Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-11-218-კ-03 6 ნოემბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს 06.10.95წ. გადაწყვეტყლების, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო საწარმო “ხ.” დროებით ამხანაგობას შორის დადებული 06.11.95წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და 10.11.95წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹23/579-პ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

01.02.01წ. თ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ქ.” მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 06.10.95წ. გადაწყვეტილების, სქმ სამმართველოსა და სახელმწიფო საწარმოს “ხ.” საპრივატიზებო ამხაბაგობას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, სქმ სამმართველოს მიერ 10.11.95წ. გაცემული საკუთრების დანადასტურებელი მოწმობის ¹23/579-პ ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 06.10.95წ. სქმ სამმართველოს კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო საწარმო “ხ.”, სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. ¹178 ბრძანებულების შესაბამისად, ... მდებარე მაღაზიის პირდაპირი შესყიდვის უფლება მიანიჭა, 10.11.95წ. გაიცა საკუთრების დამადასტურევბელი მოწმობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი არც ობიექტის პრივატიზაციის და არც იმის შესახებ, რომ მისი წილი ამხანაგობაში 1 პროცენტს შეადგენდა, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ გაიგო მაღაზიის ბუღალტრის მ. ა-ის სარჩელის განხილვისას, რის გამო არ არის გაცდენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შრომითი კოლექტივის საერთო კრება არ ჩატარებულა, პრივატიზაცია განხორციელდა შრომითი კოლექტივისაგან ფარულად, კრების ოქმზე, ასევე საპრივატიზებო ხელშეკრულებაზე გაყალბებულია მისი ხელმოწერები, რაც დადასტურებულია კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით. ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო მეთაურის 23.05.94წ. ¹178 ბრძანებულების მოქმედების ერთწლიანი ვადის დარღვევით.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.04.02წ. გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. რ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: მთაწმინდის რაიონის სქმ სამმართველოს 25.11.94წ. ბრძანებით შეიქმნა ... მდებარე საიუველირო მაღაზია “ხ.” საპრივატიზებო კომისია. ქ. თბილისის სქმ სამმართველოს კოლეგიის 06.10.95წ. ¹37.34.985 გადაწყვეტილებით მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის პრ. ¹24-ში მდებარე მაღაზია “ხ.” შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას მიეცა აღნიშნული ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება. შრომითი კოლექტივის 29.09.95წ. საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის პრივატიზების მიზნით დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ, კრების ოქმი ხელმოწერილია თ. რ-ის მიერ. 29.09.95წ. დამფუძნებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია ამხანაგობის წევრთა წილები, ასევე ხელმოწერილია თ. რ-ის მიერ. ხელშეკრულება სადავო ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის შესახებ 06.11.95წ. დაიდო, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/579-პ 10.11.95წ. გაიცა. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად ქონების პრივატიზების საკითხებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 16.04.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.04.03წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-მა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მის მიერ არ გაშვებულა, ვინაიდან საპრივატიზებო ამხანაგობის ხეოლშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია, ხელმოწერა გაყალბებული იქნა მაღაზიის დირექტორის მიერ. ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ პროცენტული მონაცემი დამფუძნებელ ხელშეკრულებაში სხვა ფერის მელნით არის ჩაწერილი ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაშიც კი კასატორისათვის უცბნობი დარჩებოდა ხელშეკრულებაში ასახული პროცენტული მონაცემი. პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორი საერთოდ არ არის შეყვანილი შპს “ქ.” პარტნიორად, რომელიც წესდების თანახმად წარმოადგენს სახელმწიფო საწარმო “ხ.” უფლებამონაცვლეს. სსკ-ს 24-ე მუხლის დარღვევით სააპელაციო სასამართლომ მტკიცებითი ძალა მიანიჭა მაღაზიის წევრთა 16.12.97წ. ოქმს მაშინ, როდესაც კასატორი არ არის დამფუძნებელი პარტნიორი, ოქმს ხელს არ აწერენ მაღაზიის ნამდვილი წევრ-პარტნიორები ცოლ-ქმარი ჯ. გ-ე და ზ. გ-ე, ოქმში არსადაა აღნიშნული, რომ ობიექტს ჩაუტარდა პრივატიზაცია და კასატორს აქვს გამოყოფილი წილი, ოქმში საუბარია მაღაზიის მომავალ პრივატიზაციაზე. სააპელაციო პალატამ არ შეაფასა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.12.2000წ. სხდომის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. რ-მა მოითხოვა პრივატიზების ბათილად ცნობა და რომ მისთვის პრივატიზების თაობაზე 19.11.98წ. გახდა ცნობილი. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა 04.07.99წ. საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე მიღებული გაჩინება, რომლითაც დასტურდება კასატორის მიერ სასამართლოს წინაშე პრივატიზების საკითხის დასმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 16.04.03წ. გადაწყვეტიების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მაღაზიის პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნა მის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში იქნა დასმული. თ. რ-მა ობიექტის პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს 2001წ. თებერვალში. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და სახელმწიფო საწარმო “ხ.” ამხანაგობას შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო 1995 წელს, იმავე წელს გაიცა საკუთრების დამადასტურევბელი მოწმობა. მაღაზიის პრივატიზების დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლი უფლების დაცვის საერთო ვადას იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, სამი წლით განსაზღვრავდა. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების პერიოდში მიღებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონის მე-11 მუხლი ადგენს, რომ პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. მაღაზია “ხ.” მუშაკთა მიერ ობიექტის პრივატიზების მიზნით დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ 29.09.95წ. კრების ოქმი და დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოწერილია თ. რ-ის მიერ, დამფუძნებელი ხელშეკრულება დამოწმებულია სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ თ. რ-ის ხელმოწერასთან დაკავშირებით გაცემულია სავარაუდო დასკვნები. საექსპერტო დასკვნაში იმის აღნიშვნა, რომ პროცენტული მონაცემები ხელშეკრულებაში სხვა მელნით არის ჩაწერილი, აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს “ქ.” დამფუძნებელთა შორის არ არის მითითებული თ. რ-ი, არ ადასტურებს ობიექტის პრივატიზების არ ცოდნის ფაქტს. აღნიშნული შესაძლოა იქცეს საპრივატიზაციო ქონებაში წილების განაწილების პროპორციულობის მართლზომიერების საკითხის დასმის და არა ობიექტის პრივატიზების, მისი პირდაპირი მიყიდვის გაუქმების საფუძველი, განსახილველი დავის საგანს შეადგენს მაღაზია “ხ.” პრივატიზების გაუქმება და არა საპრივატიზებო ქონებაში წილების განაწილების მართლზომიერება. ის, რომ ობიექტის პრივატიზების თაობაზე ცნობილი იყო თ. რ-ისათვის დასტურდება აგრეთვე მაღაზიის შრომითი კოლექტივის 16.12.97წ. ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თ. რ-ი. 16.12.97წ. კრების ჩატარებას საფუძვლად დაედო ისნის რაიონის სასამართლოს 09.10.97წ. განჩინება მაღაზიის ბუღალტერის მ. ა-ის სარჩელთად დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელშიც მ. ა-ს მიეთითა, რომ მან მიმართა არაგანსჯად სასამართლოს, განსჯადი სასამართლოს მიმართვამდე უნდა მიმართოს შპს “ქ.”, პარტნიორთა კრებამ უნდა იმსჯელოს მისი სამსახურში მოწყობისა და მისთვის წილის გაცემის შესახებ. 16.12.97წ. ოქმში საუბარია უკვე განხორციელებულ და არა მომავალ პრივატიზაციაზე, პრივატიზებული ობიექტის მაღაზიის ბუღალტერის მ. ა-ისათვის თანაბარი წილის გამოყოფაზე. საქმეში დაცულია აგრეთვე 16.12.97წ. ოქმი, რომელსაც ხელს შპს “ქ.” დამფუძნებლები აწერენ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის რაიმე საფუძველი. