალებში გადასწორებულია თარიღები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი გაყალბებულია, რათა სარწმუნო ყოფილიყო დაზარალებულის ჩვენება; საქმეზე ჩატარებული არაერთი ექსპერტიზით არათუ დადასტურდა, არამედ _ გამოირიცხა მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ფაქტი; განაჩენი დაეყრდნო მოწმეების _ კ. ე-სა და თ. ტ-ის ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებული პირები არიან და მათი ჩვენებები ემყარება დაზარალებულის ჩვენებებს და რაიმე დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ღირებულება არ გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ზ. ნ-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ზ. ნ-ლს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია და უდანაშაულოა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ. ჩ-მა განმარტა, რომ 2005 წლის 19 თებერვალს, საღამოს იმყოფებოდა სახლში, ახმეტის რაიონის სოფელ ---ში. მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ თავისი ძმისშვილი შ. ჩ-ლი და მეზობელი ც. ყ-ლი. მათ თავს დაესხა სამი, ნიღბიანი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ჭიდილისას ნიღაბი მცირედ აეწია და იცნო ზ. ნ-ლი. მ. ჩ-მა ამ უკანასკნელს უთხრა: ,,გიცანი, ამას რატომ მიკეთებო". მეორე თავდამსხმელმა ზ. ნ-ლს მიმართა _ რაღას უყურებ, მოკალიო. დაზარალებულმა მიუთითა, რომ თავდამსხმელებმა სცადეს კიდეც მისთვის დანის დარტყმა, მაგრამ ც. ყ-მა დაიყვირა: ,,ნუ მოკლავთო". ბოროტმოქმედები მოკვლის მუქარით მოითხოვდნენ ფულს. ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ დაზარალებული ტელეფონით დაუკავშირდა ქ. ნაზრანში მყოფ მეუღლეს _ კ. ე-ლს და უამბო მომხდარის შესახებ. ისიც უთხრა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ზ. ნ-ლი იყო. მეუღლემ გააფრთხილა, რომ მის საქართველოში ჩამოსვლამდე ამის შესახებ არ განეცხადებინა. თავის ჩვენებებში მ. ჩ-მა ისიც აღნიშნა, რომ ზ. ნ-ლს ბავშვობიდან იცნობს, ხშირად ხედავდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ იგი ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა (ს.ფ. 209-213).
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ც. ყ-აც. კერძოდ, მან მიუთითა, რომ თავდამსხმელებმა სცადეს, დანა დაერტყათ მ. ჩ-სათვის, რა დროსაც დაიყვირა: ,,ნუ მოკლავთო". ც. ყ-მა ასევე განაცხადა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთ თავდასხმელს მიმართა: ,,შვილო, შენ ხომ გიცნობ, რას მიკეთებო" (ს.ფ. 215-216).
იმავე სასამართლოში მოწმე შ. ჩ-მა განმარტა, რომ დაზარალებულმა, რომელიც თავდამსხმელებს წინააღმდეგობას უწევდა, ერთ-ერთს მიმართა _ გიცანიო. დაბალმა ბოროტმოქმედმა სხვებს უთხრა: ,,მოკალითო". მეორე დღეს მ. ჩ-მა უთხრა, რომ თავდამსხმელთაგან ამოიცნო ზ. ნ-ლი _ მეტსახელად ,,ც---ა" და გააფრთხილა, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა (ს.ფ. 216-220).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ. ტ-მა განმარტა, რომ დაზარალებულიც და მსჯავრდებულიც მისი ნათესავები არიან. მომხდარის დღესვე, დაახლოებით 22 საათზე დაურეკა მ. ჩ-მა და აცნობა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თ. ტ-ლი თავის შვილთან ერთად მაშინვე გაემართა დაზარალებულთან. ამ უკანასკნელმა უამბო, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ჭიდილისას ხელებით იცნო, მასვე ნიღაბი აუწია და იგი ,,ც---ა" აღმოჩნდა (ს.ფ. 220).
მოწმე კ. ე-მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2005 წლის 19 თებერვალს იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ---ის რესპუბლიკაში. ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ _ მ. ჩ-მა და აცნობა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხა სამი პირი, რომელთაგან ჭიდილისას ამოიცნო ზ. ნ---ლი. კ. ე---მა გააფრთხილა მეუღლე, რომ მის საქართველოში დაბრუნებამდე ამის შესახებ არავისთვის ეთქვა. მოწმემ მიუთითა, რომ შეხვდა ზ. ნ---ლს და უთხრა _ ეს რა გააკეთეო, რაზეც მსჯავრდებულმა უპასუხა: ,,მე არ ვყოფილვარო". კ. ე-მა განმარტა, რომ ზ. ნ-ის ხელში უნახავს ,,გეკო" და ,,---ლი" ავტომატი, ამიტომ მიმართა მსჯავრდებულს, ცეცხლსასროლი იარაღები ეჩვენებინა, რასაც ზ. ნ-ლი დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა პირის მეშვეობით აცნობა, რომ ,,იარაღი დაიკარგა" (ს.ფ. 225; 230)
პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსმა ინსპექტორმა ბ. ფ-მა განმარტა, რომ დაზარალებულმა თავისი მეუღლის საქართველოში დაბრუნებამდე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე (ს.ფ. 250).
წინასწარი გამოძიებისას მოწმე ი. ა-მა განმარტა, რომ მ. ჩ-ლი მეზობლად ცხოვრობს. მომხდარის ღამეს გზაზე დაინახა სამი მამაკაცი, რომლებიც ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდნენ. მეორე დღეს შეიტყო მ. ჩ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაიგო, თავდასხმაში მონაწილეობდა ზ. ნ-ლი, მეტსახელად ,,ც---ა". აღნიშნული ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლოს სხდომაზე (ს.ფ. 136-137; 230).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია დადგენილად ზ. ნ-ის მიერ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ხოლო ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ზ. ნ-ლს განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ გარდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.