Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-100-288-კ-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტებისა და დადგენილებების ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 11 დეკემბერს შ. ჩ-მა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მისი ოჯახი სოფ.გონიოში ცხოვრობდა. შვილი – ვ. ჩ-ი 1996 წელს ცალკე კომლად გამოეყო, მაგრამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გააჩნდა. შ. ჩ-ის კომლი კი მცირემიწიანი იყო, რისთვისაც მამა-შვილმა .... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას მიმართა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, რის საფუძველზეც .... თემის საკრებულოს გამგებელმა ვალდებულება აიღო 2001წ. 1 აპრილამდე მამა-შვილისათვის სოფ.... ზღვრული ნორმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი გამოეყო. ზემოაღნიშნული განჩინება ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 22 ივლისს აღსრულდა. შ. ჩ-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,07 ჰა-თი შეევსო, ხოლო ვატანგ ჩიქოვანს სოფ..... 0,25 ჰა მიეზომა. მაგრამ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ და ამავე რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა გააჭიანურეს.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი დროულად გაეცათ, რადგან სასამართლოს განჩინება და აღსრულების აქტი კანონიერ ძალაში იყო შესული და მათ მისი შეცვლის უფლება არ ჰქონდათ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით საქმეში ვ. ჩიქოვანი იქნა ჩაბმული.

2002წ. 29 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხ. ქ-ემ სარჩელი აღძრა და იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც ვ. და შ. ჩ-ებს მიწის ნაკვეთი მიუზომეს.

ხ. ქ-ემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი სოფ..... 1993 წლიდან იყო ცალკე კომლად აღრიცხული, ვ. ჩ-ი კი 1996 წლიდან, რის გამოც სოფ..... მცხოვრებ შ. და ვ. ჩ-ებთან შედარებით მას მიწის მიღების უპირატესი უფლება ჰქონდა.

მოსარჩელე ხ. ქ-ის მოსაზრებით, .... თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2000წ. 23 მაისის ოქმი ¹3, 2001წ. 22 ივლისის მიზომვის აქტი, 2001წ. 23 ივლისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი უკანონო იყო, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე აღნიშნული უფლებამოსილება არ გააჩნდა. ხ. ქ-ე ასევე აღნიშნავდა, რომ 2000წ. 23 მაისს მიღებული სარეფორმო კომისიის ¹3 ოქმის დედანი და ამონაწერი ერთი და იგივე შინაარსის არ იყო. გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმი კი არასრულყოფილი და გადასწორებული იყო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით შ. და ვ. ჩ-ების სარჩელი მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, აგრეთვე, ხ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების: გონიოს თემის საკრებულოს, შ. და ვ. ჩ-ების მიმართ, აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, ერთ სასარჩელო წარმოებად გაერთიანდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით .... თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000წ. 23 მაისის ¹3 ოქმი და 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმი თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი. გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიას დაევალა სოფ..... ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო წესით განეხილა და გადაეწყვიტა როგორც ხ. ქ-ის, ისე ვ. და შ. ჩ-ების საკარმიდამო მიწით დაკმაყოფილების საკითხი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შ. და ვ. ჩ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილება და ხ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აპელანტებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:

ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, მათი კომლები მიწით დაკმაყოფილებას ექვემებარებოდნენ, რომლის შესახებაც გონიოს თემის საკრებულომ და მიწის სარეფორმო კომისიამ იმსჯელეს კიდეც.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებაზე ხ. ქ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა იმგვარად, რომ .... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას ადმინისტრაციული აქტის მიღება დავალებოდა, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის სოფ.კვარიათში ,,მაღაზიის ზემოთ მდებარე ციტრუსების ნარგავებიანი სადავო მიწის ნაკვეთი» საკუთრებაში ხ. ქ-ეს გადაეცემოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით შ. და ვ. ჩ-ების სააპელაციო საჩივარი და ხ. ქ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმის კომისიის 2000წ. 23 მაისის ოქმი ვ. ჩ-ისათვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, აგრეთვე 2001წ. 22 ივლისს შედგენილი მიწის მიზომვის აქტი უცვლელად დარჩა. Gგაუქმდა შ. ჩ-ისათვის .... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001წ. 28 ივლისის სხდომის ¹5 ოქმი და 2001წ. 22 ივლისის მიწის მიზომვის აქტი. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. ... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა სარეფორმო მიწის ფონდიდან შ. ჩ-ზე და ხ. ქ-ეზე მიწის შევსებისა და გამოყოფის საკითხი გადაეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით ხ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

საკასაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001წ. 22 ივლისის აქტზე, რომლითაც ვ. ჩ-ს სოფ.... საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოეყო, არ იმსჯელა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები დაარღვია.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით შ. და ვ. ჩ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა შ. ჩ-ზე გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001წ. 22 ივლისის საკარმიდამო მიწის მიზომვის აქტი. გაუქმდა ვ. ჩ-ზე .... თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2001წ. 22 ივლისის საკარმიდამო მიწის მიზომვის აქტი და 23 ივლისის საკარმიდამო მიწის გამოყოფის აქტი. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა მასზე საკარმიდამო მიწის სასამართლოს მიერ გამოყოფის მოთხოვნაზე. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა ასევე .... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000წ. 23 მაისის ¹3 ოქმისა და 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმის გაუქმებაზე. ... თემის საკრებულოს დაევალა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ჩაატაროს თემის საკრებულოს სხდომა და 2000წ. 23 მაისის ¹3 და 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმებით მიღებული დადგენილებების შესაბამისად გადაწყვიტოს ვ. და შ. ჩ-ებზე საკარმიდამო მიწის მიზომვის საკითხი. განემარტა ხ. ქ-ეს, რომ საკარმიდამო მიწის მიღების საკითხზე უნდა მიმართოს .... თემის საკრებულოს, რომელიც ვალდებულია განიხილოს ხ. ქ-ისათვის მიწის გამოყოფის საკითხი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000წ. 23 მაისის ¹3 და 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმებით მიღებული დადგენილებები შ. და ვ. ჩ-ების განცხადებების განხილვის თაობაზე სავსებით კანონიერი იყო, რადგან სხდომაზე მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს, რომლითაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება ვ. და შ. ჩ-ებმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს. მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. და შ. ჩ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:

შ. და ვ. ჩ-ებს ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდათ განცხადება შეტანილი ხელვაჩაურის რაიონის მიწის სარეფორმო კომისიაში საკარმიდამო მიწის მიღების მოთხოვნით. შ. ჩ-ი მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსებას, ხოლო ვ. ჩ-ი მიწის ნაკვეთის სრული ოდენობით მიღებას ითხოვდა. აღნიშნული საკითხი პირველად გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწის კომისიის სხდომაზე იქნა განხილული, რომლის 2003წ. 23 მაისის ¹3 ოქმითაც დასტურდება, რომ მიზანშეწონილად ჩაითვალა ვ. და შ. ჩ-ებზე .... თემის საკრებულოს ¹... ბრიგადაში საკარმიდამო მიწის გამოყოფა და შევსება.

საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარეს ზ. კ-ეს საკრებულოს სხდომაზე სადავო საკითხი არ გადაუწყვეტია, რის გამოც შ. ჩ-მა სასამართლოს მიმართა. 2001წ. 27 თებერვალს მხარეები საბოლოოდ მორიგდნენ და საკრებულოს თავმჯდომარემ სადავო საკითხის გადაწყვეტა ივალდებულა. Aაღნიშნული მორიგება სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააღსრულებო წარმოება დღეისათვის დამთავრებული არ არის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არ აღსრულებულა.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000წ. 23 მაისის ¹3 და 2001წ. 28 ივლისის ¹5 ოქმებით მიღებული დადგენილებები შ. და ვ. ჩ-ების განცხადებების თაობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით არ განხილულა. ამასთან, ოქმების სისწორე ... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის სხდომის ზონარგაყრილი წიგნების დათვალიერებითაც დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. და შ. ჩ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.