გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ს-123-303-კ-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი, ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო განცხადებების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. თ-მა სარჩელით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ახმეტის რაიონის გამგეობის, ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ვ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა სასოფლო სამეურნეი მიწის საიჯარო განცხადებების განმხილველი კომისიის 2002წ. 25 ივნისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. 6 დეკემბრიდან იჯარით ჰქონდა აღებული 198 ჰა მიწის ნაკვეთი შირაქში, კასრისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხე ვ. ნ-ის სარჩელის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლომ, როგორც კანონდარღვევით დადებული გარიგება და მეიჯარეს დაევალა მოეხდინა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად. ახმეტის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 25 ივნისს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ იქნა სამი განაცხადი: ვ. ნ-ის, გ. ზ-ის და მისი ავადმყოფობის გამო მან კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღო. როგორც შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია ვ. ნ-აც, რომლის შვილი ზ.ს-ი გამოცხადებულა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო მინდობილობის გარეშე. გ. ზ-ეს უარი განუცხადებია კონკურსის გამართვაზე და მიუტოვებია სხდომა იმის გამო, რომ მარტო ის მონაწილეობდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ კომისიას კონკურსში გამარჯვებულად ვ. ნ-ი უცვნია. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ კონკურსი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და ითხოვდა მის გაუქმებას.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. თურმანაულის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო განცხადებების გამხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2002წ. 25 ივნისის სხდომის ოქმი შედეგებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-მა, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განჩინებით ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკურსი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, კონკურსის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღეზე ადრე, ამასთან, საინფორმაციო ცნობა არ შეიცავდა მონაცემებს მეიჯარის, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის, საიჯარო ქირის გადახდის წესისა და კონკურსის გამართვის ადგილის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე შ. თ-მა და გ. ზ-ემ 2002წ. 21 მაისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც ითხოვდნენ გამგეობის 2001წ. 19 დეკემბრის ¹74 დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის ჩატარების თაობაზე. რაიონული სასამართლოს განჩინებით შ. თურმანაულის და გ. ზ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. აღნიშნული სარჩელის თაობაზე გამგეობისათვის ცნობილი იყო, რაც დასტურდებოდა მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით. მიუხედავად ამისა, გამგეობამ შეჩრერებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მაინც ჩაატარა კონკურსი, რაც დამოუკიდებლად წარმოადგენდა კონკურსის შედეგების ბათილობის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმავე საფუძვლით გაასაჩივრა ვ. ნ-მა, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
საკასაციო სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა ახმეტის რაიონის გამგეობა და ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა გამოთქვეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განჩინება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან მათ გასაბათილებლად კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. უფრო მეტიც, კასატორი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გამოცხადებული კონკურსი, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან, 20 დღის ნაცვლად, ჩატარდა მე-16 დღეს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დარღვევა ფორმალური ხასიათისაა და არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონკურსის შედეგების ბათილობის საფუძვლად.
ამდენად, თვით კასატორის მიერ არის აღიარებული, რომ კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს აზრით სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ შეჩერებული ადმინიტსრაციული აქტის საფუძველზე გამართული აუქციონი, დამოუკიდებლად წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ ახმეტის რაიონის გამგეობის 2001წ. 19 დეკემბრის ¹74 დადგენილებით გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება კასრისწყლის მიმდებარე ¹85 საძოვარში ”მლაშე წყალი” მდებარე ფართობის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ. გ. ზ-ემ და შ. თ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს გამგეობის ¹74 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეაჩერა ახმეტის რაიონის გამგეობის ¹74 დადგენილების მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობისათვის ცნობილი იყო ¹74 დადგენილების შეჩერების შესახებ, 2003წ. 10 ივნისს ”გ. ა.” ¹9 (103) ნომერში გამოაცხადა კონკურსი და გამოცხადებიდან მე-16 დღეს გამართა კონკურსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განჩინება;
3. ვ. ნ-ს დაეკისროს სახელმიწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.