Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-204-კ-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 აპრილის განჩინებით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ა-ის” 1997წ. 3 ნოემბრის ¹53/2-8 რეგისტრაცია გაუქმდა და ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან. შესაბამისად, დაიწყო სპს “ა-ის” სალიკვიდაციო პროცესი.

იმავე სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის განჩინებით მოსარჩელე რ. ჭ-ის წარმომადგენელ კ. ა-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა წარმოება საქმეზე _ მოსარჩელე რ. ჭ-ის წარმომადგენელ კ. ა-ის სარჩელის გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონის განყოფილების უფროს ბ. კ-ის მიმართ, ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2002წ. 18 თებერვალს და 1 მარტს სპს “ა-ის” პარტნიორმა გ. ხ-მა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს და სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ითხოვა ამავე სასამართლოს 2000წ. 12 აპრილისა და 17 ივლისის განჩინებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი გასაჩივრებული განჩინებების მიღების პერიოდში იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაბამისად, მიწვეული არ იყო სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ მან გაიგო 2002წ. თებერვალში და მიმართა კიდეც სასამართლოს განცხადებით.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ხ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება გ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ხ-ის წარმომადგენელ თ. ფ-ის შუამდგომლობა და მოსამართლე ე. ო-ე აცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვიდან. საქმე წარმოებაში მიიღო თერჯოლის რაიონული სასამართლოს მეორე მოსამართლე დ. ღ-ემ. გ. ხ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსამართლე დ. ღ-ის საქმის განხილვიდან აცილებაც. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინებით მოსამართლე დ. ღ-ე აცილებულ იქნა აღნიშნული საქმის განხილვიდან და საქმე გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც მიიჩნია, რომ საქმე აცილებული იყო უკანონოდ და თერჯოლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დ. ღ-ეს უკან დაუბრუნა აღნიშნული საქმე, ამასთან, დაავალა საქმის არსებითად განხილვა. მოცემული საქმე განიხილა ისევ მოსამართლე დ. ღ-ემ და 2002წ. 17 ივლისს გამოიტანა განჩინება, რომლითაც საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ხ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინება და საქმე გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს. სააპელაციო პალატამ განჩინებას საფუძვლად დაუდო სსკ-ს 394-ე მუხლის “ა" პუნქტის მოთხოვნის დარღვევა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონის განყოფილებამ, რომელმაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ, რადგანაც თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმე აცილებული ჰქონდა ამავე სასამართლოს მოსამართლე დ. ღ-ეს, ამიტომ მას აღარ ჰქონდა უფლება განეხილა მოცემული საქმე, თუნდაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს წერილობით დაევალებინა მისთვის აღნიშნული საქმის არსებითად განხილვა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.