748აპ. 15 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. შ-ძე, ვანის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), აღნიშნული კოდექსის 120-ე მუხლითა და იმავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულთათვის, როგორებიცაა: ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
ამ დანაშაულებისათვის შ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 1 (ერთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და მთლიანობაში მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, შ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
შ. შ-ძე, იყო რა რამდენჯერმე ნასამართლევი, ბოლოს 2004 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებულ იქნა ვანის რაიონული სასამართლოს მიერ --- მასალის უკანონო შეძენა-შენახვისათვის და მას მიესაჯა ერთი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივნისის განჩინებით იგი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე 4 თვითა და 3 დღით ადრე გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, არ დაადგა გამოსწორების გზას და პირობით გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობის პერიოდში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. 2005 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 8 საათზე, წინასწარ შეკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთობლივად დანაშაულის ჩასადენად: განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, კერძოდ, თავისუფლების უკანონოდ აღსაკვეთად ისინი მივიდნენ ვანის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ვ. მ-თან, რომელიც მუშაობდა მისი მეზობლის _ დ. გ-ის მიწის ნაკვეთში. შ. შ-ემ, ზემოხსენებულ სხვა პირებთან ერთად, მის ხელთ არსებული სანადირო თოფისა და დანის მუქარით იძულებით აღუკვეთა თავისუფლება ვ. მ-ლს, რომლებმაც იძულებით გადაადგილეს იგი დ. გ-ის მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, სოფელ ---ში არსებულ ტყემდე. როცა მათ მიერ დაზარალებულს ობიექტურად წართმეული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, იგი მიაბეს ხეზე, რის შემდეგ შ. შ-ემ მას მოსთხოვა, რომ თავისი თავისთვის დაებრალებინა 2005 წლის 4 აგვისტოს მომხდარი ვანის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები გ. ც-ის მაღაზიის ქურდობის ფაქტი. ვ. მ-საგან უარის მიღების შემდეგ შ. შ-ემ და მისმა თანმხლებმა ორმა ნიღბიანმა პირმა სცემა მას ხელით, ფეხითა და ქამრით, ასევე, შ. შ-ემ მის ხელთ არსებული დანით ---სა და ---ის არეში მას მიაყენა ჩხვლეტები. ვ. მ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ცემა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, გაგრძელდა დაახლოებით 2 საათს, რის შედეგადაც ვ. მ-მა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
შ. შ-ემ 2002 წლის 20 აგვისტოს განიზრახა მეზობლად მცხოვრები მ. ლ-ის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე ღამეს, ზუსტი დრო დაუდგენელია, მან უკანონოდ შეაღწია მ. ლ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსში, სადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა და გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი: არყის სახდელი ქვაბი, თავისივე თავსახურით, ღირებული 300 ლარად; “---”-ს მარკის წყლის საქაჩი ტუმბო, ღირებული 120 ლარად; ელექტრო შემდუღებელი აპარატის სადენები, ღირებული 50 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. შ-ემ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ ვანის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 აგვისტოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებდა იმ მოტივებით, რომ მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული და რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 21 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა ცვლილება მსჯავრდებულ შ. შ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე-მე-60-ე მუხლების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გამოყენებით _ აღნიშნული სასჯელის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნულ სხვა სასჯელებთან ნაწილობრივი შეკრებით, მას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა შ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა თავის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვს მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერების შემოწმებას, ამ განაჩენის გაუქმებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ შ. შ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აშკარად მიუთითებენ მსჯავრდებულ შ. შ-ის მიერ იმ ქმედებების ჩადენაზე, რომლებიც მას ბრალად შეერაცხა. დაზარალებულები და ბრალდების მოწმეები წინასწარი გამოძიების სტადიაზე და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დამაჯერებლად ამხელენ შ. შ-ეს მისთვის შეარცხული დანაშაულის ჩადენაში. გარდა ამისა, მისი ბრალეულობა დადასტურებულია ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც, ზემოხსენებულ მტკიცებულებებთან ერთად, სარწმუნო და კანონიერ საფუძველს ქმნიან შ. შ-ის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომას, უნდა აღინიშნოს, რომ შ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შინაარსისა და ხასიათის, აგრეთვე მისი პიროვნების მახასიათებლების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად. იგი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასჯელის მიზნები და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი მისი შეცვლისათვის.
ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რის გამოც მსჯავრდებულ შ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ შ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ შ. შ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.