გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-209-კ-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ქალაქ თელავის გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 მარტს ი. მუმლაურმა თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ქ. თელავის გამგეობის მიმართ და ქ. თელავის გამგეობის 2000წ. 30 ნოემბრის ¹85 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით მას საცხოვრებელი სართულის დასავლეთ კედელში მოწყობილი ფანჯრის ხილვადობის შეზღუდვის მიზნით მინის ბლოკის ამოშენება დაევალა. გადაწყვეტილების მესამე პუნქტით კი ნახევარ სარდაფის საცხოვრებელ ფართში გადაყვანაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ დამტკიცებული პროექტის მიხედვით ფართობი გათვალისწინებულია, როგორც ნახევარსარდაფი.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ. თელავის გამგეობის მიერ სადავო საკითხის განხილვა მისი დასწრების გარეშე მოხდა. ამასთან სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ შეუტყობინებიათ. მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებულია საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული ადრე მოქმედი ზღვრული ნორმები, აგრეთვე ყველა უპროექტო და პროექტიდან გადახვევით წარმოებული მშენებლობა, რომელიც არ არღვევს ქალაქის განაშენიანებას, არ ზღუდავს სხვა მოქალაქის უფლებას და ა.შ. კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ე.წ. ნახევარსარდაფის სიმაღლე 2მ-სა და 50 სმ-ს შეადგენს, რაც საცხოვრებელი ფართის ნორმას შეესაბამება.
2001წ. 24 აპრილის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ ადგილზე თათბირის შედეგად ო. ე-ი მესამე პირად ჩართო.
2001წ. 27 აპრილის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ლ-მა მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოპასუხე მხარის _ ქ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან ახლობლური დამოკიდებულების გამო საქმის განხილვას ჩამოცილდა.
2001წ. 4 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე თვითაცილება განაცხადა მოსამართლე გ. გ-მა იმ საფუძვლით, რომ მის წარმოებაში იმყოფებოდა სამოქალაქო საქმე ი. მ-ის სარჩელისა გამო ო. ე-ის მიმართ და ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელი ი. მ-ის მიმართ სამეზობლო დავის შესახებ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, მიწის ნაკვეთი მაპაპისეულ ნაკვეთში მას 1969 წელს გამოუყვეს. ამავე წელს აიღო საცხოვრებელი სახლის პროექტი, სადაც დასავლეთის მხარეს ოთხი ფანჯარაა აღნიშნული. სახლის დასავლეთ მხარეს კედელში ფანჯრების გამოყოფაზე მას ნოტარიულად დამოწმებული ნებართვა გააჩნია. დასავლეთის მხრიდან მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს მეზობლის, ო. ე-ის მიერ აგებული 4 მეტრიანი კედელი აბნელებს, რომელიც საცხოვრებელი სახლიდან სამოცდაათი სმ-ითაა დაშორებული. აპელანტმა არასწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. მ-ს სარჩელი სასამართლოში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აქვს წარდგენილი. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია სანეპიდსადგურის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ი. მ-ის საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად ყველა პირობას აკმაყოფილებს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა დავის საგანი დააკონკრეტა და საბოლოოდ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი. მუმლაურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა. ი. მუმლაურის სარჩელი მაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თელავის გამგეობის 2000წ. 30 ნოემბრის ¹85-ე გადაწყვეტილების 1-ლი და მესამე პუნქტები და ქ. თელავის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თელავის გამგეობის 2000წ. 30 ნოემბრის ¹85 გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 პუნქტები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებული, ბათილად უნდა ი. ცნობილი და ქ. თელავის გამგეობას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ე-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ო. ე-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არამართებული გამოყენებითა და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად “თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.”
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თელავის გამგეობის 2000წ. 30 ნოემბრის სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ქ. თელავის გამგეობასთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის 2000წ. 28 ნოემბრის დასკვნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამგეობამ კომისია შექმნა და საკითხი გამოიკვლია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება. კერძოდ, თუ სააპელაციო სასამართლო ქ. თელავის გამგეობის 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვს შეიტანდა, მას სრული უფლება გააჩნდა დაეკითხა ქ. თელავის გამგეობასთან არსებული საუწყებათშორისო კომისიის წევრები, რომელთა მიერ გაკეთებული დასკვნაც დაედო საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებას ან კიდევ მოეხდინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გამოთხოვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ილუშა მუმლაურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიყალბის თაობაზე, რადგან სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. ასეთი განჩინებები ი. მუმლაურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.