გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-203-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯელიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 ოქტომბერს, ო. და ნ. კ-ებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინების ბათილად ცნობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა ო. და ნ. კ-ებს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხის – ვ. კ-ას მიწის მიღება-ჩაბარების ¹377 სახელმწიფო აქტიდან სადავო 0,20 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვისა და განმცხადებელთა საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორების _ ო. და ნ. კ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ო. კ-ას სახელზე გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341. უზენაესი სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით, კ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ნ. და ო. კ-ები განმარტავდნენ, რომ ისინი წლების მანძილზე ითხოვდნენ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის გაფორმებას. 1999წ. 6 ივლისს ¹211 წერილის მიხედვით, მიწის მართვის სამმართველო 1999 წელს ავალებდა სოფ. ...ის საკრებულოს განმცხადებელთა კომლისათვის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას. 2001 წელს ზესტაფონის აგრარულ საკითხთა კომისიამ, სოფ. ...ში ადგილზე შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიიჩნია, რომ ნ. კ-ას, კანონის თანახმად უნდა მიეცეს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2001წ. 30 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის სხდომაზე, სოფ. ...ის გამგებელმა წარმოადგინა ო. კ-ას სახელზე 1994წ. 25 ნოემბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341, რომლის შესახებ საქმეში მესამე პირად ჩართულმა ზესტაფონის მიწის მართვის სამმართვლოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქტში შეტანილი მიწის ფართის მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს, რის საფუძველზეც ქუთაისის საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ 2002წ. 23 სექტემბერს მათთვის ცნობილი გახდა სოფ. ...ის ახალი საკრებულოს მიერ ო. და ნ. კ-ების სახელზე რეგისტრირებული ¹341 აქტის აღმოჩენის შესახებ, რომელშიც მსგავსად ვ. კ-ას ¹377 აქტისა, აღრიცხულია სადავო მიწის ნაკვეთი. განმცხადებლების მითითებით ¹341 აქტი გაფორმებულია 1994წ. 25 ნოემბერს, ხოლო ვ. კ-ას სახელზე გაცემული ¹377 აქტი _ 1994წ. 30 ნოემბერს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი იქნა დროებითი კომისია, ხელახლა განხორციელდა სადავო ტერიტორიის აზომვა, შედარება მოხდა აქტებში ფიქსირებულ მონაცემებთან და დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შეადგენდა ნაცვლად 0,15 ჰექტარისა, 0,20ჰა-ს და უკანონოდ ჰქონდა მიკუთვნებული ვ. კ-ას. ასევე დადგინდა, რომ ო. და ნ. კ-ების კომლს პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრულ ნორმამდე აკლია 1240მ2 მიწა.
განმცხადებლების მითითებით, აღნიშნული მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენას შედეგად მოყვებოდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა და სასამართლო არ დაეყრდნობოდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 თებერვლის განჩინებას სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსის 233-235 მუხლების საფუძველზე, მათ მიმართ მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევისა და თვითნებობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინებით ო. და ნ. კ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა რომ ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ წარდგენილი იყო მ. და ო. კ-იას სახელზე გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების დედნები და განიმარტა, რომ ო. კ-ას სახელზე გაცემული აქტი არასრულყოფილია, მასში შეტანილი მიწის ფართის მონაცემები არ შეესაბამება ფაქტიურ მონაცამებს, არაა შევსებული პირველი კატეგორიის კომლისათვის განსაზღვრულ ოდენობამდე და ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ო. კ-ას სახელზე გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341, ამასთან ამ სასამართლო სხდომას ესწრენოდნენ ო. და ნ. კ-ები, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებელთა განმარტება, რომ ¹341 აქტის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2002წ. 23 ოქტომბერს.
სააპელაციო პალატის აზრით, 2001წ. 30 აგვისტოს, განმცხადებელთათვის უკვე ცნობილი იყო ო. კ-ას სახელზე 1994წ. 25 ნოემბერს გაცემული ¹341 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის შესახებ, სასამართლომ იმსჯელა მასზე და სცნო ბათილად. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტითა და მესამე პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ო. და ნ. კ-ებმა და მოითხოვეს განჩინების გაუქმება, ვ. კ-ას სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო ¹377 აქტიდან სადავო 0,20 ჰა მიწის ამორიცხვა და კასატორთა საკუთრებად ცნობა.
