Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-102-289-კ-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საჯარო ინფორმაციის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 ოქტომბერს საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა «ს.» სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგი მოტივით მოითხოვა ქუთაისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება:

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი «ს.» 2002წ. სექტემბრიდან ახორციელებს კოალიციურ პროექტს «განათლება კორუფციის გარეშე», რომელიც მიზნად ისახავს ქ. ქუთაისის განათლების სისტემაში არსებული კორუფციის კონკრეტული ფაქტების გამოვლენა-ფიქსაციას, შესწავლას და პროფილაქტიკისათვის აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის შემუშავებული იქნა სპეციალური კითხვარი თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით ჯგუფმა 2002წ. 13 სექტემბერს მიმართა ქ. ქუთაისის ¹... საშუალო სკოლის დირექტორს ნ.ლ-ეს, რომელმაც ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, რითაც მოსარჩელის აზრით, დირექტორმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, მე-40 მუხლების მოთხოვნები ინფორმაციის მიღების თავისუფლების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის «ს.» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლის დირექტორს ნ.ლ-ეს დაევალა საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა, გარდა კითხვარის მე-3, 8, 9, 10, 12 პუნქტებში მითითებული პერსონალური ინფორმაციისა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა «ს.» და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის «ს.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის «ს.» სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლის დირექტორს შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა: კლასკომპლექტების რაოდენობა და კლასების მიხედვით მოსწავლის სახელი, გვარი, მამის სახელი და დაბადების თარიღი; სკოლის რომელიმე ფართის იჯარით გაცემის შემთხვევაში დამქირავებელი იურიდიული პირის სახელწოდება, მისამართი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი; სკოლაში საგანმანათლებლო სპორტული წრის ან სტანდარტის ზემოთ სწავლების შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდება, მისამართი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი; 2001-2002 წლებში მიღებული პედაგოგების რაოდენობა, სახელი, გვარი, სპეციალობა. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლით დარჩა უცვლელი:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კითხვარის მე-3, მე-8, მე-9, მე-10, მე-12 პუნქტებში დასმული საკითხები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 28-ე მუხლების, 37-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ, პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა და საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ეს ინფორმაცია. აღნიშნული განეკუთვნება ისეთ ინფორმაციას, რომლისთვისაც საჭირო არ არის პირთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რადგან არ შეიცავს პირად საიდუმლოებას. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ¹.... საშუალო სკოლის დირექტორის უარი ინფორმაციის გაცემაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ნ» პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დაცული, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის მიხედვით, პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ¹.... საშუალო სკოლა ვალდებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, განმცხადებლისათვის ინფორამციის გაცემაზე უარი დაუყოვნებლივ ეცნობებინა წერილობით და 3 დღის ვადაში ასეე წერილობით განემარტა განმცხადებლისათვის მისი უფლებები და გასაჩივრების წესი. ამასთან უნდა მიეთითებინა ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას, რაც არ იქნა დაცული მოპასუხის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹.... სკოლის დირექტორმა ნ.ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის «ს.» კითხვარის მე-3, მე-8, მე-9ა, მე-10 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე შემდეგი მოტივით უარის თქმა:

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულად და მიუთითა, რომ ინფორმაცია, რომლის გაცემაც მას დაევალა, წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. ამასთან, აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, ავტომატურად უნდა ჩაითვალოს პირად საიდუმლოებად და ხელმიუწვდომელი უნდა იყოს სხვებისათვის. პირის იდენტიფიკაციის საშუალებას კი, უპირველეს ყოვლისა იძლევა სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და სხვა. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნული ინფორმაციის პერსონალურ მონაცემად მიუჩნევლობის შესახებ.

კასატორი დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მაგრამ მისი აზრით, იგი საიდუმლოების შემცველი საჯარო ინფორმაციაა, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად არ უნდა გაიცეს.

¹... საშუალო სკოლის დირექტორის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა «ს.», უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლის დირექტორის ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება კითხვარის ¹3 პუნქტით გათვალისწინებული კლასდაკომპლექტების რაოდენობისა და კლასების მიხედვით მოსწავლის სახელის, გვარის, მამის სახელის და დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაციის გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწინააღმდეგე მხარემ – მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა «ს.” 2002წ. 13 სექტემბერს მიმართა კასატორს – ქ. ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლის დირექტორს და საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, მის მიერ მომზადებულ კითხვარზე მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, რაც კასატორის მიერ არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის «ს.” მოთხოვნა და კასატორს დაევალა მე-3, მე-8, მე-9, მე-10, მე-12 საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹... საშუალო სკოლის დირექტორმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მე-8, მე-9, მე-10, მე-12 კითხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის დავალდებულების ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. კერძოდ, «ს.” მიერ მომზადებული კითხვარიდან:

