3გ-ად-210-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოწინააღმდეგე მხარე მ. ჩ-ემ 2002წ. 12 აპრილს სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე (კასატორ) თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მიუთითა, რომ 1998 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სამხედრო კათედრაზე .......-ად, როგორც სამოქალაქო პირმა. 1999წ. 9 ნოემბრის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ¹1114 ბრძანების თანახმად, იგი გაიწვიეს შეიარაღებული ძალების რიგებში და როგორც ზ/რიგითი, დაინიშნა ....... თანამდებობაზე. თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 12 ივნისის ¹1321 ბრძანებით, მ. ჩ-ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, გაყვანილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში და დაევალა მოვალეობის შესრულება იგივე თანამდებობაზე. ამავე სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სამხედრო კათედრის ........ მოვალეობის შემსრულებელი მ. ჩ-ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ამოირიცხა პირადი შემადგენლობის სიიდან, მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან და ჩაირიცხა რეზერვში თანახმად “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა, რის შესახებაც სამხედრო კათედრას ეცნობა 2002წ. 18 მარტს.
მ. ჩ-ემ სარჩელით მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის ¹1321 და ¹3547 ბრძანებების გაუქმება, შეიარაღებული ძალების რიგებში ზ/რიგითად, ........ თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, 2001წ. 4 სექტემბრიდან ყოველთვიური ულუფის 59 ლარის ანაზღაურება და 1999წ. ნოემბრიდან მისაღები კუთვნილი სამოსელის ღირებულების ანაზღაურება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იგი აღდგენილი იქნა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ....... თანამდებობაზე; თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ჩ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან _ 2001წ. 29 დეკემბრიდან, ასევე 1999-2000 წლებში მიუღებელი კვების თანხის _ 139 ლარისა და 07 თეთრის, სანივთო ქონების საფასურის _ 406 ლარისა და 08 თეთრის ანაზღაურება; გაუქმდა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება, უარი ეთქვა მ. ჩ-ეს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2001წ. 12 ივნისის ¹1321 ბრძანების გაუქმებაზე, ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების პირველი და მესამე ნაწილების გაუქმება.
თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო მ. ჩ-ემ და შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2001წ. 12 ივნისის ¹1321 ბრძანების გაუქმებაზე ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება, თავდაცვის სამინისტროს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 50,55 ლარისა და სასურსათო ულუფის 177 ლარის ოდენობით გადახდევინება, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსის 2001წ. 12 ივნისის ბრძანებით სამხედრო მოსამსახურე მ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და დაევალა მოვალეობის შესრულება იგივე თანამდებობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე მ. ჩ-ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ამოირიცხა პირადი შემადგენლობის სიებიდან, მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან და ჩაირიცხა რეზერვში საქართველოს კანონის “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 12 ივნისის ¹1321 ბრძანების გაუქმების შესახებ მ. ჩ-ის მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევაზე, ვინაიდან საქმეში არსებული სასარჩელო განცხადებით დასტურდება გასაჩივრებული ბრძანების მ. ჩ-ისათვის 2001წ. 20 ივნისს ჩაბარების ფაქტი, ხოლო სარჩელი აღძრული იქნა 2002წ. 12 აპრილს, შრომითი დავებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მასზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა, რადგან თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 12 ივნისის ¹1321 ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც სკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, მიმართულია სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, რის გამოც აღნიშნული ბრძანების მიმართ ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადის გამოყენება სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მ. ჩ-ის გათავისუფლებისას დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით მუშაკს ორი თვით ადრე უნდა ეცნობოს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. გასაჩივრებული ¹3547 ბრძანების მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის დათხოვნის საფუძველია თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი არ იქნა წერილობითი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მ. ჩ-ე გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება მ. ჩ-ეს ჩაბარდა 2002წ. 18 მარტს, სარჩელი კი წარდგენილი იქნა 2002წ. 12 აპრილს, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვით. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 2001წ. 27 აპრილის ¹1/1/624 წერილით ¹22/166-52 შტატში ცვლილებების შეტანის ნუსხა.
რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება, თუმცა გაუქმებას ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორმა მიიჩნია უსაფუძვლოდ, იურიდიულად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, რადგან კასატორის მითითებით, 2003წ. 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება დათარიღებულია 2002წ. 21 თებერვლით. გადაწყვეტილების მეორე ნაწილით, თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა მეოთხე ნაწილით ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება და თავდაცვის სამინისტროს ისევ დაეკისრა მ. ჩ-ის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის მიერ მითითებული საფუძვლებით შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი თავდაცვის სამინისტრო თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ გამოიტანა 2003წ. 21 თებერვალს, ხოლო მათთვის გადაცემული გადაწყვეტილება დათარიღებულია 2002წ. 21 თებერვლით. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივს ვერ გაიზიარებს, რადგან გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად 2002წ. 21 თებერვლის მითითება, ნაცვლად 2003წ. 21 თებერვლისა პალატის აზრით, ტექნიკური შეცდომაა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს.
უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მეორე მოტივს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, მართალია, მითითებულია რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მე-4 პუნქტით თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 29 დეკემბრის ¹3547 ბრძანება კვლავ ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს ისევ დაეკისრა მ. ჩ-ის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. კასატორის აზრით, გაურკვეველია თუ რას გულისხმობდა სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში.
საკასაციო პალატა, როგორც ითქვა, კასაციის აღნიშნულ საფუძველს ვერ გაიზიარებს და განუმარტავს კასატორს, რადგან იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო პალატამ არასწორი მოტივაციის გამო გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამიტომ მართებულია სააპელაციო პალატის მითითება თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივად არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ამასთან კასატორი სსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად, არ უთითებს სააპელაციო პალატის სხვა დარღვევებზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა, ან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან არასწორად განმარტა კანონი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია. ამიტომ საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ დააკმაყოფილებს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.