3გ-ად-211-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გარიგების დადებულად ცნობა და თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს-მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს სოფ. .......-ის ........ სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მიმართ და მოითხოვა მასსა და ...... მუზეუმის დირექტორს შორის 1988 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მუზეუმისათვის 26262 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის ....... ძიძის – მ. ს-ის მემკვიდრე, რომელსაც სხვა მემკვიდრეებთან ერთად სოფ. ......-ში ჰქონდა მამა-პაპისეული სახლ-კარი, მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული. 1957 წლიდან რაიონის კულტურის განყოფილება წინადადებას აძლევდა სახლის მუზეუმისათვის გადაცემის, შესახებ სათანადო კომპენსაციით. 1988 წელს მასსა და მუზეუმის დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული სახლი გადაეცა მეზეუმს, ხოლო მუზეუმს უნდა გადაეხადა 12000 მანეთი. მან თავის მხრივ შეასრულა ხელშეკრულება და გადასცა სახლი მუზეუმს, მაგრამ მისი ღირებულება დღემდე არ მიუღია. სახლის ღირებულების მისაღებად იგი საჩივრებით მიმართავდა სხვადსხვა ორგანოებს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩართული იქნენ საჩხერის რაიონის გამგეობა, საჩხერის რაიონის კულტურის განყოფილება და საჩხერის რაიონის საფინანსო განყოფილება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 1988წ. ხელშეკრულება რეგისტრაციაში არ გატარებულა და სანოტარო წესით არ დამოწმებუოლა. ს-ს დღემდე აწერია სახლი პირად საკუთრებაში და საეზოვე მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ ოდენობით, რასაც ფაქტიურად ფლობს კოდეც. არავითარი სახლი მუზეუმს არ გადასცემია და მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, ამიტომ ხელშეკრულებას იურდიული ძალა არ გააჩნია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ასევე მიუთითეს, რომ გ. ს-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტიებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული წესით განსახილველად. საქმე აცილების წესით განიხილა ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის განჩინებით.
სააპელაციო სასამრთლომ თავისი განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძვნა. სკ-ს (1964წ.) 239-ე მუხლის თანახმად აუცილებელი იყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარება სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში 3 თვის ვადაში. აღნიშნული მუხლის მოთხოვნა არ შესრულებულა, რის გამოც სადავო ხელშეკრულება არ მიიჩნია დადებულად. ასევე მიუთითა, რომ გ. ს-ის სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან ხელშეკრულება გაფორმდა 1988 წელს და მოსარჩელეს 2001წ. მარტამდე თავისი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრით გ. ს-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტიებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით.
1988წ. 5 ოქტომბერს მასსა და საჩხერის რაიონის ....... მუზეუმის დირქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადასტურებულია ღერბიანი ბეჭდით, რის შემდეგაც მან შეასრულა თავისი ვალდებულება. სახლი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი გაშენებული კულტურული მცენერეებით გადასცა მუზეუმის დირექტორს. რის შემდეგაც მუზეუმი სარგებლობს როგორც სახლით ისე მიწის ნაკვეთით.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დავა ხანდაზმულად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო რომ იგი თანხის მიღების მოთხოვნით მიმართავდა როგორც სასამართლოს ისე ადმინისტრაციულ ორგანოებს. საჩხერის რაიონის გამგებლის წერილით დადასტურებული იყო, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, მაგრამ ბიუჯეტის გათვალისწინებით თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდათ.
საკასაციო სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა კასატორი. გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები. გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა გამოთქვეს საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა სსკ-ს 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება.
გ. ს-ი საკასაციო განცხადებით ითხოვს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელით დაკმაყოფილებას, კერძოდ, მასსა და საჩხერის ....... სახელობის მუზეუმს შორის 1988 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას და მუზეუმისათვის 26262 ლარის დაკისრებას, რის გამოც ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სკ-ს 1507-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. სკ-ს ნორმები.
საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას გივი ს-ის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს, რომ 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრება სამი წლით, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. გ. ს-ის სასარჩელო განცხადებით და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 1988წ. ნასყიდობის ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის-თანხის გადაუხდელობის შესახებ გ. ს-ისათვის იმ თავითვე ცნობილი იყო და აღნიშნულის თაობაზე იგი დროდადრო მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოებს დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ მას თავისი უფლების დასაცავად სარჩელი არ აღუძრავს სასამართლოში, რის გამოც გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სკ-ს 79-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ სასარჩელი ხანდაზმულობა გამოყენებული უნდა იქნეს მხარეთა განცხადების მიუხედავად. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.