752აპ. ქ. თბილისი
21 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ნ. წ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 5 დეკემბერს ნ. წ-ძე მართავდა თავის ,,გაზ-3110" მარკის ავტომანქანას. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-- კილომეტრზე, სოფელ ---ის გადასახვევთან მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის წესების" 27.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობა, მარცხნივ მოხვევის წინ არ ჩართო სასიგნალო მაშუქი, არ გაატარა გასწრებაზე მოძრავი, კ. ვ-ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდ-ესკორტის" მარკის ავტომანქანა და სოფელ ---ში შესვლის მიზნით დაიწყო მარცხნივ გადაადგილება. ამის შემდეგ, შეჯახების შედეგად მ. ვ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული ქმედებისათვის ნ. წ-ეს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულს დაზარალებულ მ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2506 ლარისა და 9 თეთრის, ხოლო მორალური ზიანის _ 3000 ლარის ოდენობით. მასვე დაზარალებულ ფ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. ნ. წ-ეს ასევე დაეკისრა კ. ვ-ის სასარგებლოდ ავტომანქანის აღდგენის ხარჯების _ 2000 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულებმა და მისმა ადვოკატმა რ. ფ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული ნ. წ-ძე და მისი ადვოკატი რ. ფ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა კ. ვ-ის, ფ. ვ-ის და მ- ვ-ის ჩვენებები, ასევე _ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაუსაბუთებელი და უკანონოა. გარდა ამისა, არასწორადაა განმარტებული ზიანთან დაკავშირებული საკითხები, რადგან სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე _ არ დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სარჩელები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში მოწმე კ. ვ-ემ განმარტა, რომ მართავდა ,,ფორდ-ესკორტის" მარკის ავტომანქანას და მოძრაობდა 60-70 კმ/სთ-ში სიჩქარით. ავტომანქანაში ისხდნენ მ. ვ-ძე და ფ. ვ-ძე. მის ზოლში მოძრაობდა ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა. კ. ვ-ემ ჩართო მარცხენა სასიგნალო მაშუქი და დაიწყო გასწრება. როდესაც აღნიშნულ ავტომანქანას გასცდა, იგივე მანევრითა და მოქმედებით უსწრებდა ,,გაზ-3110" მარკის ავტომანქანას, რომლის მძღოლმა სასიგნალო მაშუქის გარეშე დაიწყო მარცხნივ გადაადგილება. მოულოდნელობისა და მანძილის სიმცირის გამო კ. ვ-ემ შეჯახება ვერ აიცილა. ნ. წ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მარცხენა მხრით შეეჯახა კ. ვ-ის ავტომანქანას, რომელმაც ინერციით განაგრძო მოძრაობა და შეეჯახა ბოძს. ამის შედეგად კ. ვ-ძე და ფ. ვ-ძე მსუბუქად დაზიანდნენ, ხოლო მ. ვ-ემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება (ს.ფ. 282-283).
მოწმე ჯ. ჯ-ემ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ დაინახა მომხდარი ფაქტი. მისი განცხადებით, ,,გაზ-3110" მარკის ავტომანქანამ ,,უცებ გადაუხვია და დაეჯახა სხვა მანქანას, რომელიც დაბზრიალდა" (ს.ფ. 287-288).
ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ,,ვაზ-3110" მარკის ავტომანქანის მძღოლს უნდა ემოქმედა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 27.1 მუხლის შესაბამისად და ამ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, იგი აიცდენდა შეჯახებას. კ. ვ-ეს უნდა ემოქმედა და მოქმედებდა ამავე კანონის 29.1 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით. ტექნიკური თვალსაზრისით კ. ვ-ეს არ შეეძლო შეჯახების აცილება (ს.ფ. 64-68).
სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა --- ჰ. ნ-ლი, რომელმაც სრულად დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე (ს.ფ. 298-300).
საქმის მასალების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მთლიანობაში შეესაბამება დაზარალებულისა და სხვა პირთა ჩვენებებს.
გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილშიც, კერძოდ:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მ. ვ-ეს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა ბარძაყის დამსხვრეული მოტეხილობა, მარცხენა მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის დაზიანება, მარცხენა იდაყვის ძვლის ამოვარდნილობა, მარცხნივ მე-5, მე-6 და მე-7-ე ნეკნების მოტეხილობა, I ხარისხის ტრავმული შოკი. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს (ს.ფ 53-54). ფ. ვ-ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის შერყევის სახით, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა (ს.ფ. 51-52).
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტომანქანა ,,ფორდ-ესკორტის" აღდგენისათვის საჭიროა 2000 ლარი (ს.ფ. 72-74).
საქმეშია მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ქვითრები, ასევე _ ქვითარი ადვოკატის მომსახურების ჰონორარის გადახდის თაობაზე.
რაც შეეხება მორალურ ზიანს, იგი დადგენილია სსსკ-ის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის _ მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის, ზიანის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ნ. წ-ძე მთლიანად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მსჯავრდებული ნ. წ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით _ მოხდისაგან, ასევე _ ავტომანქანის მართვის უფლების 1 (ერთი) წლით ჩამორთმევის მოხდისაგან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.