Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-205-კ-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საიჯარო თანხის დაკისრება, შენობის განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის ფოთის მრავალდარგოვანმა გაერთიანებამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფოთის მერიასთან არსებული მოსახლეობის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ და მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხის 5041 ლარის და საურავის 500 ლარს, სულ 5541 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 14 იანვარს მოპასუხესთან გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება ¹1 სასადილოს შენობის ერთი წლით მიქირავების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიური ქირა შეადგენდა 198,3 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2001 წელში გადასახდელი 18603 ლარის ნაცვლად მოპასუხემ გადაიხადა 15577 ლარი, ხოლო 2002წ. იანვრიდან აპრილის ჩათვლით 4218 ლარის ნაცვლად 2300 ლარი. 2002 წელს ხელშეკრულება არ განახლებულა და წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად ქირის თანხა არ გადაუხდია მოპასუხეს.

მოსარჩელე ითხოვდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 5041 ლარის და ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავის 500 ლარის, სულ 5541 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საიჯარო ქირის ანაზღაურება მოითხოვა 2002წ. 1 ივლისამდე 7249,48 ლარის ოდენობით და ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი 500 ლარი, სულ 7749,48 ლარი. მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო და საბოლოოდ მოითხოვა 8036 ლარის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ. ფოთის მერიასთან არსებული მოსახლეობის სოციალური დახმარების განყოფილებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების სასარგებლოდ დაეკისრა 5041 ლარი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ფოთის მთავრობამ და ქ. ფოთის სოციალური დაცვის სამსახურმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით ქ. ფოთის მთავრობის და ქ. ფოთის მთავრობის სოციალური დაცვის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს ფოთის მრავალდარგოვან გაერთიანებასა და ფოთის მერიის მოსახლეობის სოციალური დახმარების განყოფილებას შორის 2001წ. 14 იანვარს ერთი წლის ვადით დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, დამქირავებული ვალდებული იყო გამოყოფილ ფართზე და ინვენტარზე 1 წლის განმავლობაში გადაეხადა 5980 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ქირა უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად 1-დან 5 რიცხვამდე, ხოლო ქირის დაგვიანებისათვის უნდა გადაეხადა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ქირის სახით გადახდილი ჰქონდა 17800 ლარი და გადასახდელი ჰქონდა 5041 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თობაზე, რომ ხელშეკრულება არაუფლებამოსილ პირთან იყო გაფორმებული და მიუთითა, რომ ხელშეკრულება შეთანხმებული იყო ქ. ფოთის მერიასთან, რაც დასტურდებოდა, ხელშეკრულების თავფურცელზე დასმული ღერბიანი ბეჭდით და აღნიშვნით, რომ იგი შეთანხმებული იყო ქალაქის მერთან – ა. დარჯანიასთან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ, რომელმაც საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის მრავალდარგოვანი გაერთიანება წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2002წ. 29 იანვრის ¹8 ბრძანების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად იგი ლიკვიდირებულია. მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაარკვია მოსარჩელის უფლებაუნარიანობა. ასევე მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების შესახებ დებულება დამტკიცებულია 1992წ. 16 ივლისის ¹144 განკარგულებით, ნაცვლად მინისტრის ბრძანებისა, რადგან ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, ნორმატიული ხასიათის ზოგადი ქცევის წესს და მინისტრის განკარგულებით დამტკიცებული დებულება ბათილია, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს ფოთის მრავალდარგოვან გაერთიანებას უფლება არ ჰქონდა დაედო ქირავნობის ხელშეკრულება. ქირავქნობის ხელშეკრულება არ ყოფილა დამტკიცებული ფოთის საკრებულოს მიერ, ადგილობრივი თვითმმათველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და იგი ბათილ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სკ-ს 311-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ნივთებზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვინაიდან სადავო შენობა არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ამიტომ ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ ქონების მფლობელია თავდაცვის სამინისტროს მრავალდარგოვანი გაერთიანება და აქედან გამომდინარე, უფლება ჰქონდა დაედო შენობაზე ქირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნავს, რომ “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად თავდაცვის სამინისტროს მის დაქვემდებარებაში არსებული არასამხედრო დანიშნულების ქონების – გაქირავების უფლება ჰქონდა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, ასეთი თანხმობა კი კონკრეტულ შემთხვევაში გაცემული არ ყოფილა.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანების “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გაცემის) წესის შესახებ” მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ქ. ფოთის მოსახლეობის სოციალური დახმარების სამსახურს უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს შენობით, და იგი უფლებამოსილი არ არის გაუქმებულ ორგანიზაციას გადაუხადოს შენობის ქირავნობის თანხა 5041 ლარი.

ქ. ფოთის მთავრობა ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო ორჯერ, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, კასატორი არც ერთხელ არ გამოცხადდა. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოყენებული. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნედა გამოეყენებინა; გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

ქ. ფოთის მთავრობა საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს, სსკ-ს 393-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის მრავალდარგოვანი გაერთიანება რადგან თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2002წ. 29 იანვრის ¹8 ბრძანების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად ლიკვიდირებული იყო, იგი არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა და იგი გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან საქართევლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2002წ. 29 იანვრის ¹8 ბრძანების ”საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002წ. 14 იანვრის ¹8 ბრძანების ”თავდაცვის სამინისტროს ფლობა – სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების, გამოყენების მიზნობრიობისა და მართვის გაუმჯობესების შესახებ” მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული ბრძანებით შექმნილ კომისიებს უნდა მოეხდინათ სამხედრო სახლმმართველობებისა და ვაჭრობის გაერთიანებების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შემდეგ აღრიცხული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების რეგიონალური ბაზებისათვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტებით. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული ბრძანების შესრულებას. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების ლიკვიდაციას და მის ბალანსზე აღრიცხული ქონების ¹3 რეგიონალური ბაზისათვის გადაცემას. უფრო მეტიც, საქმეში არსებული ¹3 რეგიონალური ბაზის 2003წ. 28 იანვრის ¹1 ცნობის თანახმად, ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანება ლაკვიდირებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების დებულება ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით დამტკიცების ნაცვლად, დამტკიცებულია მინისტრის განკარგულებით, რის გამოც ამავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბათილ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ხოლო ბათილი დებულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს ფოთის მრავალდარგოვან გაერთიანებას უფლება არ ჰქონდა დაედო ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დებულება ”საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების შესახებ” დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1992წ. 14 ივლისის ¹144 განკარგულებით, ხოლო ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონი მიღებულია 1996წ. 09 ოქტომბერს, რის გამოც აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვერ გავრცელდება მის ამოქმედებამდე გამოცემულ აქტებზე. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების დებულების კანონიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს მხარეებს შორის 2001წ. 14 იანვრის გაფორმებული ¹1 ხელშეკრულების ბათილობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე ქ. ფოთის მთავრობას შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, ხოლო ის გარემოება, რომ ფოთის მერიის მოსახლეობის სოციალური დახმარების განყოფილება სწორედ ზემოაღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს სასადილო ¹1 შენობას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც (ქირა) ნაწილობრივ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვაჭრობის ფოთის მრავალდარგოვანი გაერთიანების მიმართ აქვს შესრულებული საქმის მასალებით დადასტურებულია და კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 284-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინება;

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.