Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-207-კ-03 28 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 10 სექტემბერს თ. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ...ის მოვალეობის შემსრულებლის გ. ს-ის მიმართ. სასარჩელო განცხადებაში თ. მ-ა აღნიშნავდა, რომ იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მეორე ჯგუფის ინვალიდი, 58 წლის, წოდებით პოლკივნიკი. პენსიაში გავიდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ოპერატიული სამსახურიდან, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა საგანგებო ლეგიონად.

2002წ. 21 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს კადრში ჩარიცხვის თაობაზე, რის უფლებასაც მას ანიჭებდა “ომისა და შეიარაღებული ძალების ვატერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ვეტერანი პენსიონერების შრომით დასაქმებას, კერძოდ, მითითებული მუხლის, შესაბამისად, “ომის ინვალიდობის სამუშაოზე მისაღებად და მათ შესანარჩუნებლად მუშათა რაოდენობის ან შტატების შემცირების დროს ყოველი დარგისათვის წესდება ჯავშანი მუშა-მოსამსახურეთა 2%-ის ფარგლებში. სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებს ევალებათ დაწესებული ჯავშნის ფარგლებში ინვალიდების სამუშაოზე დაუყონებლივ მიღება ან შტატების შემცირების დროს მათი სამუშაოზე დატოვების უპირატესი უფლებების უზრუნველყოფა”.

საგანგებო ლეგიონის ...ის მოვალეობის შემსრულებლის გ. ს-ის 2002წ. 6 სექტემბრის ¹4-3/3330 წერილით თ. მ-ს უარი ეთქვა საგანგებო ლეგიონის კადრში ჩარიცხვაზე. წერილში მითითებულია, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში სამსახურის გავლის წესი და მომსახურეთა სოციალური გარანტები, საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლის შესაბამისად რეგულირდება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო პენსიონერებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მეორე ჯგუფის ინვალიდების საგანგებო ლეგიონის კადრში ჩარიცხვას”.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ წერილში მითითებული განმარტებები უკანონოა, ვინაიდან “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებულია სამხედრო პენსიონერების კადრში ჩარიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა, მოპასუხე _ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს დავალებოდა მისი როგორც ომის ვეტერანის, სამუშაოზე, კერძოდ საგანგებო ლეგიონში გამწესება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტი მიიჩნევდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლი. კერძოდ, რაიონული სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული სიტყვები “ყოველი დარგისთვის წესდება ჯავშანი” არ უნდა ეხებოდეს პოლიციის სამსახურს, რადგან “პოლიციის შესახებ” კანონის იმპერატიული მოთხოვნაა _ “ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა”. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით “ომისა და შეიარაღებლი ძალების ვეტერანთა შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ე.ი. ადგილი აქვს სამართლის ნორმათა კოლიზიას, სკ-ს 2-ე მუხლის მეორე მაწილის Yთანახმად, ერთ და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. რაიონული სასამართლო უპირატესობას ანიჭებს “პოლიციის შესახებ” კანონს, როგორც 1997 წელს მიღებულს. “პოლიციის შესახებ” კანონი, აპელანტის განმარტებით, მიღებულია არა 1997 წელს, არამედ 1993წ. 27 ივლისს, ამდენად მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითეთება მცდარია.

აპელანტი ასევე მიიჩნევდა, რომ მას აქვს შესაძლებლობა წლოვანების მიხედვით სამსახურში მიღების, ვინაიდან “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლის თანახმად, პოლიციის პოლკოვნიკს შს ორგანოებში შეუძლია იმსახუროს 60 წლამდე-გადადგომით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლიდა, რომ მისთვის ზღვრული ასაკი შეადგენდა 60 წელს.

აპელანტი ასევე აღნიშნავდა, რომ შსს-ს სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ, იგი მიჩნეულია მშვიდობიანობის დროს ვარგისად სამხედრო სამსახურისათვის, გარდა სამწყობრო სამსახურისა, რის გამოც, მას უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურში დანიშვნა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელანტის მიერ დაზუსტებული იქნა თავისი მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი _ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს დაევალებოდა მისი სამსახურში მიღების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია რომლითაც უარყოფილი იქნა თ. მ-ის სარჩელი და 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით: 1) თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3) თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოების თანამშრომელთათვის მოცემულ შემთხვევაში (პოლკოვნიკი) გათვალისწინებულია შესაძლებლობა იმსახურონ შს ორგანოებში მხოლოდ 55 წლამდე (თადარიგი), რაც შეეხება ზღვრულ ასაკს – 60 წელს-გადადგომით, სასამართლომ მას გვერდი აუარა. სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული დებულების მე-8 და 61-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი თანამშრომლების 60 წლის ასაკამდე მიღებას, ამით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს-ს 393-ე მუხლის “გ” პუნქტი.

