გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-124-304-კ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 21.01.02წ გადაწყვეტილებით შპს ,,კ.” დირექტორის ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 05.02.01წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,კ.” დირექტორის სარჩელი, დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის რაიონის სამმართველოს შეგებებული სარჩელი, შპს ,,კ.” დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 68784 აშშ დოლარის ოდენობით, მასვე დაევალა იჯარით აღებული ქონების მეიჯარისათვის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,კ.” დირექტორის ა. მ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.07.02წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,კ.” საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 21.01.02წ. გადაწყვეტილება.
16.08.02წ. შპს ,,კ.” დირექტორმა ა. მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ საოლქო სასამართლომ ისე დააკისრა იჯარის თანხის გადახდა, რომ არ გაურკვევია ფლობდა თუ არა რეალურად შპს ,,კ.” სქმ სამინისტროს გარდაბნის რაიონის სამმართველოს მიერ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გაცემულ ქონებას. სასამართლოსათვის არ წარდგენილა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით მიღებული ქონების შპს ,,კ.” მიერ ფლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შპს ,,კ.” და შპს ,,გ.” შორის 01.04.97წ. დადებული საიჯარო ხელშეკერულებით შპს ,,გ.” გადაეცა ძირითადი საშუალებები, უკანასკნელის მიერ გადაუხდელი თანხა ორჯერ აღემატება შპს ,,კ.” არსებულ დავალიანებას სქმ სამინისტროს გარდაბნის რაიონის სამმართველოს წინაშე. ვინაიდან 01.04.97წ. ხელშეკრულება არ წარდგენილა სასამართლოსათვის განმცხადებლის აზრით იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს. განმცხადებელმა მოითხოვა სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, თბილისის საოლქო სასამართლოს 21.02.02წ. გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.07.02წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.10.02წ. განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა წარმოებაში. სააპელაციო პალატის 08.05.03წ. განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პალატამ მიუთითა, რომ განცხადებაში არ არის მითითებული სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, განმცხადებელს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის დროს წარმოედგინა საიჯარო ხელშეკრულება.
სააპელაიცო პალატის 08.05.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,კ.” დირექტორის ა. მ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 01.04.97წ. ხელშეკრულება ადასტურებს, რომ შპს ,,კ.” რეალურად არ ჰქონია მფლობელობაში იჯარით გადაცემული ქონება, შპს ,,კ.” და შპს ,,გ.” შორის დადებული ხელშეკრულება იმყოფებოდა სქმ სამინისტროს გარდაბნის სამმართევლოში, კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა მას არ აძლევდნენ ხელშეკრლების ტექსტს, ხელშეკრულება მას გადაეცა 2002წ აგვისტოს თვის დასაწყისში. 01.04.97წ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საიჯარო ქირა შეადგენდა 7237,5 აშშ დოლარს, დავალიანების თანხა ორჯერ აღემატება შპს ,,კ.” გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით დაკისრებულ თანხას. კასატორის აზრით, მას რომ მისცემოდა 01.04.97წ. ხელშეკრულების წარდგენის შესაძლებლობა სასამართლო გამოიტანდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, რაც სსკ-ს 423-ე მუხლის I-ლი ნაწილის ,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 08.05.03წ. განჩინების გაუქმებას, სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, საქმის წარმოების განახლებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.07.02წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 02.01.02წ. გადაწყვეტილება, შპს ,,კ.” საიჯარო ქირის სახით 68784 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
მოწინააღმდეგე მხარე – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ წარმოდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება კასატორის მტკიცება თითქოსდა 01.04.97წ. ხელშეკრულება ინახებოდა სამმართველოში, რომელმაც კასატორის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა მას ხელშეკრულების ტექსტი. შპს ,,კ.” დირექტორს ა. მ-ს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ დაუსვია საკითხი ქვეიჯარის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის შესახებ მისთვის ცნობილი იყო 1997წ. აპრილიდან. სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამასთანავე, ქვეიჯარის ხელშეკრულების დადება ვერ იქონიებდა რაიმე გავლენას გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილ შესაგებლით ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის და სზაკ 261 მუხლის საფუძველზე საქმე არსებითად განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაიცო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს ,,კ.” და შპს “გ.” შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 01.04.97წ., ხოლო თბილისის საოლქო სასამათლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება 21.01.02წ. იქნა მიღებული, გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს 17.07.02წ. განჩინებით. საქმის განხილვის პერიოდში შპს ,კ.” დირექტორის ა. მ-ს არ წარმოუდგენია შპს ,,კ.” და შპს ,,გ.” შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესახებ მისთვის ჯერ კიდევ 1997წ აპრილიდან იყო ცნობილი, მას არ უხსენებია მითითებული ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების ტექსტის გარდაბნის რაიონის სამმართველოს მიერ გაუცემლობის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობის შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 01.04.97წ. ხელშეკრულების ტექსტი ინახებოდა სახელმწიფო ქონების მართვის გარდაბნის სამმართევლოში (ამჟამად გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში), რომელმაც მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა კასატორს ხელშეკრულების ტექსტი. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, სამმართველო არ წარმოადგენდა 01.04.97წ. ხელშეკრულების მხარეს, 01.04.97წ ქვეიჯარის ხელშეკრულების დადებისას ძირითადი საიჯარო ხელშეკრულება იმჟამად დადებული იყო (27.03.97წ.) გარდაბნის რაიონის გამგეობასთან და არა სქმ სამმართველოსთან, უკანასკნელთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა 17.06.98წ., 01.04.97წ. ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება 4 ეგზემპლარად იყო შედგენილი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ამდენად მართებულია მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება არ ინახებოდა სამმართველოში, შესაბამისად ა. მ-ს არ მიუმართავს სამმართველოსათვის ხელშეკრულების ტექსტის გაცემასთან დაკავშირებით.
უსაფუძვლოა კასატორის, შპს ,,კ.” დირექტორის ა. მ-ის მითითება სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 17.06.98წ. ხელშეკრულების 3.3.2 მუხლის თანახმად, მოიჯარე უფლებამოსილი იყო მეიჯარესთან შეთანხმებით ქვეიჯარით გაეცა იჯარით აღებული ქონება იმ პირობით, რომ საიჯარო ხელშეკრულებისათვის პასუხისმგებლობა მეიჯარის მიმართ კვლავ დაეკისრება მოიჯარეს. მოიჯარის მიერ იჯარით აღებული ქონების ქვეიჯარით გადაცემა არ ნიშნავს მოიჯარის საიჯარო ურთიერთობიდან გასვლას და მისი უფლება-მოვალეობების მესაკუთრეზე-მეიჯარეზე გადაცემას. მეიჯარესა და მოიჯარეს შორის დადებული იჯარის ძირითადი ხელშეკრულება თავისი თავდაპირველი პირობებით კვლავ რჩება ძალაში ე.ი. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მოიჯარე კვლავ პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე. ამდენად, შპს ,,კ.” ქონების ქვეიჯარით გაცემა არ ათავისუფლებდა შპს ,,კ.” 17.06.98წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სსკ-ს 423-ე მუხლის I-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კ.” დირექტორის ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.05.03წ განჩინება.
2. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.