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაღაზიის პრივატიზების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მის მიერ დაისვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს წინაშე საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანის და შპს “ქ.” პარტნიორად ცნობის თაობაზე მ. ა-ის სარჩელის განხილვისას, რომელშიც თ. რ-ი მესამე პირად არის ჩართული. სარჩელის აღძვრა სასამართლოში არის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველი, ამასთანავე, თ. რ-ს არ წარმოუდგენია სასამართლოში 1964წ. სსკ-ს 134-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით შედგენილი სასარჩელო განცხადება ობიექტის პრივატიზების გაუქმების მოთხოვნით, მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე 29.10.98წ. თ. რ-ის მიერ შეტანილი განცხადებით იგი პრეტენზიას გამოთქვამდა გამოსყიდულ ქონებაში წილთან დაკავშირებით, განმცხადებელი ითხოვდა პროცესზე დასწრებას და მისი წილის “დაკანონებას”, შემდგომში, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, საქმეში მესამე პორად ჩაბმული თ. რ-მა მოითხოვა შპს “ქ.” პარტნიორად ცნობას თანაბარი წილობრივი მონაწილეობით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად შპს “ქ.” სარეგისტრაციო მონაცემებში ხარვეზის გამოსწორების მიზნით სამთვიანი ვადის მიცემას. მ. ა-ის სარჩელის განხილვისას, რომელშიც თ. რ-ი მესამე პირადაა ჩაბმული, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 07.12.98წ. ოქმის მიხედვით, თ. რ-მა მოითხოვა პრივატიზებულ ქონებაში წილის გაზრდა, შპს “ქ.” პარტნიორად ცნობა, აღნიშნულ სხდომაზე თ. რ-ი ადვოკატის შეკითხვაზე პასუხობს, რომ იგი არ ითხოვდა მაღაზიის პრივატიზაციის გაუქმებას და ადასტურებს 16.12.97წ. კრების ჩატარების ფაქტს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო გამოსასყიდ ქონებაში მიკუთვნებული პროცენტი. ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართის გაუქმების მოთხოვნა არ დასმულა, მესამე პირი _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინაშე დასმულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიღებას ანდობს სასამართლოს. სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნები პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეტანილა. პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნის არ არსებობას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.12.2000წ. და 27.12.2000წ. სხდომებზე, ობიექტის პრივატიზების ბათილად ცნობის მოთხოვნა სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლომ მიიჩნია დავის საგნის შეცვლად და უარი თქვა სქმ სამმართველოს საქმეში მოპასუხედ ჩაბმაზე, სსკ-ს 182-ე მუხლის საფუძველზე მ. ა-ის და თ. რ-ის მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 07.12.98წ. გადაწყვეტლებაზე თ. რ-ის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარში, აგრეთვე საზედამხედველო საჩივარში ობიექტის პროვატიზების გაუქმების მოთხოვნის დასმა არ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში ასეთი მოთხოვნის არსებობას.

თვით ის გარემოება, რომ ობიექტის პირდაპირი წესით მიყიდვას წინ უსწრებდა მაღაზიის შრომითი კოლექტივის მრვალწლიანი სასამართლო დავა, რომელსაც საფუძვლად ედო შრომითი კოლექტივის მიერ მაღაზიის პირდაპირი წესით შესყიდვის შეუძლებლობა მაღაზიის სხვა ობიექტთან (საიუველირო ფირმა “ი.”) მიერთების გამო, საარბიტრაჟო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტიების შედეგად მაღაზიის შრომითი კოლექტივისათვის მაღაზიის პრივატიზების განხორციელების უფლების მოპოვება, ნათლად ადასტურებს იმას, რომ თ. რ-ისათვის ცნობილი იყო ან ყოველშემთხვევაში უნდა ყოფილიყო ცნობილი მაღაზიის პრივატიზების თაობაზე. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 21.10.94წ. დადგენილების თანახმად, რომლითაც სრულიად დაკმაყოფილდა მოსარჩელე ორგანიზაციის – მაღაზია “ხ.” მოთხოვნა, მაღაზიის ყველა მუშაკი იყო გამოკითხული ობიექტის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. 08.06.94წ. შედგა მაღაზია “ხ.” მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრება, რომელმაც დაადგინა მაღაზიის პრივატიზების განხორციელება პირდაპირი შესყიდვის წესით შრომითი კოლექტივის მიერ, კრების ოქმს, მაღაზიის სხვა მუშაკთან ერთად, ხელს აწერს თ. რ-იც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. რ-ს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი აქვს. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენა წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის აუცილებელ და საკმარის საფუძველს, რის გამო საკასაციო პალატაYთვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 16.04.03წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, არ არსებობს თ. რ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.04.03წ. გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.