ზემო აღნიშნული მუხლების გარდა, თადარიგში დათხოვნილ პირთა შს ორგანოებში ხელახლა მიღებას ითვალისწინებს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლი. რომელშიც მითითებულია, რომ “შს ორგანოებიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც ჩაირიცხნენ შს კადრის სამხედრო სამსახურში, უფლება აქვთ სამხედრო სამსახური განაგრძნონ ადრე დანიშნული პენსიით, ან უარი განაცხადონ ადრე დანიშნული პენსიის მიღებაზე”

“ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ომის ინვალიდების სამუშაოზე მისაღებად და მათ შესანარჩუნებლად ყოველი დარგისთვის წესდება ჯავშანი მუშა-მოსამსახურეთა ორი პროცენტის ფარგლებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების დროს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ “კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება და ვერც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში განხორციელდა მუშაკთა რაოდენობის შემცირება ან შტატების შემცირება”.

შტატების შემცირება საგანგებო ლეგიონში არ ჩატარებულა. ის ჩატარდა საგადასახადო დეპარტამენტის ოპერეტიულ სამსახურში 2000წ. 25 აგვისტოს. ოპერატიულ სამსახურს შემდგომში დაერქვა საგანგებო ლეგიონი, რომელიც არის ოპერატიული სამსახურის სამართალმემკვიდრე. კასატორის დათხოვნა სამხედრო ძალების თადარიგში მოხდა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2000წ. 25 აგვისტოს ¹პ-682 ბრძანებით. სასამართლო ამ საკითხით არ დაინტერესებულა და არც წერილობითი მტკიცებულება მოუთხოვია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა გაუქმებულიყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულიყო მისი სარჩელი

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. მ-ა წარმოადგენს 58 წელს მიღწეულ პირს, რომელსაც სამხედრო ტრამვა მიღებული აქვს სამაჩაბლოში _ ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში და იღებს პენსიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი.

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ თ. მ-ა პენსიაში გავიდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ოპერატიული სამსახურიდან, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-8 მუხლზე რომლის შესაბამისადაც, შს ორგანოებში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 18 და არა უმეტეს 35 წლისა, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შესძლებს შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

საყურადღებოა, რომ ამავე მუხლის მე-6 აბზაცის შესაბამისად, ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ შს ორგანოებიდან და ახლად იწყებდნენ სამსახურს, განისაზღვრება ამავე დებულების 61-ე მუხლის მოთხოვნებით, ე.ი. კანონმდებელი ხაზგასმას აკეთებს ასაკობრივი ზღვარის აწევის დასაშვებობაზე, ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურიდან დათხოვილი პირების სამსახურში დაბრუნების საკითხსა და პირობებს, დებულება არ ითვალისწინებს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის მხრიდან ადგილი აქვს დებულების ნორმათა აღრევას, კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულების 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლები ითვალისწინებენ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის დათხოვის წესს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული პირების სამსახურში მიღება უნდა მოხდეს ანალოგიური კრიტერიუმებით გათვალისწინებული არ არის, რაც თავის მხრივ, განპირობებულია სამსახურის სპეციფიკითა და თავისებურებებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მხრიდან საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე სადავო არ გამხდარა მისი პენსიაზე გაშვების საკითხის კანონიერება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, კასატორს თავისი მოთხოვნა შეეძლო დაეფუძნებინა ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებზე და საკითხის გადაწყვეტა მოეთხოვა მითითებულ ნორმების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ომის ინვალიდების სამუშაოზე მისაღებად და მათი შენარჩუნებისათვის, მუშაკთა რაოდენობისა და შტატების შემცირების დროს ყოველი დარგისათვის დაწესებულია ჯავშანი მუშა-მოსამსახურეთა ორი პროცენტის ოდენობით” მაგრამ გარდა აღნიშნული კანონისა, მოქმედებს სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლის საფიძველზეც ამა თუ იმ დარგისათვის დაწესებულია დამატებითი მოთხოვნები, როგორსაც მოცემული შემთხვევისათვის წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას პირის პოლიციის რიგებში მიღებისას. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მითითებული არ შეიძლება იქცეს უდავოდ შემზღუდავ გარემოებად უკვე მომუშავე და დასაქმებული პირისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არსებითად სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც, არ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408 მუხლის III ნაწილით, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.