გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1-212-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე, გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 ივნისს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა/რ შსს-ს მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ იგი, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 1998წ. 2 სექტემბრის ბრძანებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გათავისუფლებული იქნა შსს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების საგზაო პოლიციის სახელმწიფო ...ის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში. შს მინისტრის 1999წ. 28 აპრილის ¹14პ/შ ბრძანებით იგი უკანონოდ იქნა დახოვნილი შს ორგანოებიდან, რაც მისი მხრიდან გასაჩივრდა და რის საფუძველზეც, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა აჭარის ა/რ შს მინისტრის 1999წ. 28 აპრილს ¹14პ/შ ბრძანება და ნ. ს-ე აღდგენილი იქნა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ამავე დროს სამინისტროს ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის გადახდა.
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2002წ. 14 მარტს ¹8პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე აღადგინა კადრების განკარგულებაში გათავისუფლების დღიდან, ხოლო სამი თვის შემდეგ, 2002წ. 14 ივნისის ¹19 პ/შ ბრძანებით, იგი დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან “საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტზე მითითებით (შტატების შემცირება).
აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და სარჩელის საფუძველზე ითხოვდა, შინაგან საქმეთა ორგანოებში აღდგენას, შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინებით, ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, აღნიშნული ნ. ს-ის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ თავის დროზე მისი თანამდებობიდან დათხოვნა მოხდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომლის საფუძველზეც აჭარის ა/რ შსს-ს დაეკისრა მისთვის იძულებითი განცდურის 2677 ლარის გადახდა, დღემდე არ მიუღია.
2002წ. 14 მარტს აჭარის შს სამინისტროში დაიწერა ბრძანება კასატორის შ/ს ორგანოებში აღდგენაზე. სამი თვის განმავლობაში იგი იღებდა ხელფასს, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი და ელოდა დასაქმებას. იმ პერიოდში და დღესაც არსებობს დაახლოებით 20 ვაკანტური ადგილი, კასატორს არც ერთ თანამდებობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ზუსტად სამი თვის თავზე იგი დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან შტატების შემცირების მოტივით. მისთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა შტატების შემცირებაში, როცა შტატებში არ ირიცხებოდა. ამასთან კასატორი მიუთითებდა, რომ შტატების შემცირებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი და საკასაციო საჩივრის საფუძველზე ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე მხარის აჭარის ა/რ შსს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა აჭარის ა/რ შსს 2002წ. 14 ივნისის ¹19 პ/შ ბრძანებაში მითითებული დათხოვნის საფუძველი და საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, ნ. ს-ის შს ორგანოებიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო შტეტების შემცირება.
სასამართლოს მიერ დათხოვნის ბრძანება ისე იქნა მიჩნეული კანონიერად, რომ, ფაქტობრივად, სასამართლო მსჯელობის საგნად არ ქცეულა გათავისუფლების საფუძველი, უფრო მეტიც, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ ყოველგვარ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე დადასტურებულად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ შს სამინისტროს საშტატო ერთეული არ გააჩნდა, რის გამოც ნ. ს-ის დათხოვნა მოხდა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო განხილვის არცერთ სტადიაზე გამოთხოვილი და გამოკვლეული არ ყოფილა, ჰქონდა თუ არა მართლაც შტატების შემცირებას ადგილი, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფძველს მიიჩნიოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელის დადგენის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.