გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-103-290-კ-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 29 მაისს ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა, ბ. ა-ემ და ლ. გ-მა სარჩელი აღძრეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ტყიბულის საკუთრების დაცვის პოლიციის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1998წ. 10 აპრილს სავაჭრო ცენტრიდან მოხდა მატერიალური ფასეულობების გატაცება, რის შედეგადაც მოსარჩელეები დაზარალდნენ. ზარალმა ჯამში შეადგინა 4100 ლარი. მათთვის ცნობილი იყო, რომ ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრს მოპასუხე ქ. ტყიბულის საკუთრების დაცვის პოლიციასთან 1996წ. 25 აპრილს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება შენობაში მოთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, რის გამოც მათ აიღეს სავაჭრო ცენტრში ფართი ვაჭრობისათვის იმის გარანტიით, რომ მათი სავაჭრო საქონელი დაცული იქნებოდა და რაიმე ზიანი არ მიადგებოდა მას. დაცვის მომსახურებისათვის ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრი მოპასუხეს ყოველთვიურად სისტემატურად უხდიდა 57,5 ლარს, მოპასუხე მხარემ კი სავაჭრო ცენტრში მოთავსებული ფასეულობა ვერ დაიცვა ქურდობისგან.
მოსარჩელე მიუთითებს აღნიშნული ქურდობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალებზე, რომ 1998წ. 9 აპრილს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ სავაჭრო ცენტრი ჩაბარებული იქნა დაცვის პულტზე, მაგრამ 1998წ. 9 აპრილის 10 საათიდან იმავე წლის 10 აპრილის 10 საათამდე დაცვის პულტზე არავითარი სიგნალი არ შესულა. ქონების ქურდობა მოხდა ღამის საათებში, როდესაც ტყიბულის საკუთრების დაცვის პოლიცია ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული იყო დაეცვა შენობა, ამიტომ პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე, რომელმაც შეადგინა 5330 ლარი, მათ შორის სავაჭრო საქონლის ღირებულება _ 4100 ლარი, ხოლო მინიმალური სარგებელი, რომელსაც მიიღებდნენ მოსარჩელეები 1998წ. 10 აპრილიდან იმავე წლის 25 მაისამდე დატაცებული საქონლით ვაჭრობის შედეგად _ 1230 ლარი, ეკისრება მოპასუხეს.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოპასუხე საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარ სამმართველოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 5234,06 ლარის გადახდა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება საზედამხედველო წესით გააპროტესტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. დ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 1 აპრილის განჩინებით გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
1999წ. 8 ოქტომბერს მოსარჩელეებმა _ ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა, ოცდასამმა ფიზიკურმა პირმა, ტყიბულის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი იმავე საფუძვლებით, იმავე მოპასუხეთა მიმართ და ითხოვა მათთვის მიყენებული ზარალის _ 3660,98 ლარის _ მოპასუხეთათვის დაკისრება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარ სამმართველოს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 3551,92 ლარის გადახდა.
2000წ. 8 მაისს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვა ამავე სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განახლება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.
ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარადგინეს დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხეზე მათთვის მიყენებული მორალური ზიანისათვის დამატებით 21000 ლარის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 16 ნოემბრის განჩინებით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სააპელაციო პალატის ამავე განჩინებით ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის დამატებითი სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩაითვალა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 29 ივნისის განჩინებით მოცემული დავა ჩაითვალა ადმინისტრაციულად, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 16 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილისა და 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოპასუხე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 3551.92 ლარის გადახდა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2002წ. 1 ნოემბერს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა წერილობით აცნობა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, რომ ტყიბულის დაცვის პოლიციის ჯგუფი გაუქმდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 19 ივლისის ¹409 ბრძანებით და დღეისათვის მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს თერჯოლის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის განჩინებით საქმეში არასათანადო მოსარჩელე გ. რ-ე და სხვა ფიზიკური პირები შეიცვალნენ სათანადო მოსარჩელე ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრით, ხოლო არასათანადო მოპასუხე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხე თერჯოლის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებით, აგრეთვე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მომუშავე ინდივიდუალური მეწარმეები: გ. რ-ე, ა. ჭ-ე, ლ. ბ-ი, ნ. გ-ი, მ. თ-ე, თ. დ-ი, ნ. მ-ე, ც. ჭ-ი, ც. კ-ი, ი. კ-ე, ზ. გ-ე, ბ. ა-ე, მ. შ-ე, ლ. გ-ი, მ. ნ-ე, კ. პ-ე, დ. ლ-ე, ლ. ს-ე, ნ. ც-ე და ნ. გ-ე.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის სასარგებლოდ, მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მოპასუხე თერჯოლის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებას დაეკისრა 3551.92 ლარის გადახდა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქვეგანყოფილებამ. აპელანტმა ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მომხდარ დანაშაულში დამნაშავე პირების ჩართვა პროცესში მესამე პირებად მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მათზე დაკისრების მიზნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თერჯოლის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქვეგანყოფილების უფროსმა ა. კ-ემ და სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ბ”, «ე” და «ზ” პუნქტების საფუძველზე მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:
