Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-118-305-კ-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინიტსრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს ,,ს.”-მ მოპასუხის – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 28.12.2001წ. ¹168 ბრძანების ბათილად ცნობა და შემმოწმებელთა მიერ შემოწმების პროცესში უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა დარღვევათა დაშვების შესახებ კერძო განჩინების გამოტანა.

2002წ. 20 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და ითხოვა გასაჩივრებული სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილებულდა სს ,,ს.” შუამდგომლობა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის განხილვაში მესამე პირის სტატუსით ჩააბა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია.

2002წ. 2 მაისს საქმეზე ჩატარებულ მოსამზადებელ სხდომაზე გაირკვა, რომ სადავო ბრძანებაში ასახულია არაზუსტი მონაცემები. მასში ნათქვამია, რომ სს ,,ს.” სამართალმემკვიდრის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამოღებულ უნდა იქნას 122518 ლარი. თავის მხრივ სს ,,ს.” სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. ქ. თელავში ფუნქციონირებს სს ,,ს.” თელავის ფილიალი.

საქართევლოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სარჩელზე წერილობით შეპასუხებაში ითხოვა მოსარჩელეს უარი თქმოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ მოტივებზე მითითებით:

ა) სს ,,ს.” შემოწმებას საფუძვლად დაედო 2001წ. მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა, რომლის თანახმადაც გამოიცა კახეთის მხარის ფასების ინსპექციის 04.06.2001წ. ¹10 ბრძანება შემოწმების ჩატარების შესახებ. ფასების სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობა გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან.

ბ) შემმოწმებელმა შემოწმების დაწყების წინ სს ,,ს.” ადმინისტრაციას წარუდგინა ბრძანება შემოწმების შესახებ, პროგრამა და ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. შემოწმების აქტის ერთი პირი ჩაბარდა სს ,,ს.” თელავის ფილიალის დირექტორს, რომელმაც აქტზე გააკეთა შენიშვნა, რომ იგი არ ეთანხმება შემოწმების აქტს და მასზე ახსნა-განმარტებით გასცემს პასუხს.

თავის მხრივ სს ,,ს.” მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი სადაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მას ჩაბარდა შემოწმების აქტი თანდართული მასალებით. ვინაიდან წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ფასების ინსპექციის თანამშრომელმა შემოწმება ჩაატარა 2001წ. 14 ივლისამდე, მოსარჩელე თავისივე ინიციატივით ხსნიდა მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანება გაუქმებულიყო ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევის მოტივით და აქტის გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

აქტში მითითებულია: 2000წ. 01 იანვრიდან 01 სექტემბრამდე სს ,,ს.” თელავის ფილიალის მიერ მიღებულია 113512 კვტ ელექტროენერგია, რომელსაც გამოაკლდა ქსელების დანაკარგი 10,5%.

სააქციო საზოგადოება მომწოდებელს უხდის მიღებული ელექტროენერგიის ღირებულებას სრული ოდენობით და არ არსებობს 10,5%-ის კლება დასახელებული 10,5% არის ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ნორმალურად გამართული ქსელის პირობებში ბუნებრივად დაიკარგება იმ მრიცხველამდე, საიდანაც მოსარჩელე ყიდის ელექროენერგიას, ელექტროენერგიის აღნიშნული რაოდენობა არის სს ,,ს.” ხარჯი და იგი ასახულია ტარიფში.