კასატორთა მითითებით, ო. კ-ას სახელზე გაფორმებული ¹341 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თაობაზე მათ შეიტყვეს 2002წ. 23 სექტემბერს, აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, გამოიყენებდნენ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი ადასტურებს კასატორთა უდანაშაულობას და გახდებოდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 22 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი. ამდენად, კასატორთა განმარტებით, ოთარ კ-იას სახელზე გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების ¹341 აქტი მათთვის ახალად აღმოჩენილი გარემოებაა.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორებმა წარმოადგინეს ზესტაფონის რაიონის პროკურორის თანაშემწის დ. ჩ-ის მიერ 2003წ. 7 ივლისს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურატურიდან მათთან გადაიგზავნა ნ. კ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ და ტარდება შემოწმება, რის საფუძველზეც კასატორებმა მოითხოვეს საკასაციო წარმოების შეჩერება.
მოწინააღმდეგე მხარეები _ ვ. კ-ა, სოფ. ...ის საკრებულოსა და ზესტაფონის რაიონის მიწის რასურსებისა და მიწის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლები, მიუხედავად დადგენილი წესით არაერთგზის მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ. ამიტომ კ-ების საკასაციო საჩივარი განხილული იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ო. და ნ. კ-ების განცხადებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ასევე გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. და ნ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ო. და ნ. კ-ები სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდნენ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარენოებათა გამო, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდნენ 1994წ. 25 ნოემბერს ო. კ-ას სახელზე გაცემულ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტზე ¹341. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად: “კანონიერ ძალაში შესული გადწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას”.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორებიც არ უარყოფენ, რომ მათ მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული 1994წ. 25 ნოემბერს ო. კ-ას სახელზე გაცემულ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341 წარმოდგენილი იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში საქმის არსებითი განხილვის დროს. სააპელაციო პალატამ იმსჯელა აღნიშნული აქტის შესახებ და 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით (რომლის გაუქმებასაც ითხოვენ კასატორები) ბათილად ცნო იგი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კასატორებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მათ განმარტებას, რომ ¹341 აქტის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2002წ. 22 ოქტომბერს, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹341 სააპელაციო-საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს არათუ უკვე არსებობდა საქმეში, არამედ სააპელაციო სასამართლოში დავის საგანსაც წარმოადგენდა და კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ¹341 აქტი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო სოფ. ...ის საკრებულოსა და ზესტაფონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამმართველოს დაევალა კანონის შესაბამისად ო. კ-ას სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვვეტილებით ბათილად ცნობილი აქტი, საკასაციო პალატის აზრით, პროცესიალურად შეუძლებელია იყოს ახლად აღმოჩენილი გარემოება. ამასთან საყურადღებოა, კასატორები, მართალია, აცხადებდნენ, რომ ¹341 აქტის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლო წესით დავის გადაწყვეტის შემდგომ, 2002წ. 23 ოქტომბრიდან, მაგრამ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულ მიწის მიღება-ჩაბარების ¹341 სახელმწიფო აქტს ხელს აწერს და მიწის ნაკვეთის ჩაბარებას ადასტურებს თავად კასატორი ო. კ-ა.
ამრიგად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინებაზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა, რადგან სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და განმარტა ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტი სამართლებრივად არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და პროცესუალურად ვერც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ იქნება.
საკასაციო პალატის აზრით, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორთა შუამდგომლობა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში ნ. კ-ას მასალებთან დაკავშირებული შემოწმების ჩატარებამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ ამ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სისხლის სამართლის წესით. კასატორთა მიერ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით კი ამ ეტაპზე ჯერ ნ.კ-ას განცხადებასთან დაკავშირებული მოკვლევა ტარდება, რასაც ზემოაღნიშნული 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი საქმის წარმოების შეჩერების პირობად არ ითვალისწინებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, 430-ე; 410-ე მუხლითა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. და ნ. კ-ებს უარი ეთქვათ საკასაციო წარმოების შეჩერებაზე;
2. ო. და ნ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინება;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.