1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან 1996წ. 25 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა ქ. ტყიბულის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსსა და ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრის უფროსს შორის, ხოლო სარჩელი აღიძრა სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების მიერ, რომლებთანაც ტყიბულის დაცვის პოლიციას არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გააჩნდა, ამდენად, სკ-ს 317-ე მუხლისა და სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები წარმოადგენენ არასათანადო მოსარჩელეებს, ხოლო თუკი ისინი ჩაითვლებიან სათანადო მოსარჩელეებად, ამ შემთხვევაში მოპასუხე არის ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრი და არა ტყიბულის დაცვის პოლიცია;
2. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რადგან მოსარჩელე ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრს ფაქტობრივად არანაირი ზიანი არ მიყენებია, რის გამოც იგი არ შეიძლება მოსარჩელედ იქნეს მიჩნეული, ხოლო მესამე პირებზე მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია, რადგან საქმეში არ მოიპოვება სასაქონლო ზედდებულები ან სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიყენებული ზიანის ოდენობას;
3. განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია ის გარემოებაც, რომ იგი მიღებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელს არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში არსებული ქ.ტყიბულის სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია, რომ 1998წ. აპრილში ქ. ტყიბულის სახაზინო საწარმო სავაჭრო ცენტრში არსებული სავაჭრო დახლებზე დაწყობილი, ინდივიდუალურ მეწარმეთა პირად საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების სამრეწველო და სასურსათო საქონელი ფარულად გაიტაცეს გ. ქ-ემ და კ. მ-მა, რის გამოც დამნაშავეებად იქნენ ცნობილი და მიესაჯათ სასჯელის შესაბამისი ზომა.
ამავე განაჩენით დადგენილია, რომ ზემოთ აღნიშნული საქონლის ფარულად გატაცებით სავაჭრო ცენტრში მოვაჭრე ინდივიდუალურ მეწარმეებს მიადგათ მატერიალური ზიანი, კერძოდ: გ. რ-ეს _ 729 ლარი, ა. ჭ-ეს _ 595 ლარი, ლ. ბ-ს _ 491 ლარი, ნ. გ-ს _ 16 ლარი, მ. თ-ეს _ 40 ლარი, თ. დ-ს _ 94 ლარი, ნ. მ-ეს _ 60,7 ლარი, ც. ჭ-ს _ 57,5 ლარი, ც. კ-ს _ 440 ლარი, ი. კ-ეს _ 23 ლარი, ზ. გ-ეს _ 80 ლარი, ბ. ა-ეს _ 74 ლარი, მ. შ-ეს _ 7 ლარი, ლ. გ-ას _ 169,2 ლარი, მ. ნ-ეს _ 59 ლარი, ლ. ს-ეს _ 13 ლარი, კ. პ-ეს _ 16 ლარი, დ. ლ-ეს _ 120,2 ლარი, ნ. ც-ეს _ 172,88 ლარი, ნ. გ-ეს _ 193,2 ლარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქ/განყოფილების უფროს ა. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ განმარტებას, რომ მესამე პირზე მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სასაქონლო ზედდებულები ან სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიყენებული ზიანის ოდენობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მესამე პირებისათვის _ ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმეებისათვის _ მიყენებული 3551 ლარის ზიანი დადასტურებულია ქ. ტყიბულის სასამართლოს 1999წ. 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ თავდაპირველი მოსარჩელეები _ ინდივიდუალური მეწარმეები _ წარმოადგენდნენ არასათანადო მოსარჩელეებს. საკასაციო სასამრთლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელეები _ ინდივიდუალური მეწარმეები _ შეიცვალნენ სათანადო მოსარჩელე ტყიბულის საწარმო სავაჭრო ცენტრით, ხოლო არასათანადო მოსარჩელეები _ ინდივიდუალური მეწარმეები _ მოცემულ საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორის განმარტებას, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინება მიღებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ” პუნქტი ეხება ამავე კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. კონკრეტულ შემთხვევაში, კი არც ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რ. ჭ-ეს და არც ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეებს: ფ. ბ-ასა და თ. შ-ას სხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ ამ საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მათ სასამართლოსგან შეტყობინება სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე არ მიუღიათ კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ფოსტისგან გამოგზავნილი დადასტურება შსს დაცვის პოლიციისა და შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქ/განყოფილებისთვის შეტყობინებების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების თაობაზე. ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ სსკ-ს 394-ე მუხლის «ბ” პუნქტზე მითითება საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქვეგანყოფილების უფროს ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება;
3. შსს დაცვის პოლიციის თერჯოლის ქ/განყოფილებას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 142 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.