გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-114-299-კ-03 24 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საბიუჯეტო დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, ერთ-ერთ მოპასუხედ მიუთითა ¹.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველო და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემა იმ საფუძვლით, რომ მითითებულ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 27237.89 ლარი, რომლის დაფარვას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თავს არიდებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 მაისის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება და თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და ჯარების მთავარი სამმართველოს ქუთაისის ¹.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს დაეკისრა გამარტივებული წესით დავალიანების 27237,89 ლარის გადახდა. აღნიშნულ ბრძანებაზე მოვალე ორგანიზაციამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში 2002წ. 15 ნოემბერს შეიტანა შესაგებელი (პროტესტი), მოითხოვა მათი ორგანიზაციის ქონებაზე 2002წ. 3 მაისის განჩინებით დადებული ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 14 თებერვლის ¹1284-II კანონის თანახმად, ყადაღის დადებას არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის უძრავი-მოძრავი ქონება და საქმის წარმოების დაწყება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ქუთაისის ¹.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 მაისის განჩინება მათი ქონების ყადაღის დადების ნაწილში და საქმის განხილვა გაგრძელდა სასარჩელო წარმოების წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასასახდო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ქუთაისის ¹.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 27237.88 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და ჯარების მთავარი სამმართველოს ქუთაისის მე-.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველო ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელად ირიცხებოდა 1996წ. 18 ნოემბრიდან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლს 31 ივლისის ¹581ბ განკარგულებისა და საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 1993წ. 9 აგვისტოს ¹260 ბრძანების საფუძველზე ქუთაისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო მრეწველობის სამინისტროს ბალანსიდან გადაეცა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.
თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის სამმართველოს უფროსის 1999წ. 9 აგვისტოს ¹30 ბრძანებით კი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ¹... და ¹... სამშენებლო-სარემონტო სამმართვლოს ბალანსზე რიცხული ქონება და ტექნიკური ბაზები გადაეცა სამხედრო-სამშენებლო რაზმს, როგორც სამხედრო-სამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აღნიშნული სამმართველოს 1998წ. 3 ივნისის ¹20 წერილით ეცნობა, რომ ¹3 სამშენებლო-სარემონტო სამმართველო 1997წ. 1 იანვრიდან აღარ მუშაობდა დროებითი კონსერვაციის გამო.
სასამართლო კოლეგიამ განმარტა რომ, საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით საწარმოთა ქონების გადასახადის გადამხდელები არიან საქართველოს საწარმოები, ამ მუხლის «ა» პუნქტში მითითებული საწარმოს ფილიალები და ქვედანაყოფები, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში, უცხოური საწარმოები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულებების მეშვეობოთ და ორგანიზაციები, რომელთა ქონება ან ამ ქონების ნაწილი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, ქუთაისის ¹..... სარემონტო-სამშენებლო სამმართველო კი წარმოადგენს იმ ორგანიზაციის ნაწილს, რომელთა ქონება გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობის დანიშნულებისათვის. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 143-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათებს, კერძოდ, «ე» პუნქტის თანახმად გადასახადით არ იბეგრება ქონება, რომელიც დადგენილი წესით გადაყვანილია კონსერვაციის რეჟიმზე.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრებები, თითქოს აღნიშნული რეორგანიზციის შედეგად ¹... სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ლიკვიდაცია განხორციელდა ან გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ განიცადა სტრუქტურული რეორგანიზაცია და მე-... სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონება და ტექნიკური ბაზები გადაეცა სამხედრო-სამშენებლო ბაზას.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის სამმართველოს 1999წ. 9 აგვისტოს ¹30 ბრძანების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ¹.... და ¹.... სამშენებლო-სარემონტო სამმართველოების ბალანსზე რიცხული ქონება და ტექნიკური ბაზები გადაეცა სამხედრო სამშენებლო რაზმს, მაგრამ თვით ლიკვიდაციის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობდა და ამდენად, ლიკვიდაცია განხორციელებული ჯერ არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვიდრე არ განხორციელდებოდა დადგენილი წესით მოპასუხე ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან არ იქნებოდა გადაყვანილი კონსერვაციის რეჟიმზე, იგი ითვლებოდა ქონების გადასახადის გადამხდელად და მას ეკისრებოდა სარჩელში მითითებული ქონების გადასახადის გადახდა.
