Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-121-301-კ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 27 აპრილს მოწინააღმდეგე მხარემ – მ. ა-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და სკ-ს 408-ე მუხლის, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3, მე-4, მე-14, 35-ე, 36-ე, 27-ე, 39-ე და მე-60 მუხლების საფუძველზე მოითხოვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მ. ა-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს 107,45 ლარის, ერთჯერადი დახმარების 12849 ლარის, მისი მეუღლის – ა. ა-ის დაკრძალვის ხარჯების 982,60 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის მითითებით, მისი მეუღლე – ა. ა-ი 1982 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რთული მოწყობილობების მექანიკოსად (ლიფტიორი), რომელიც 2000წ. 28 დეკემბერს სამუშაოზე ყოფნის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ მიმართა უნივერსიტეტს კანონით დაწესებული დახმარების მიღების მიზნით, მაგრამ იმ მოტივით, რომ გარდაცვალების მიზეზად ა. ა-ის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა იქნა მიჩნეული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას ეთქვა უარი. მოსარჩელემ განმარტა, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ 2001წ. 22 თებერვლის ¹1 აქტითა და სპეციალური გამოკვლევის აქტით დადგენილია, რომ უბედური შემთხვევის ხელშემწყობი ორგანიზაციული მიზეზია დაბალი საწარმოო დისციპლინა, რაც ა. ა-ის სამუშაოზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაში გამოიხატა და შესაბამისად დარღვეული იქნა შკკ-ს 129-ე მუხლისა და “ლიფტების მომსახურე მელიფტეთა ტიპიური ინსტრუქციის” მოთხოვნები, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა მელიფტეთა მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უნივერსიტეტს ბრალი მიუძღვის მომხდარ უბედურ შემთხვევაში. მოსარჩელე, მისი განმარტებით, 60 წელს გადაცილებული, მეუღლის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო პირია და საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3-4, მე-14 მუხლების თანახმად ეკუთვნის ყოველთვიური სარჩოს სახით მეუღლის ხელფასი 107,45 ლარის ოდენობით. 39-ე მუხლის მიხედვით, როგორც შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაღუპული მუშაკის ოჯახს, ეკუთვნის ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარჩოს ოდენობით, რაც შეადგენს 12849 ლარს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს 48,3 ლარის, ერთჯერადი დახმარების სახით 4494 ლარის, დაკრძალვის ხარჯებისათვის 782 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა უნივერსიტეტმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ა. ა-ი 1982 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის რთული მოწყობილობის მექანიკოსად და მისი ხელფასი შეადგენდა 37,45 ლარს. 2000წ. 28 დეკემბერს კი 20 საათსა და 50 წუთზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნით გარდაიცვალა ა. ა-ი, რომლის კმაყოფაზეც იმყოფებოდა მისი მეუღლე მ. ა-ი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა. ა-ი გარდაიცვალა შრომითი მოვალეობის შესრულებისას. ამასთან სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მე-12 სართულზე განთავსებული იყო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული ფონდი “კ. ბ. ს.”, რომლის სასწავლო პროცესის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად ფონდსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტს დაევალა ფონდის 100 კვ.მ ფართითა და სასწავლო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა, რის სანაცვლოდაც ფონდი გარკვეული საფასურის გადახდას კისრულობდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ა-ს სამუშაოზე ყოფნის დრო გახანგრძლივებული ჰქონდა და უბედური შემთხვევაც სამუშაო საათებში მოხდა, რადგან “კავკასიის ბიზნეს სკოლის” სამუშაო საათების ხანგრძლივობა 21 საათსა და 30 წუთამდე განისაზღვრა. ამასთან, ა. ა-ს გაზრდილი ჰქონდა შრომის ანაზღაურება 70 ლარით.

“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამქირავებელმა, რომელთანაც მუშაკი იმყოფება შრომით ურთიერთობაში, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ითვლება დამქირავებლის ბრალეულობით მიყენებულად, თუ ზიანის მიყენება მოხდა შრომითი კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით. საქმეში არსებული წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ¹1 აქტისა და სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უბედური შემთხვევის ხელშემწყობ ორგანიზაციულ მიზეზს წარმოადგენდა “ლიფტების მომსახურე მელიფტეთა ტიპიური ინსტრუქციის” მოთხოვნათა დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ზედამხედველობის განხორციელებას მელიფტეთა მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების შესაბამისი მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უნივერსიტეტმა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ. ა. ა-ი 1982 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის რთული მოწყობილობის მექანიკოსად და მისი მოვალეობა იყო ლიფტების მდგომარეობაზე კონტროლის გაწევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთება. საქმეში არსებული ცნობით დგინდება, რომ უნივერსიტეტში სამუშაო დრო განისაზღვრებოდა 900-დან 1700 საათამდე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-ი გარდაიცვალა 2000წ. 28 დეკემბერს 2050 საათზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ა. ა-ს დაუდგინდა სიმთვრალის მძიმე ხარისხი და უბედური შემთხვევის მიზეზად მიჩნეული იქნა ნასვამ მდგომარეობაში გაუაზრებელი ქმედება.

უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე ვ. გ-ია ახსნა-განმარტებაში მითითებდა 2000წ. 1 ნოემბრიდან ლიფტების მომსახურე პერსონალის სამუშაო საათების 20 საათამდე გახანგრძლივების შესახებ. რადგან ვ. გ-ა მოწმედ არ იყო დაკითხული და ახსნა-განმარტებაში მოტანილი მისი ვარაუდი არ დასტურდება რაიმე წერილობითი აქტით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით. საქმეში არსებული ოფიციალური ცნობის თანახმად, არასაბიუჯეტო სწავლების შემოსავლებით თანხის ნაწილი ხელფასის დანამატის სახით მიეცემათ როგორც პროფესორ-მასწავლებლებს, ისე ყველა კატეგორიის თანამშრომლებს სპეციალური ბრძანებით, რაც არ ითვალისწინებს დამატებითი დროით მუშაობას. რაც შეეხება “კ. ბ. ს.”, კასატორმა განმარტა, რომ იგი მართლაც მდებარეობს მე-12 სართულზე, მაგრამ 2000წ. 28 დეკემბერს იქ მეცადინეობა საერთოდ არ იყო, რადგან ლექციები შეწყდა 25 დეკემბერს.

ა.ა-ის უბედური შემთხვევის გამო დაღუპვის თაობაზე საქმე მოკვლეული იქნა პროკურატურის მიერ, მაგრამ გენერალურ პროკურატურას არ მიუთითებია უნივერსიტეტის მხრიდან რაიმე ბრალეულობაზე. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კი, დაზარალებულს დამქირავებლისაგან ერგება ზიანის ანაზღაურება ამ უკანასკნელის ბრალეულობის შემთხვევაში, რაზეც ყურადღება არ გაამახვილა სააპელაციო სასამართლომ.

უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ ცნო მ. ა-მა და შეპასუხებით მოითხოვა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.ა-ი 1982 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, რთული მოწყობილობის (ლიფტების) მექანიკოსად, რომლის ხელფასი შეადგენდა 37,45 ლარს. უნივერსიტეტის 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/648 ბრძანებით ა. ა-ს სამეურნეო განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად, დამატებით, 2000წ. 1 ნოემბრიდან 2001წ. 1 აგვისტომდე, დაენიშნა ხელფასი 70 ლარის ოდენობით, რადგან კავშირი ჰქონდა ფასიანი სწავლების მომსახურებასთან. 2000წ. 28 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 50 წუთზე ა. ა-ი გარდაიცვალა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად. გარდაცვლილის კმაყოფაზე იმყოფებოდა მისი მეუღლე, მოსარჩელე მ. ა-ი, რომელიც ამჟამად არის პენსიონერი.

საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ა-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რადგან უბედური შემთხვევა სწორედ ა. ა-ის სამუშაო ობიექტზე _ ლიფტზე მოხდა 2000წ. 28 დეკემბერს სამუშაო საათებში – 20 საათსა და 50 წუთზე. მართალია, უნივერსიტეტში მეცადინეობა 17 საათზე მთავრდება, მაგრამ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მე-12 სართულზე განთავსებულია თსუ ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული კავკასიის ბიზნეს სკოლა, რომლის სასწავლო პროცესი 21 საათსა და 30 წუთამდე გრძელდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით, უნივერსიტეტი კისრულობდა კავკასიის ბიზნეს სკოლის უზრუნველყოფას კუთვნილი 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართითა და სასწავლო-ტექნიკური აღჭურვილობით. შესაბამისად, უნივერსიტეტის 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/648 ბრძანებით ლიფტიორ ა. ა-ს დამატებით მიეცა ხელფასი 70 ლარის ოდენობით, რადგან კავშირი ჰქონდა ფასიანი სწავლების მომსახურებასთან. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა.ა-ი გარდაიცვალა სამუშაო საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამიტომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების მე-3, მე-4 პუნქტების შესაბამისად, უნივერსიტეტი, როგორც დამქირავებელი, რომელთანაც ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დაზარალებული, ვალდებულია სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს ზიანი გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს.

