¹747აპ 4 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ნ. ნ-ის
ადვოკატ _ ა. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ზ. დ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენით ზ. დ-ეს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 19 მარტიდან.
განაჩენით ზ. დ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ ჩადენილ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 15 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. ბათუმში, ---ის ქუჩა ¹1, ბინა 1-ში, მ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელის სიძე ზ. დ-ძე ცხოვრობს, მივიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ. მ-ძე და შ. ჩ-ძე. მათ მიაკითხეს ზ. დ-ეს, რომელიც სახლში არ დახვდათ. ვ. მ-ის და შ. ჩ-ის არაფხიზელ მდგომარეობაში სტუმრობა შეურაცხმყოფელად აღიქვეს ზ. დ-ის ოჯახის წევრებმა. ხსენებული პირების სახლიდან გასვლის შემდეგ შ. ჩ-ძე იგინებოდა, რაც გაიგეს შემოვლაზე მყოფმა ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის ¹-- ქვეგანყოფილების მუშაკებმა _ თ. ქ-ემ, ზ. დ-ემ, ს. ყ-ემ და გ. ხ-ემ. ისინი დაინტერესდნენ შ. ჩ-ის ვინაობით, რომელმაც საბუთები არ წარუდგინა და დაუწყო კამათი. კამათის ხმაზე მათთან მივიდა ვ. მ-ძე და ისიც ჩაერთო კამათში, რის გამოც ისინი გადაყვანილ იქნენ ჯერ პოლიციის ¹-- განყოფილებაში, შემდეგ კი _ სამედიცინო გამოსაფხიზლებელში.
2004 წლის 16 მარტს ზემოაღნიშნული პირები, შემოწმების მიზნით, გადაყვანილ იქნენ ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი, თუმცა ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობების გაცემა ვერ მოხერხდა, ტექნიკური მიზეზების გამო. იმავე დღის 22 საათზე ხსენებულ განყოფილებაში ---ის ---ე ბ. ბ-სთან მივიდა ზ. დ-ძე და სთხოვა დაკავებული ვ. მ-სა და შ. ჩ-ის გაშვება. ბ. ბ-ემ მას აღუთქვა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. იმავე ღამეს ვ. მ-ძე ხელწერილით გაუშვეს ქვეგანყოფილებიდან, ხოლო შ. ჩ-ძე დატოვებულ იქნა.
2004 წლის 17 მარტს, დაახლოებით 10 საათზე, ვ. მ-ძე და მისი ძმა ბ. მ-ძე ბ. ა-ის ავტომანქანა „ჟიგულით“ წავიდნენ ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის ¹-- ქვეგანყოფილებაში შ. ჩ-ის სანახავად. ბარცხანის ხიდთან ვ. მ-ემ შეამჩნია ზ. დ-ძე, გააჩერებინა ავტომანქანა და გადავიდა მასთან სასაუბროდ. ამ უკანასკნელმა ვ. მ-ეს უთხრა, რომ სახლში გაევლო, რის შემდეგაც ვ. მ-ძე ხსენებული ა/მანქანით მის თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა პოლიციის ¹-- ქვეგანყოფილებაში და შ. ჩ-ეს გადასცა ამანათი. დაახლოებით 11 საათზე ვ. მ-ძე ზემოაღნიშნული ა/მანქანით, ბ. მ-სთან, ბ. მ-სა და ბ. ა-სთან ერთად, მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქუჩა ¹1, ბინა 1-ში, მ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლში. ვ. მ-ძე შევიდა სახლში, ხოლო მისი თანმხლები პირები დარჩნენ გარეთ.
ზ. დ-ემ, განაწყენებული იყო რა იმით, რომ 2004 წლის 15 მარტს, ღამის საათებში, ვ. მ-ძე შ. ჩ-სთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, რითაც შეაწუხა მისი ცოლ-შვილი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით „იჟ-54“ მოდელის სანადირო, გლუვლულიანი, ორლულიანი თოფიდან, რომელსაც რეგისტრაციის გარეშე ინახავდა, ერთხელ ისროლა ვ. მ-ის მიმართულებით და ამ უკანასკნელს მარცხენა თვალბუდის მიდამოში შემავალი ჭრილობით თავის ქალას ღრუში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თვითონ მიიმალა.
მსჯავრდებული ზ. დ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას და აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მას არ ჰქონია მოკვლის განზრახვა, რადგან სანადირო თოფიდან აწგარდაცვლილ ვ. მ-ეს ესროლა იმ მომენტში, როდესაც იგი, კარისკენ წასული, მოულოდნელად შემოტრიალდა ვერცხლისფერი პისტოლეტით ხელში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. დ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მას არ ჰქონია ვ. მ-ის მოკვლის განზრახვა და თოფიდან ისროლა მხოლოდ მაშინ, როდესაც აწ გარდაცვლილი ვ. მ-ძე იარაღით ხელში ემუქრებოდა მას. მან ეს მუქარა რეალურად აღიქვა და ერთხელ ისროლა თავდაცვის მიზნით. მისი განმარტებით, მან ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობა, არამედ _ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არასწორად მიიჩნია მკვლელობის მოტივად შიში, ვინაიდან არც შიშსა და არც შურისძიებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს ვ. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა რეალურ მუქარას და როდესაც აწ გარდაცვლილი ვ. მ-ძე იარაღით ხელში ემუქრებოდა ზ. დ-ეს, ამ უკანასკნელმა ეს მუქარა რეალურად აღიქვა და მკვლელობა ჩაიდინა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებების _ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტები _ თავდასხმა და თავდაცვის მიზანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ზ. დ-ემ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.იNმართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი, თავისი სამართლებრივი სიკეთის (სიცოცხლის) დასაცავად. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც დადგა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ზ. დ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან მის მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მსჯავრდებულ ზ. დ-ის როგორც მამხილებელი, ისე _ გამამართლებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ რ. მ-ის, მოწმეების: ბ. და ბ. მ-ების, ბ. ა-ის, შ. ჩ-ის, ზ. ხ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზ. დ-ის მიერ ვ. მ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი.
პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ვითარებაში ზ. დ-ის ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად, რამეთუ აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტები _ თავდასხმა და თავდაცვის მიზანი, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
საკასაციო პალატა, იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებული ნაწილობრივ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს ოჯახი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, დანაშაული ჩადენილი არ არის შურისძიების მოტივით, შესაძლებლად მიიჩნევს ზ. დ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ზ. დ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.