Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-208-კ-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 25 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ. ე-ემ მოპასუხე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სამივლინებო ხარჯების 1192 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების გადახდის დაკისრება.

მოსარჩელე გ. ე-ე თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 5 სექტემბრის ¹118 ბრძანების თანახმად დანიშნული იქნა საქართველო-უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ორგანიზაციული და სადამფუძნებლო დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაოების ჯგუფის ხალმძღვანელად და სამინისტროს 2001წ. 19 ნოემბრის ¹92/კ ბრძანების საფუძველზე 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე მივლინებული იყო ქ. კიევში. მოპასუხის დავალებით შეასრულა ყველა საჭირო სამუშაო, მაგრამ არ მიუღია იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მივლინებაში ყოფნის დროს პირადად მის მიერ იყო დაფარული. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე და შრომის კანონთა კოდექსზე, რომელთა მიხედვითაც მუშა-მოსამსახურეებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამსაქმებლისაგან მათ მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.

მოპასუხის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი ლ. ბ-ი არ დაეთანხმა სარჩელს იმ მოტივით, რომ გ. ერგემლიძე “მოწვევით” დაინიშნა ცენტრის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად და მასზე არ უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებანი, რადგან მასთან არ იყო გაფორმებული ხელშეკრულება და იგი არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. აგრეთვე გ. ე-ის პირად ინტერესებში შედიოდა შპს-ს დაფუძნება, რომელიც არ მოხდა მისივე ბრალით, რადგან არ წარმოუდგენია მასალები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის და არ შეუსრულებია სამინისტროს ¹92/კწ. 5 სექტემბრის ბრძანება, ხოლო 2001წ. 19 ნოემბრის ¹92/კ ბრძანება გაცემულ იქნა იმ მიზნით, რომ მოსარჩელისათვის ადვილი ყოფილიყო საკონსულო ბარიერის გადალახვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობის მოტივით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის განჩინებით მოსარჩელე გ. ე-ის მოთხოვნის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ფინანსთა სამინისტრო.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ე-ის სარჩელი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ე-ე 2001წ. მაისამდე მუშაობდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორად, საიდანაც განთავისუფლებული იქნა პირადი განცხადების საფუძველზე. შემდგომში საქართველო-უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელად მოწვევით დაინიშნა გ. ე-ე. ამავე მიზნით იგი მივლინებული იქნა ქ. კიევში. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ხარჯების ანაზღაურება.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე გ. ე-ე შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა მოპასუხესთან და არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ემ და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა მოპასუხესთან და შესაბამისად, არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. აპელანტი არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს ამ მოსაზრებას და მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმადაც შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამსახურში, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აპელანტმა, სწორედ, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მივლინებულად მიიჩნია თავი და მოითხოვა ხარჯების ანაზღაურება.

მოწინააღმდეგე მხარის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და დამატებით განმარტა, რომ მივლინების ბრძანება ფორმდება დადგენილი წესით და აღნიშნულ შემთხვევაში ასეთი ბრძანების გაფორმებას ადგილი არ ქონია.

მესამე პირის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გ. ღ-ე სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, რადგან სამინისტრო ხარჯებს აანაზღაურებს, როცა მივლინების თაობაზე მისთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა თანხები, რადგან ბრძანებაში ამის შესახებ მითითება არ არსებობდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ე-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოსაზრება და რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გ. ე-ე შრომით ურთიერთობებში არ იყოფებოდა მოპასუხე ორგანიზაციასთან.Y

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად იგი უნდა ჩაითვალოს შტატგარეშე მოსამსახურედ და შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები.

2003წ. 30 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა კასატორმა გ. ე-ემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დავალებით იგი 2001წ. 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე იმყოფებოდა მივლინებით ქ. კიევში. სამივლინებო ხარჯები გაწეული იქნა მის მიერ პირადად, შემდგომში კი სამინისტრომ უარი უთხრა ხარჯების ანაზღაურებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრძანებაში მივლინების შესახებ არ იყო დაფიქსირებული, თუ ვის უნდა აენაზღაურებინა ხარჯები, ასევე უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ იგი არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობებში ზემოაღნიშნულ სამინისტროსთან. პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლს არასწორი შეფასება მისცა და განჩინებაში აღნიშნა, რომ გ. ე-ე დანიშნულ იქნა თანამდებობაზე 26-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო პალატამ, კასატორის აზრით, ასევე არასწორად მიუთითა განჩინებაში იმის თაობაზე, რომ თითქოს დანიშვნის პერიოდში გ. ე-ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მხოლოდ 2002 წელს დაინიშნა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელად.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოიშვა კანონიერი ნდობის უფლება, რის საფუძველსაც ორი წერილობითი ბრძანების არსებობა განაპირობებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა სხდომაზე წარმოდგენილ მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი უნდა ჩაითვალოს შტატგარეშე მოსამსახურედ. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კასატორი იყო დანიშნული ან მოპასუხეს მასთან გაფორმებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ გ. ე-ე არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან და მასზე არ უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 4 აპრილის ¹220 ბრძანებულება ვრცელდება მოსამსახურეებზე, რომელთა კატეგორიას ზემოაღნიშნული გარემოებების გამო კასატორი არ მიეკუთვნება. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 23 თებერვლის ¹67 ბრძანებულების თანახმად, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი ¹220-ე ბრძანებულების მე-5 პუნქტში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქვეყნის გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება (გარდა სახელმწიფო კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) უნდა განხორციელდეს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის საფუძვლად შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება. საკასაციო საჩივარში მითითებული დანიშვნისა და სამივლინებო ბრძანებები არ შეიძლება კანონიერი ნდობის საფუძვლად იქნეს მიჩნეული, რადგან ამ ბრძანებაში კონკრეტულად სამივლინებო თანხის გადახდის თაობაზე არაფერი არ არის აღნიშნული, თავად გ. ე-ე კი არ ყოფილა სათანადო წესით დანიშნული რაიმე თანამდებობაზე მოპასუხე ორგანიზაციაში და არც სამსახურებრივი ხელშეკრულება ყოფილა მასთან გაფორმებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ კასატორს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონიერი ნდობის უფლება არ წარმოშობია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გ. ე-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.