აღნიშნული ნორმის (¹48 ბრძანებულების მე-3 პუნქტი) თანახმად, დამქირავებელმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ბრალის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ამავე წესების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს: ,,ზიანი ითვლება დამქირავებლის ბრალეულობით, თუ იგი მოხდა მისგან შრომითი კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით”. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ 2001წ. 22 თებერვლის ¹1 აქტითა და სპეციალური გამოკვლევის აქტის მიხედვით, უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებად მითითებულია დაბალი საწარმოო დისციპლინა და ,,ლიფტების მომსახურე მელიფტეთა ტიპიური ინსტრუქციის” 5.1.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რომლითაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უნდა გენეხორციელებინა ზედამხედველობა მელიფტეთა მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. ამდენად, უბედური შემთხვევის დადგომაში უნივერსიტეტის ბრალეულობა საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ამ ნაწილში სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას უნივერსიტეტის არაბრალეულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებას და დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები.

სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გარდაცვლილი ა. ა-ის მეუღლის სასარგებლოდ უნივერსიტეტს დაეკისრა ერთჯერადი დახმარების სახით 4494 ლარის (ყოველთვიური სარგო 37,45 ლარი X 10 წელზე) და დაკრძალვის ხარჯების 782 ლარის (შპს ,,ჰ.” ბიუროს 2001წ. 24 აპრილის ¹5/77 ცნობის მიხედვით) ანაზღაურება, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების 39-ე პუნქტის თანახმად: ,,შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე დაკრძალვის ხარჯები”.

სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ა-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით უნივერსიტეტისათვის 48.3 ლარის დაკისრების ნაწილში, რასაც კასატორი არ იზიარებს და მიუთითებს, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო თავად დაზარალებული ა. ა-ის ნასვამი მდგომარეობით და უბედური შემთხვევის დადგომას მანვე შეუწყო ხელი. საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესების მე-6 პუნქტი მართლაც მიუთითებს, თუ დაზარალებულის გაუფრთხილებლობამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას, დაზარალებულის ბრალის ხარისხის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს. მაგრამ აღნიშნული ვრცელდება მუშაკისათვის შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის ან შემცირების შემთხვევაში, რასაც შედეგად მუშაკის დაღუპვა არ მოჰყოლია, ხოლო მუშაკის გარდაცვალების შემთხვევებზე ამავე წესების 37-ე პუნქტი იმპერატიულად ადგენს: ,,შერეული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობის განსაზღვრის დროს”.

ამავე წესების 36-ე პუნქტის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურება ხდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით, რაც დაიანგარიშება გარდაცვლილის იმავე თანრიგის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან, რაც ა. ა-ის შემთხვევაში შეადგენს 84,11 ლარს (ოქტომბერი – 37,45 ლარი + ნოემბერი – 107,45 ლარი + დეკემბერი – 107,45 ლარი, სულ 252,35 ლარი გაყოფილი 3 თვეზე არის 84,11 ლარი). ამავე პუნქტის მე-3 წინადადების მიხედვით: ,,ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ამ პუნქტით გათვალისწინებული სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით, ყველა იმ პირის რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება”. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ეკუთვნის მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლეს მ.ა-ს, თვით გარდაცვლილის გათვალისწინებით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდს 42 ლარს (84 ლარი : 2 პირზე) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ. ა-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით უნდა დაეკისროს, ნაცვლად დაკისრებული 48,3 ლარისა, 42 ლარის გადახდა. ამ ნაწილში საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და უნივერსიტეტს მ. ა-ის სასარგებლოდ, ყოველთვიური სარჩოს სახით, უნდა დაეკისროს 42 ლარის გადახდა. ამასთან, “წესების” 50-ე მუხლის შესაბამისად, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება უნდა მოხდეს მარჩენალის გარდაცვალების დღიდან ანუ 2000წ. 28 დეკემბრიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება ყოველთვიური სარჩოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ. ა-ის სასარგებლოდ 2000წ. 28 დეკემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით დაეკისროს 42 ლარის გადახდა.

4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

5. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 250 ლარის გადახდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.