მე-8 კითხვა ეხება სკოლის რომელიმე ფართის იჯარით გაცემის შემთხვევაში, დამქირავებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის სახელის, გვარის შესახებ ინფორმაციის გაცემას;

მე-9 კითხვარი – სკოლაში საგანმანათლებლო სპორტული წრის ან სტანდარტს ზევით სწავლების შემთხვევაში, მათი ხელმძღვანელის სახელი, გვარი;

მე-10 კითხვა – სკოლაში სასკოლო ბუფეტის არსებობის შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელის სახელი, გვარი;

მე-12 კითხვა – რამდენი ახალი პედაგოგი დაინიშნა სკოლაში 2001-2002 წლებში, მათი სახელი, გვარი, სპეციალობა.

“განათლების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არ არის შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ქ. ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლაც, რადგან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არ არის დაფუძნებული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის «ინფორმაციის თავისუფლება” – მოქმედება. კერძოდ, კოდექსის 28-ე მუხლისა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა და საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია არა უგვიანეს 10 დღისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით. 272 მუხლის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის თაობაზე ან სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად. «ს.” მე-8 და მე-10 კითხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია სკოლის რომელიმე ფართში განთავსებული დამქირავებელი იურიდიული პირის ან ბუფეტის ხელმძღვანელის სახელის და გვარის შესახებ, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს არც სახელმწიფო და არც კომერციულ საიდუმლოებას, ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, ეს ინფორმაცია საჯაროა, ღიაა და მისი ყველასათვის ხელმისაწვდომობა გათვალისწინებულია “მეწარმეთა შესახებ» კანონის 4.4 მუხლით, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერი იურიდიული პირის სახელწოდების, მისამართის, დამფუძნებელი პარტნიორებისა თუ ხელმძღვანელი პირების შესახებ. ამდენად, სასამართლო მე-8 და მე-10 კითხვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მე-9, მე-12 კითხვასთან დაკავშირებით სპორტული წრის ან სტანდარტის ზევით სწავლების ხელმძღვანელის, ასევე 2001-2002 წლებში ახლადდანიშნული პედაგოგების სახელის, გვარისა და სპეციალობის შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალდებულების თაობაზე. პიროვნების სახელის, გვარის, მისამართის, ასაკის, განათლების, სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის «თ” ქვეპუნქტის თანახმად, არის პერსონალური მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიცირების, ამ პირის ვინაობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საჯარო დაწესებულების ვალდებულება არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ან თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემის გარდა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და 41-ე მუხლებით აღიარებულია ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა. კერძოდ, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან და კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს სხვისი პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობის წარდგენას ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მაგრამ საჯარო დაწესებულებაში არსებული ყველა პერსონალური მონაცემი თავისთავად არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას, არამედ ამავე კოდექსის 271 მუხლის მიხედვით: «პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია”. კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად სკოლის პედაგოგების ან სპორტული წრის ხელმძღვანელების წერილობითი განაცხადი ¹.... საშუალო სკოლის დირექტორისადმი, მათი პერსონალური ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ. ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის სხვა პირისათვის გაცემაზე კოდექსი სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას ითვალისწინებს და ამ ნაწილშიც იზიარებს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მე-3 კითხვის თაობაზე ინფორმაციის გაცემას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სასამართლომ კვლავ უნდა იმსჯელოს ამ მონაცემების გაცემის კანონიერებაზე. აღნიშნული კითხვა ეხება ¹..... საშუალო სკოლაში კლასდაკომპლექტების რაოდენობას და კლასების მიხედვით მოსწავლეთა სახელის, გვარის, მამის სახელის დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაციის გაცემას. კასატორის განმარტებით, ¹.... საშუალო სკოლის დირექციაში წარმოდგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისი განცხადება, რომლითაც სკოლის მოსწავლეების მშობლები მოითხოვდნენ მათი შვილების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაიდუმლოებას. აღნიშნული განაცხადი საქმეში წარმოდგენილი არ არის და მართალია, პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთი მოთხოვნების საფუძვლებს და წარმოადგენენ სათანადო მტკიცებულებებს, მაგრამ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივითაც გამოეკვლია აღნიშნული გარემოება და შეეგროვებინა მტკიცებულებები, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლისა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მე-3 საკითხთან დაკავშირებით, კლასდაკომპლექტებისა და მოსწავლეთა შესახებ პერსონალური მონაცემის გაცემის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ზემოაღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან საქმის გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით, ამ ნაწილში სასამართლომ გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ¹.... საშუალო სკოლის დირექტორის ნ. ლომთაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება კითხვარის ¹3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე – კლასდაკომპლექტების რაოდენობისა და კლასების მიხედვით მოსწავლის სახელის, გვარის, მამის სახელის და დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაციის გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.