აქტში მითითებულია, რომ იმ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ თავიანთი ტრანსფორმატორების გავლით, ახდევინებს ტრანსფორმატორის ტექნიკურ დანაკარგს, რომელიც სემეკ-ის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფებშია შეტანილი.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ სემეკი უშვებს ტექნიკური კარგვების მაქსიმალურ დანაკარგს და ასახავს ტარიფში გამანაწილებელი კომპანიისათვის, ანუ კომპანიის ბალანსზე არსებულ ქსელში. ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების 2.15.18 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ,,ელექტროენერგიის მომხმარებლების აქტიური და რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვა წარმოებს ელექტრომომმარაგებელ ორგანიზაციებთან საბალანსო ფონდების გამიჯვნის ზღვარზე დაყენებული აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოებით”. აქედან გამომდინარე, როდესაც ელექტრომრიცხველი დაყენებულია ელექრომომწოდებელსა და მომხმარებელს შორის საბალანსო გამიჯვნის წერტილში, მომხმარებლის როგორც ტრანსფორმატორი, ასევე მთელი შიდა ქსელი ექცევა მრიცხველის ქვეშ და მოხმარებული ელექტროენერგია მთლიანად აღირიცხება მრიცხველზე. მომხმარებელი ელექტროდანადგარებამდე ვერასოდეს მიიტანს იმ რაოდენობის ელექტროენერგიას, რომელიც აღირიცხება მრიცხველზე, მასაც ექნება თავის ქსელში ტექნიკური კარგვა, მაგრამ ეს არის მისი ხარჯი. იმის გამო, რომ მომხმარებლების 99%-ს აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები უყენიათ არა საბალანსო ფონდების გამიჯვნის წერტილში, არამედ თავისი ტრანსფორმატორების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნიკური ხარჯების (დანაკარგების) ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ბალანსზეც ირიცხება შუალედური დამაკავშირებელი ელექტროქსელი. სწორედ ამ საფუძვლით ხდება საკუთარი ტრანსფორმატორების მფლობელებზე ელექტროენერგიის დანაკარგების დარიცხვა.

რაც შეეხება თელავის განათლების განყოფილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების საკითხს მოსარჩელე განმარტავდა: თელავის განათლების განყოფილება თავისი ქსელით (ოც ობიექტზე მეტი) მიეკუთვნება იმ უმნიშვნელო მომხმარებელთა რიცხვს, სადაც აღრიცხვა მოშლილია და ანგარისშორება წარმოებს აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოების გარეშე. ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების 5.4.6 პუნქტის თანახმად: ,,თუ აღრიცხვა დაირღვა აბონენტის მიზეზით, მდგომარეობის გამოსწორებამდე აბონენტი იხდის დენმიმღების დადგმული სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების მიხედვით”. თუ აღრიცხვა დაირღვა აბონენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, გადასახადი განისაზღვრება აღრიცხვიანობის წინა პერიოდში დახარჯული ენერგიის საშუალო მაჩვენებლით”. ხსენებული წესების 5. 4.7 პუნქტიდან გამომდინარე, ,,ელექტროენერგიის მრიცხველის გარეშე დროებითი მოხმარების პერიოდში ანგარიშსწორება აბონენტთან წარმოებს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის პირობებით, რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული აბონენტთან”.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ს.” თელავის ფილიალის ერთ-ერთი მომხმარებელი არის განათლების თელავის განყოფილება, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელსაც ვერ შეეძლო უზრუნველეყო ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ამიტომაც სს ,,ს.” თელავის ფილიალი ხსენებული წესების 5.4.7 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვს მომხმარებლისაგან, რომ მის ქსელში არსებული ობიექტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ერთი თვის ხარჯი განისაზღვროს 10-15 ათასი კვტ საათით. მომხმარებელი განათლების თელავის განყოფილება და თელავის რაიონის საფინანსო განყოფილება არ მიდიან სავარაუდოდ დარიცხული ელექტროენერგიის ამ რაოდენობაზე და თანახმდებიან მხოლოდ 8-10 კვტ საათზე, რაზედაც პერიოდულად დგება შედარების აქტები. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მითითებული წესით გაანგარიშება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აბონენტს არ გააჩნია მრიცხველი.

2002წ. 28 ოქტომბერს მოსარჩელემ სს ,,ს.” სასამართლოს კვლავ წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი. მოპასუხედ მოსარჩელემ მიუთითა საქართევლოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო მესამე პირად – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია. მოსარჩელემ ასევე დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 28.12.2001წ. ¹168 ბრძანება; ბ) მოპასუხეს – საქართევლოს ეკონომიკის, მრეწველობისა ვაჭრობის სამინისტროს გადახდეს სს ,,ს.” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 3062 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მე-3 პირად ჩაბმული იქნა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ-ი).

მოპასუხემ და მესამე პირმა – ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს, სარჩელი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის მოტივით.

