გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-109-295-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვაკის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1995 წელს ს. ჯ-ე დაინიშნა ვაკის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვის სექტორის სახელმწიფო საგადასახადო ...ად, მასთან დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 3 თვის ვადით. შემდგომ გაუგრძელდა მას შრომითი ხელშეკრულება, ბოლოს თბილისის საბურთალოს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 1997წ. 10 ოქტომბრის ¹10-08/124 ბრძანებით დროებით, 6 თვით ვადით, 1997წ. 10 ოქტომბრიდან 1998წ. 10 მაისამდე, დაინიშნა რეგისტრაციის განყოფილებაში სახელმწიფო საგადასახადო ...ის თანამდებობაზე. 1998წ. 16 თებერვლიდან 21 ივნისამდე ს. ჯ-ეს დეკრეტული შვებულება მიეცა, შკკ-ს 159-ე მუხლის თანახმად, რაც გაფორმდა თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1998წ. 16 თებერვლის ¹10-06/7 ბრძანებით. ამავე საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1998წ. 2 ივნისის სადავო ¹10-08/12 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ს. ჯ-ე გათავისუფლებული იქნა დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ...ის თანამებობიდან, რაც უკანონოდ მიიჩნია ს. ჯ-ემ და 1999წ. პირველ ივნისს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციის განყოფილებაში სახელმწიფო საგადასახადო ...ის თანამდებობაზე აღდგენისა და გაცდენილი დროისათვის კუთვნილი ხეფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმე განუხილველად იქნა დატოვებული.
2001წ. 12 სექტემბერს ს. ჯ-ემ კვლავ მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ვაკე-საბუკრთალოს საგადასახადო ინსპექციისა და შემოსავლების სამინისტროს მიმართ და შკკ-ს 206-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციაში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადაო ინსპექციასა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაევალა ს. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენა საგადასახადო ...ის შესაბამის თანამდებობაზე და იძულებით განაცდურის ანაზღაურება 1998წ. 2 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენამდე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და იმ მოტივით, რომ ს. ჯ-ის მიერ გაშვებული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საქმის სააპელაციო წარმოების დროს, ს. ჯ-ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოთხოვნა მთლიანად მოიხსნა და ს. ჯ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებული იქნა საქმეში მონაწილეობისა და მოსარჩელის მიმართ ვალდებულებებისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდა ს. ჯ-ის სარჩელი:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჯ-ემ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 1999წ. პირველ ივნისს. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით მისი სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და სკ-ს დებულებები.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, ხოლო სკ-ს 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ასეთად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს. ჯ-ისათვის, როგორც შრომითი ხელშეკრულების მონაწილისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ იგი დროებით, 6 თვის ვადით იყო თანამდებობაზე დანიშნული და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობები შეწყდებოდა 1998წ. 10 მაისს. ამასთან, სააპელაციო სამმართველომ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებას მოხელის შვებულებაში ყოფნის დროს და მიიჩნია, რომ სამსახურებრივი ურთიერთობა ს. ჯ-ესთან უნდა შეწყვეტილიყო კუთვნილი შვებულების დამთავრების შემდეგ, 1998წ. 21 ივნისიდან, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყებოდა 1998წ. 22 ივნისიდან, შვებულების დამთავრების მომენტიდან და არა მუშაკის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარების მომენტიდან. ამდენად, ს. ჯ-ე უფლებამოსილი იყო სასამართლოსათვის მიემართა ერთი თვის განმავლობაში 1998წ. 22 ივლისამდე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს მოხელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ცნობას, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. ჯ-ის მიერ გაშვებული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-ემ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი აღდგენა თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ...ის თანამდებობაზე. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლი, რომლის თანახმად მუშაკსა და მოსამსახურეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დათხოვნის შესახებ ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
კასატორის მითითებით, მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული ბრძანება გამოთხოვილ იქნა 2001წ. დეკემბერში, ამდენად კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც კასატორიც არ უარყოფს, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 1997წ. 10 ოქტომბრის ¹10-08/124 ბრძანებით კასატორი დროებით, 6 თვის ვადით დაინიშნა რეგისტრაციის განყოფილებაში სახელმწიფო საგადასახადო ...ის თანამდებობაზე 1998წ. 10 მაისამდე. 1998წ. 16 თებერვლის ¹10-06/7 ბრძანებით კასატორს მიეცა შვებულება 1998წ. 21 ივნისამდე, შკკ-ს 159-ე მუხლის საფუძველზე. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის 1998წ. 2 ივნისის ¹10-08/12 სადავო ბრძანებით, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, კასატორი გათავისუფლდა სამსახურიდან. საქმეში არსებული სასარჩელო განცხადების მიხედვით, ასევე უტყუარად დადგენილია, რომ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე თავდაპირველი სარჩელი კასატორმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრა 1999წ. 1 ივნისს, რაც განუხილველად იქნა დატოვებული მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით.
კასატორი 1999წ. 1 ივნისს აღძრულ სარჩელში მიუთითებდა, რომ 1998წ. 21 ივნისს, როცა დაუმთავრდა დეკრეტული შვებულება, გამოცხადდა სამუშაოზე და მოითხოვა ბავშვის მოვლისათვის უფასო შვებულების გაგრძელება, მაგრამ საგადასახადო ინსპექციამ მოთხოვნაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ მიემართა სასამართლოსათვის. კასატორის განმარტებით, მას აღარ უმუშავია და მხოლოდ 1999წ. 1 ივნისს აღძრული სარჩელით მოითხოვა სამსახურში აღდგენა.
კასატორი ს. ჯ-ე რადგან სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მუშაკი იყო, მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. კასატორი ს. ჯ-ე სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის იმყოფებოდა კუთვნილ დეკრეტულ შვებულებაში, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 89-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია, მაგრამ ამავე კანონის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების უდავო საფუძველია. ამიტომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და მიუთითა, რომ კასატორთან სამსახურებრივი ურთიერთობა შეიძლება შეწყვეტილიყო კუთვნილი შვებულების დამთავრების შემდეგ, 1998წ. 21 ივნისიდან და კასატორს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრება სასარჩელო წესით შეეძლო გასაჩივრების უფლების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში – 1998წ. 22 ივლისამდე, რაც მას არ განუხორციელებია, თუმცა მისივე თავდაპირველი სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ უარი უთხრეს შვებულების გაგრძელებაზე, მისთვის ცნობილი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, განუმარტეს კიდეც უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, რაც კასატორმა არ განახორციელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილ ერთთვიან ვადაში და სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მიმართა თითქმის ერთიწ. შემდეგ, 1999წ. 1 ივნისს. ამდენად, ს. ჯ-ის სარჩელი ხანდაზმულია, ხოლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით სარჩელის წარდგენა კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უდავო საფუძველია.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასება _ დადგენითა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით, ს. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.