Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-12-220-კ-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 მაისს ვაკე საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. გ-ამ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შსს ცენტრალური კლინიკის ადმინისტრაციის 2002წ. 8 აპრილის ¹38/კ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 1990წ. 31 მაისიდან მუშაობდა თსსუ ცენტრალური კლინიკის აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში ბუღალტრის თანამდებობაზე. ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ეფუძნება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველ პუნქტს ანუ მისი გათავისუფლება მოხდა შტატების შემცირების გამო. ბრძანების გამოცემისას დარღვეული იქნა მითითებული კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა მოხელის გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილების შესახებ. მისი თანამდებობა გაუქმებული არ არის და მისი გათავისუფლებაც არის უკანონო. ამავე დროს მოპასუხეს არ მოუხდენია საბოლოო ანგარიშსწორება, რაც ნათელჰყოფს მის მიმართ აშკარა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მოპასუხის მხრიდან.

მოპასუხემ, თსსუ-ს ცენტრალურმა კლინიკამ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მ. გ-ა განთავისუფლებული იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკამაყოფილა მ. გ-ას სარჩელი უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა კლინიკის დირექტორის ¹22/ო ბრძანება, მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილების შესახებ, რომელზეც სხვებთან ერთად მ. გ-აც აწერს ხელს. ხოლო რაც შეეხება ორი თვის კომპენსაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მესამე პუნქტის მოქმედება შეჩერებულია 2003წ. 1 იანვრამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის, თსსუ-ს ცენტრალური კლინიკის დირექტორის 2002წ. 6 მარტის ¹30/ო ბრძანებით საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ნაცვლად შეიქმნა საფინანსო ეკონომიკური და აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილება, სადაც ბუღალტრის შტატი განისაზღვრა 3 ერთეულით, მანამდე კი არსებობდა მხოლოდ ერთი ერთეული ბუღალტრის თანამდებობა, ანუ ბუღალტრის შტატი გაიზარდა ორი ერთეულით. 37/ო ბრძანებით, მართალია შემცირდა ბუღალტრის შტატი და იგი განისაზღვრა ორი ერთეულით, მაგრამ არ გაუქმებულა ის საშტატო ერთეული, სადაც მუშაობდა მოსარჩელე. შესაბამისად, აშკარად დარღვეულია კანონის მოთხოვნები და ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უკანონოა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა აპელანტის სარჩელი: მ. გ-ა აღდგენილ იქნა თსსუ-ს აკად. ნ. ყ-ის სახ. ცენტრალური კლინიკაში ...ის თანამდებობაზე, ასევე დადგინდა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. გ-ა არ გასცნობია თსსუ რექტორის 2000წ. 23 თებერვლის ¹8 ბრძანებას, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო მოსალოდნელი რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. აღნიშნული ბრძანებით შეიქმნა კლინიკის ხელმძღვანელი რგოლი, რომელსაც უნდა მოემზადებინა სტრუქტურული ცვლილებები და კლინიკის დებულების პროექტი, რომელიც უნდა დაემტკიცებინა სამეცნიერო საბჭოს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 6 მარტის ¹30/ო ბრძანების მე-5 პარაგრაფის თანახმად კადრებისა და რეორგანიზაციული მუშაობისა და იურიდიულ სამსახურებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაევალათ გაეფრთხილებინათ პირველი და მე-3 სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით და არა მე-2 _ საფინანსო-ეკონომიკურ და აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილების თანამშრომლები, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არ იყო გათვალისწინებული ამ განყოფილებაში ბუღალტრის საშტატო ერთეულის შემცირება და ადმინისტრაციამ სავალდებულო არ გახადა ამ განყოფილების თანამშრომელთა გაფრთხილება აღნიშნულის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ის საშტატო ერთეული, რომელზედაც მუშაობდა მ. გ-ა, არ გაუქმებულა, რაც დასტურდება 2002წ. 21 მარტის ¹37/ო ბრძანებით, რომლითაც ნაწილობრივი ცვლილებები იქნა შეტანილი 30/ო ბრძანების მეორე პარაგრაფში და ბუღალტრის შტატი ნაცვლად 3 ერთეულის განისაზღვრა 2 ერთეულით. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს თანამდებობის შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მ. გ-ა გაფრთხილებული არ ყოფილა შტატის შემცირებამდე ერთი თვით ადრე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თსსუ-ს აკად. ნ. ყ-ის სახ. ცენტრალური კლინიკის წარმომადგენელმა დ. დ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. გ-ას სარჩელი იმ გარემობებზე მითითებით, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა დარღვეული “საჯარო ხელშეკრულების შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნები, გაფრთხილების ვადა დაცული იყო, მოსარჩელემ 2002წ. 6 მარტს ხელმოწერით დაადასტურა რეორგანიზაციის საფუძველზე მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით მისი გაფრთხილების ფაქტი, იგი გათავისუფლდა 8 აპრილს მითითებული კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მ. გ-ას აღდგენის საფუძველი. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ არა აქვს მნიშვნელობა დავის საგანი ადმინისტრაციული აქტი თუ ადმინისტრაციული გარიგებაა, რადგან მისი მარწმუნებლები მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თსსუ-ს აკად. ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური კლინიკის წარმომადგენლის დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

თსსუ-ს ცენტრალური კლინიკის დირექტორის 2002წ. 26 თებერვალს გამოცემული ¹22/ო ბრძანებით შესაბამის სამსახურებს დაევალათ ამავე კლინიკის საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო-ანალიტიკური და სამედიცინო სტატისტიკის სამსახურების შემდგომი რეორგანიზაციის მიზნით შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით გაეფრთხილებინათ თანამშრომლები. აღნიშნულ გაფრთხილებას ხელი მოაწერა მ. გ-ამ 6 მარტს. კლინიკის დირექტორის 2002წ. 6 მარტის 30/ო ბრძანებით ფაქტობრივად ჩატარებულ იქნა რეორგანიზაცია კლინიკის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა საფინანსო-ეკონომიკური და აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებები. აღნიშნული ბრძანებულებით ბუღალტრის თანამდებობა განისაზღვრება 3 საშტატო ერთეულით, ანუ მ. გ-ას საშტატო ერთეულს შემცირება არ შეხებია. ამავე ბრძანებით შესაბამის სამსახურებს დაევალათ გაეფრთხილებინათ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად პირველ და მე-3 პარაგრაფში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით, ანუ აღნიშნულის შემდეგ მ. გ-ა უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული მომავალი შემცირების თაობაზე, რადგან რეორგანიზაციის შედეგად, ახლად დამტკიცებული საშტატო სტრუქტურით არ მომხდარა მისი საშტატო ერთეულის შემცირება, ასეთი კი მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვეაში მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს თანამდებობის შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებსაც, რომ 2002წ. 21 მარტის ¹37/ო ბრძანების შედეგად, რომლითაც აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების საშტატო რაოდენობა 7 ერთეულიდან გაიზარდა 10 ერთეულამდე, მ. გ-ას გათავისუფლება ისე მოხდა, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. კასატორის განმარტება, რომ ¹30/ო ბრძანებაში შეცდომა იყო დაშვებული, რადგან ამ ბრძანებით მოლარის შტატი არ ყოფილა გათვალისწინებული, ვერ იქნა მათი მხრიდან დადასტურებული რაიმე მტკიცებულებებით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყ-ის სახ. ცენტრალური კლინიკის წარმომადგენლის დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.