მესამე პირმა – სემეკ-მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მთლიანად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები და ის საფუძვლები, რომელსაც ეს უკანასკნელი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 აპრილის გადაწყეტილებით სს ,,ს.” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 28 დეკემბრის ¹168 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2001 წელს სს ,,ს.” თელავის ფილიალში ჩატარებული შემოწმების შედეგების შესახებ”.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაეკისრა სს ,,ს.” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3062 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართევლოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართევლოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი თვლიდა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას უსაფუძვლობისა და იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო.

კასატორი მიუთითებდა, რომ ელექტროკომპანიები ვერ ახერხებენ მომხმარებელს მიაწოდონ იმ ძაბვის ელექტროენერგია, რომელიც მათ ესაჭიროებათ. მომხმარებელს ესაჭიროება 380/220 ვოლტის ელექტროენერგია, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან შეიძინონ საკუთარი ტრანსფორმატორები და მოახდინონ მისი საჭირო ძაბვამდე დაყვანა. სს ,,ს.” თელავის ფილიალი სხვადასხვა მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას 6-10 კილოვატ ძაბვაზე, მომხმარებლებს საკუთარი ტრანსფორმატორების საშუალებით ეს ელექტროენერგია დაჰყავთ 380/220 ვოლტ ძაბვამდე. ამასთან ტრანსფორმატორებში იკარგება გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგია. სემეკ-ის 2000წ. 21 იანვრის ¹2/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარ 6-10 კილოვატ ძაბვის ელექტრო ქსელში მიღებიდან დადგენილია 10,5% ტექნიკური დანაკარგის სიდიდე. ამასთან სემეკ-ს ტარიფის შესახებ მიღებულ დადგენილებაში ცალ-ცალკე აქვს დამტკიცებული ტარიფები ძაბვის მიხედვით 6-10 კილოვატზე და 380/220 ვოლქზე. განსახილველ შემთხვევაში, რომელიც ეხება შემოწმების პერიოდს, სემეკ-ის 1999წ. 31 მაისის ¹1 დადგენილების მე-4 მუხლით დადგინდა 380/220 ვოლტზე 1 კვტ სთ-ის ელ.ენერგიის ტარიფი 8,3 თეთრი, ხოლო 6-10 კილოვატსაათისათვის – 6,2 თეთრი. რადგანაც მოცემულ შემთხვევაში მრიცხველები დაყენებულია მომხმარებლის მხარეს ტრანსფორმატორების შემდეგ, დასაშვებია დაბალი ძაბვის მხარეს აღრიცხული ენერგიის რაოდენობას დაემატოს ქსელში დანაკარგები და ანგარიშსწორება მოხდეს მიღების წერტილში, მაგრამ ანგარიშსწორება უნდა მოხდეს დაბალი 6-10 კილოვოლტზე დაწესებული ტარიფიდან გამომდინარე და არა 380/220 ვოლტზე დაწესებულ ტარიფიდან, რასაც ფაქტიურად აქვს ადგილი.

ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული 380/220 ვოლტ ძაბვაზე დამტკიცებულ ტარიფზე ზევით დანაკარგების დაწესება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემოწმების შემდეგ, დარწმუნდა რა დარღვევის სინამდვილეში, სს ,,ს.” თელავის ფილიალმა შეწყვიტა ზედმეტი დანაკარგების მომხმარებელზე დაკისრება.

რაც შეეხება მეორე სახის დარღვევას, სს ,,ს.” თელავის ფილიალი განათლების განყოფილების ხელშეწყობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა უკანონო შემოსავალს. კერძოდ: სს ,,ს.” თელავის ფილიალის მთ. ბუღალტერსა და თელავის რაიონის განათლების განყოფილების წარომადგენელს შორის დგებოდა შედარების აქტი მიწოდებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიის მხოლოდ ღირებულებაზე, რომელსაც არ ახლავს განმარტებები მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ კვტ საათებში. ამდენად ელ/ენერგიის ღირებულება მოცემულია მექანიკურად. შედარების აქტის მიხედვით მოხმარებულია ელექტროენერგია 23 ობიექტის მიერ რაც გატარებულია ოფისის ხარჯებში. აქედან 17 დაწესებულება ელენერგიით არ სარგებლობდა. თელავის განათლების განყოფილების ბუღალტერი კი თანხებს ანაწილებდა ხელოვნურად ყველა ობიექტზე.

ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სს ,,ს.” ანგარიშგების ანგარიშზე ჩარიცხულია 14027 ლარი, რომელიც არის უკანონო შემოსავალი, ვინაიდან სს ,,ს.” თელავის ფილიალი სკ-ს თანახმად ვალდებულია, გააფორმოს ხელშეკრულებები თითოეულ მომხმრებელთან და მხოლოდ მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოახდინოს ანგარისწორება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქართევლოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 28 დეკემბრის ¹168 ბრძანების ძალაში დატოვებას.

მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იმავე საფუძვლებზე მითითებით, რომლითაც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას, მოითხოვა საკასაციო საჩივრის უარყოფა.

მესამე პირის სემეკ-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს ,,ს.” ფილიალის მხრიდან ადგილი არა ჰქონია ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც, საკასაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს კანონი ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ¹27 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები”.

საქართევლოს სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს ,,ს.” სადავო ურთიერთობაში გვევლინება როგორც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია. ის იღებს ელექტროენერგიას საწარმოსაგან, ატარებს მიღებულ ელექტროენერგიას თავის ქსელში და აღნიშნულს გადასცემს მყიდველ ანუ მომხმარებელ ორგანიზაციას.

,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” 2.5.18 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის მომხმარებლის აქტიური და რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვა წარმოებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებთან საბალანსო ფონდების გამიჯვნის ზღვარზე დაყენებული აღრიცხვის ანგარიშსწორების ხელსაწყოებით.

ამდენად, მხარეთა შორის ანგარიშსორების მიზნებისათვის მითითებული ნორმა ადგენს აღრიხვის სპეციალურ მეთოდიკას და იმ მექანიზმს, რომელიც დაცული უნდა იქნას.

სსკ-ს იმავე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს ,,ს.» თელავის ფილიალის მომხმარებელთა 99%-ს აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები უყენიათ არა საბალანსო ფონდების გამიჯვნის ზღვარზე, არამედ თავისი ტრანსფორმატორების შემდეგ.

,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” 2.5.19 პუნქტის შესაბამისად კი, თუ აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები დაყენებულია 2.5.18 პუნქტის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, ელექტროენერგიის ტრანსფორმატორების ტექნოლოგიური ხარჯები უნდა ანაზღაურდეს იმ ორგანიზაციის მიერ, რომლის ბალანსზეც ირიცხება შუალედური დამაკავშირებელი ელექტროქსელი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობისა და მითითებული პუნქტის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ სს ,,ს.” კახეთის ფილიალის მხრიდან ტრანსფორმატორის მფლობელებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის დანაკარგის დარიცხვა არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იურიდიული ძალის არმქონე აქტს.

საქმეში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის შესაბამისადაც, ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ საქართევლოს სათბობენერგეტიკის მინისტრის 22.05.1998წ. ¹27 ბრძანება იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი 120.012.003.294.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სს ,,ს.” ფილიალის მიერ თელავის განათლების განყოფილებისათვის ზედმეტად დარიცხული 14027 ლარის თაობაზე, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 28 დეკემბერს გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად უდევს ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლი.

ამასთან, ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ სს ,,ს.” თელავის ფილიალმა თელავის განათლების განყოფილებისაგან ზედმეტად მიიღო ელექტროენერგიის ღირებულება 14027 ლარის ოდენობით, ისეთი 17 ობიექტისათვის, რომლისთვისაც მას ელექტროენერგია არ მიუწოდებია.

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლად მიიჩნევა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოიღება მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი.

ამდენად, მითითებული მუხლის მიზნებისათვის ამოსავალს წარმოადგენს მეწარმის მხრიდან ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. ის გარემოება, რომ სს ,,ს.” თელავის ფილიალმა ელექტროენერგია არ მიაწოდა 17 ობიექტს, თავისთავად, არ იძლევა ფასების არასწორად განსაზღვრისა თუ მისი არასწორად გამოყენების შემადგენლობას, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. აღნიშნულის განხილვა კი სცილდება მითითებული კანონის რეგულირებისა და შესაბამისად, ფასების სახელმწიფო ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს ფასწარმოქმნის კანონმდებლობის მოთხოვნებიდან,

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 04 აპრილის გადაწყვეტილება.

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.