Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ გს-111-297-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 20 დეკემბრის ადმინისტრაციული აქტის, ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა. ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის საკრებულომ სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხემ 2002წ. 20 დეკემბრის წერილით უარი უთხრა მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია არ განიხილებოდა მაკონტროლებელ ორგანოდ “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად.

მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიაჩნდა წერილში აღნიშნული მოტივაცია იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია საკონტროლო უფლებამოსილებას ახორციელებდა მხოლოდ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ და შესაბამისად, სარევიზიო კომისია ვერ განახორციელებდა პირდაპირ საკონტროლო ფუნქციებს სამეწარმეო სუბიექტებზე და აღნიშნავდა, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 83-ე მუხლის თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ შეიცვლება კონტროლის პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების კონტროლის წესი და კანონით განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტის კონტროლის ადგილობრივი ორგანოების შექმნისა და ფუნქციონირების წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნდა, რომ კონტროლის პალატას დროებით გააჩნდა საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის კონტროლის უფლება, რის დასადასტურებლად მიუთითებდა საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლზე და აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციის თანახმად კონტროლის პალატა ზედამხედველობდა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოწმების უფლებამისილება მას არ გააჩნდა. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემოწმების უფლება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონისა და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის თანახმად, სარევიზიო კომისიას გააჩნდა. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 83-ე მუხლით გათვალისწინებული კონტროლის პალატის ჩანაცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის მაკონტროლებელი ორგანოთი გულისხმობდა იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო – სარევიზიო კომისია, უნდა სარგებლობდეს კონტროლის იგივე მოცულობით ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც თავად კონტროლის პალატას გააჩნია სახელმწიფო სახსრების გამოყენებასთან მიმართებაში და მიუთითებდა, რომ “სამეწარმეო საქმიანობის შესახებ” კანონი ვერ დაადგენდა განსხვავებულ ნორმებს სარევიზიო კომისიასთან მიმართებაში და ვერ აუკრძალავდა რაიმე მოქმედების განხორციელებას, რადგანაც სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებები “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონთან ერთად განსაზღვრული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონით, რომელიც ორგანულ კანონს წარმოადგენს და უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის მიმართ.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი უთხრა წერილით, რითაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე დაარღვია 95-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან საშუალება არ მისცა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “სამეწარმეო საქმიანობის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად “სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით”. საკრებულოს გადაწყვეტილება “ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმების ჩატარების წესის შესახებ” იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კანონის მიღებით არსებითად შეიცვალა საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, რომლის თანახმად, მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის თანახმად უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.

მოპასუხე მიუთითებდა, რომ “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარევიზიო კომისია კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ ქ. თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ და მოსარჩელის მოთხოვნა მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციის შესახებ სცილდებოდა მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ვინაიდან თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიას არ გააჩნდა უფლება კონტროლი განეხორციელებინა საწარმოების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე.

მოპასუხე შუამდგომლობდა საქმეში მესამე პირად საქართველოს კონტროლის პალატის ჩართვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს კონტროლის პალატა.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საკრებულოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად მაკონტროლებელი ორგანო არის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები და საქართველოს კონტროლის პალატა კანონით დადგენილ ფარგლებში და მიიჩნია, რომ საკრებულოს სარევიზიო კომისიას კანონით არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება განეხორციელებინა კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.

“საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სარევიზიო კომისია იქმნებოდა ქ. თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის და არა სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის მიზნით.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოტივაცია გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძვლად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 95-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი წესების დარღვევა იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ბათილობის საფუძველი, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ 1998 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ ორგანოთა უფლებამოსილებები განსაზღვრულია ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონით.

აღნიშნული კანონების შესაბამისად სარევიზიო კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას. აღნიშნული დებულებიდან ნათლად ჩანდა, რომ სარევიზიო კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრების კონტროლი. სარევიზიო კომისია აკონტროლებს არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო ხარჯებს, არამედ სხვა შემოსავლებსაც. კანონის თანახმად შემოსავლებში იგულისხმებოდა როგორც გადასახადები, ისე მოსაკრებლები, საწარმოთა შემოსავლები. რომელთა აღრიცხვა შეუძლებელი იყო ფინანსური საქმიანობის შემოწმების გარეშე, რომლის უფლებამოსილება სარევიზიო კომისიას გააჩნდა.

“საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 83-ე მუხლის თანახმად კონტროლის პალატის ჩანაცვლება უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარევიზიო კომისიის მიერ, რომლის უფლებამოსილებაც განსაზღვრულია “საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” კანონით.

სასამართლოს 2003წ. 4 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა კასატორი – ქ. თბილისის საკრებულო, გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა გამოთქვეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით დაადგინა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონისა და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის თანახმად ქ. თბილისის საკრებულოს მინიჭებული აქვს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება და იუსტიციის სამინისტრომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი კასატორს რეგისტრაციაზე და აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის მაკონტროლებელ ორგანოთა ჩამონათვალი და კონტროლის განხორციელების წესი დარეგულირებულია სპეციალური კანონით “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონის საფუძველზე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა საკრებულოს სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებას, ორგანულ კანონში 2001წ. 2 აგვისტოს შესული ცვლილებებით ამოღებულ იქნა, ხოლო “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სარევიზიო კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება კანონმდებლობით მინიჭებული არა აქვს და იუსტიციის სამინისტრომ კანონიერად უთხრა უარი სამეწარმეო საქმიანობის მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრაციის შესახებ.

ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული ქ. თბილისის საკრებულოს საკასაციო საჩივრის მეორე მოტივი იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა წერილით, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ადმინისტრაციული აქტი, რის გამოც, დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეოთხე თავის მოთხოვნები და ამიტომ იგი ბათილად უნდა იქნეს გამოცხადებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ აღნიშნულის თაობაზე სწორად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას, რომ არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით კონკრეტულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება.

3. ქ. თბილისის საკრებულოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.