სასამართლო კოლეგიამ სარჩელი მიწის გადასახადის დაკისრების ნაწილშიც კანონიერად მიიჩნია და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისიწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. მოპასუხე ¹.... სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მიწის ნაკვეთი. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ამავე კოდექსის 158-ე მუხლი აწესებს მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ მიწის გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა, ხოლო 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციასა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები საგადასახადო ორგანოებს საანგარიშო წლის 1 მარტისათვის წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ მიწის გადასახადი მოპასუხეზე დარიცხულ იქნა მიწის მართვის დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოს მიერ საგადასახადო ინსპექციაში გადაცემული სიის საფუძველზე და არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, თითქოს იგი გათავისუფლებული იყო მიწის გადასახადისაგან, რადგან მიწის მართვის სამმართველოდან წარმოდგენილ ცნობაში არაფერი იყო ნათქვამი გადამხდელის მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში აღნიშნული ცნობის საფუძველზე დაკმაყოფილდა.
2003წ. 19 ივნისს თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ქუთაისის მე-... სარემონტო-სამშენებლო სამმართველომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემებათა გამო:
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის გამოყენება მათ მიმართ არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ როგორც თვით გადაწყვეტილებაშია მითითებული, ¹3 სამშენებლო-სარემონტო სამმართველო 1997წ. 1 იანვრიდან აღარ მუშაობს დროებითი კონსერვაციის გამო, რაც ჯერ კიდევ 1998წ. 3 ივნისს ¹20 წერილით ეცნობა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტი და დაადგინა, რომ მოცემული შეღავათი მათზე არ ვრცელდებოდა, ვინაიდან ჩათვალა, რომ არ განხორციელებულა სამმართველოს ლიკვიდაცია და არ ყოფილა გადაყვანილი კონსერვაციის რეჟიმზე, მაშინ, როდესაც არაფრით დასტურდება მათი მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. Mასევე არ არის გათვალისწინებული ამავე მუხლის «ვ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადით არ იბეგრება ორგანიზაციის ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა.
კასატორის მითითებით, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამოა გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომელიც შეეხება მიწის გადასახადს. საგადასახდო კოდექსის 146-ე და 156-ე მუხლებით დადგენილი შეღავათების გავრცელება (გამოყენება) შედის საგადასახადო ორგანოთა ფუნქციებში, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლო კოლეგიამ ეს ფუნქცია მიწის მართვის სამმართველოს დააკისრა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არამარტო აღნიშნული კანონი განმარტა არასწორად, არამედ დაარღვია აგრეთვე სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გაარკვიოს და განსაჯოს მტკიცებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს დასკვნები ამა თუ იმ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ქუთაისის მე-3 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის შედეგადაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
საქმეში წარმოდგენელი მასალებიდან დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს 1996წ. 3 თებერვლის ¹4 ბრძანებით ამავე სამინისტროს მშენებლობისა და ჯარების განთავსების მთავარი სამმართველოს ბაზაზე დაარსდა სახაზინო საწარმო «ქუთაისის ¹3 სარემონტო-სამშენებლო სამმართველო”, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 27 მაისის დადგენილებით.
«მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში 1997წ. 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე სახაზინო საწარმო, როგორც სახელმწიფო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, გაუქმდა და სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ სახელმწიფო ქონების სამინისტროს ამ მისი ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მათ მიერვე შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა. ამდენად, სახაზინო საწარმო «ქუთაისის ¹.... სარემონტო სამშენებლო სამმართველო», როგორც სამეწარმეო სუბიექტი, გაუქმდა, ანუ მოხდა მისი კანონისმიერი ლიკვიდაცია. Aაღნიშნული კანონის 2.5 მუხლის თანახმად კი ლიკვიდირებული საწარმოს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელია მისი დამფუძნებელი _ თავდაცვის სამინისტრი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, უნდა ემსჯელა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმის თაობაზე და მას შემდეგ მიეღო საქმეზე გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია არარსებული საწარმოს მიერ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მითითებული გარემოებები სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენენ, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და აღნიშნული მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ქუთაისის მე-... სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.