Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბას-98-286-კ-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, მშენებლობის შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ. მ-ის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ლ. მ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მისი შედეგებით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სოფ. .... მდებარე მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად გამგეობის მხრიდან დაპირებისა ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 2000 წელში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოცვლის წესით საკარმიდამო მიწის ნაკვეთად გამოუყვია ლ. მ-ისათვის, რომელმაც სახლის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გამგეობის მოქმედება უკანონო იყო, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის მიწას და მისი საკარმიდამო ნაკვეთად გაცემა დაუშვებელი იყო.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს: ლ. მ-ეს საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 0.15 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მოქცეული იყო ქ. ბათუმის აეროპორტის განაშენიანების პერსპექტიულ ზოლში, ხასიათდებოდა სამხედრო დანიშნულების სტრატეგიულ მიწის ნაკვეთად, რის გამოც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა არ მიეცა. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ციტრუსებით განაშენიანებულს. გამგეობამ გაითვალისწინა მ-ის თხოვნა და მოცვლის წესით, ციტრუსებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე გამოუყო მე-3 ბრიგადის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მ-ემ მიიღო სახლის მშენებლობის ნებართვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად იცნო, რომ ლ. მ-ეს 1994 წლიდან საკარმიდამოდ გამოყოფილი ჰქონდა და სარგებლობდა 0,15 ჰა, რომელზედაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ შეიძლებოდა, რადგან საკარმიდამო განთავსებული იყო აეროპორტის განაშენიანების ზოლის მიწაზე. ლ. მგზავრიძის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურების დასკვნებისა და ნებართვით მოხდა მიწის ნაკვეთის მოცვლა იმ მოტივით, რომ ლ. მ-ის 4 სულიან ოჯახს შესაძლებლობა მისცემოდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. გაცვლილობის შედეგად ლ. მ-ემ სახელმწიფოს ჩააბარა მასზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და მიიღო იმავე ოდენობის ნაკვეთი, რომელზეც სათანადო ნებართვის შედეგად დაიწყო სახლის მშენებლობა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აბესლამიძის მოთხოვნა და განმარტა, რომ მისი განცხადება სადაო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე, ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა გონიოს ჯიშთსაშენ მეურნეობას, რომელსაც ქვეიჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ლ. მ-ესთან და 30 წლის განმავლობაში იგი სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით და მიიჩნია, რომ ლ. მ-ეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობით არ დარღვეულა ა. ა-ის უფლებები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. მ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა კანონის დარღვევით. მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ჯერ იმსჯელა ხელვაჩაურის რაიონულმა გამგეობამ 1999 წელს, ხოლო შემდეგ 2000წ. 17 იანვარს კახაბრის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიამ, როდესაც კანონი სხვა ფორმით აწესრიგებს სადავო საკითხებს. მიაჩნია, რომ .... თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია, ოქმი არ შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების მნიშვნელობის.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის მიწას, რომელიც მოქცეული იყო სასაზღვრო ზოლის 21 კმ-ის სივრცეში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 29 თებერვლის ¹815 დადგენილების თანახმად სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის სივრცეში განთავსებულ მიწებზე მოქმედებს განსაკუთრებული კანონი. კერძოდ, მიწის გაცემის საკითხი ადგილობრივი მმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა დაემტკიცებინა აჭარის მინისტრთა საბჭოს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია, გამოყოფილი და მოცვლილი მიწის კანონიერება და არ უმსჯელია რომელი კანონის საფუძველზე მიიჩნია ლ. მ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფა კანონიერად. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლოში ა. ა-ის საკასაციო საჩივრის განხილვა ორჯერ იყო დანიშნული, რის შესახებაც მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინება, მაგრამ სასამართლოს არ მიუღია დასტური შეტყობიების მხარეთათვის ჩაბარების თაობაზე, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას საკასაციო საჩივარი განიხილოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორმა თანხმობა გამოთქვა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განეხილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის მოპტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის «ა” და 394-ე მუხლის «ე” პუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ა. ა-ე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა ორ გარემოებაზე.

1. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას უფლება არ ჰქონდა მეცხოველეობის «ჯ.” მეურნეობის ¹... ბრიგადის ტერიტორია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის მიწას, საკარმიდამო მიწის ნაკვეთად გამოეყო ლ. მ-ისათვის.

2. გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა 21-კმ-იან სასაზღვრო ზოლში და მისი გამოყოფის შესახებ გამგეობის გადაწყვეტილება უნდა დაემტკიცებია მინისტრთა კაბინეტს.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში იმსჯელა ა. ა-ის მოთხოვნის მხოლოდ ერთ საფუძველზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას უფლება ჰქონდა მონაცვლეობის გზით, სახელმწიფო ფონდის მიწის ნაკვეთი საკარმიდამოდ გამოეყო ლ. მ-ისათვის.

საკასაციო სასამთროლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსასაზრება განსახილველ დავასთან მიმართებაში გასაზიარებელი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხოლოდ ამ საფუძვლით მოითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ვინაიდან ა. ა-ე მიუთითებდა მეორე მოტივზეც, ამიტომ სააპელაციო სასამართოს უნდა გაერკვია, ლ. მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გადაცემული მიწის ნაკვეთი ხომ არ მდებერეობდა 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში და მისი გამოყოფა შეიძლება თუ არა საკარმიდამო მიწის ნაკვეთად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტისა და «სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებაში მითითებული გარემოებების გასარკვევად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.