Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-126-306-კ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სესხისა და საურავის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტრომ 2002წ. 26 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო “ე.” მიმართ და მოითხოვა სესხისა და საურავის გადახდა 3593499 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 18 სექტემბრის ¹613 ბრძანებულების საფუძველზე მესტიის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 14 სექტემბრის ¹358 ბრძანებულებითა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 18 სექტემბრის ¹139 განკარგულებით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ განეხორციელებინათ შესაბამისი ღონისძიებები მესტიის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით 1996წ. 10 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროსა და მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო “ე.” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო “ე.” გამოეყო 300000 ლარი ერთიწ. ვადით, თვიური 2%-ის სარგებლისა და კრედიტის მომსახურებისათვის დამატებით 1%-ის დაკავებით, სესხის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 1997წ. 10 ოქტომბერი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მსესხებელმა ივალდებულა სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა ყოველთვიურად არა უგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა, 3.2. პუნქტით კი 1997წ. 10 ოქტომბრისათვის სესხის დაუფარაობის შემთხვევას ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული საკრედიტო თანხის 0,5 პროცენტის საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 3.3 პუნქტით _ სესხით სარგებლობისათვის ყოველი თვის 10 რიცხვისათვის გადაუხდელობისას საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საპროცენტო თანხის 0,5 პროცენტით. ვინაიდან მსესხებელს დავალიანება საერთოდ არ ჰქონდა დაფარული, მას დაეკისრა საურავი, რაც ფინანსთა სამინისტროს გათვლით, 2002წ. 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 3221400 ლარს.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სახაზინო საწარმო “ე.” დირექტორმა ს. ა-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახაზინო საწარმო “ე.” სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 300000 ლარი, რომლითაც შეიძინა პურის ფქვილი და შეზიდა მოსახლეობაში ნისიად. თანხის ნაწილი ამოღებულ იქნა მოსახლეობიდან, კერძოდ, 150000 ლარი, რითაც საწარმომ შეიძინა წისქვილი დაბა მესტიისათვის. სიძნელეებთან დაკავშირებით სახაზინო საწარმო ამჟამად გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს. 2000 წელს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოში, რომ დაფუძნებულიყო საწარმო “მეწარმეთა კანონის” შესაბამისად, მაგრამ ქონების მართვის სამინისტროს არ მოუხდენია რაიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საწარმოს დაფუძნება. სახაზინო საწარმო “ე.” კი აღარ არსებობს და მისი ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნდა, რომ სარჩელი აღძრული იყო სახელმწიფოს მიმართ და, ამდენად, მოსარჩელე თვითონ იყო ამ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი.

საქმის განხილვისას, 2002წ. 12 დეკემბერს, სასამართლოს მიმართა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობითი შუამდგომლობით და მოითხოვა საქმეში თანამოპასუხეებად მესტიის რაიონის გამგეობისა და საკრებულოს ჩართვა. ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2003წ. 4 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიუთითა, რომ მესტიის რაიონის სასამართლოს მიერ 1996წ. 25 მარტს რეგისტრაციაში გატარდა სახაზინო საწარმო “ე.” წესდება. აღნიშნულის შემდგომ სახაზინო საწარმო “ე.” რეორგანიზაცია და “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება არ განხორციელებულა. “მეწარმეთა შესახებ” კანონში 1999წ. 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების ძალით გაუქმდა სახაზინო საწარმო, როგორც სახელმწიფო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს დაევალათ სახელმწიფო ქონების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მათ მიერვე შექმნილი სახაზინო საწარმოების სეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებად ან სააქციო საზოგადოებებად. შესაბამისად, სახაზინო საწარმო “ე.”, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, 1999 წელს გაუქმდა და ეწეოდა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობას, რომლის დროსაც იგი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებდა, როგორც კერძო პირი. სახაზინო საწარმოს უკან დგას სახელმწიფო, რომელიც, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ისევე მონაწილეობს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი _ სახელმწიფო _ აღმოჩნდა, სკ-ს 452-ე მუხლის მიხედვით კი ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.5. მუხლის თანახმად საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა, ხოლო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისას მეწარმეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც კერძო პირები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახაზინო საწარმოს უკან დგას სახელმწიფო, შესაბამისად, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნის უფლება, ხოლო სკ-ს მიხედვით კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. Kკასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია კანონიერ საფუძველს, ვინაიდან საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სახაზინო საწარმო “ე.” ჩამოყალიბდა მესტიის რაიონის გამგეობის 1996წ. 7 თებერვლის ¹7 გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.5 მუხლი, ვინაიდან საწარმოს დამფუძნებელი არის არა სახელმწიფო, არამედ მესტიის რაიონის გამგეობა, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ხოლო ვინაიდან სახაზინო საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მის ხელთ არსებული აქტივები და პასივები გადადის დამფუძნებლის, მოცემულ შემთხვევაში მესტიის რაიონის გამგეობის მფლობელობაში, შესაბამისად, მასვე უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებისთვისაც.

Kკასატორი ასევე მიუთითებს, რომ თუ სასამართლო სახაზინო საწარმო “ე.” მიიჩნევდა არასათანადო მოპასუხედ, მაშინ მას უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულად არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში მონაწილეობის მისაღებად არ მოიწვია პირი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა, კერძოდ:

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახაზინო საწარმო “ე.”, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში 1999წ. 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე გაუქმდა. ანუ მოხდა მისი კანონისმიერი ლიკვიდაცია და შესაბამისად სასამართლო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია ფაქტობრივად არარსებული სამეწარმეო პირის მიმართ. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიას მითითებული კანონის 2.5. მუხლისა და სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა სათანადო მოპასუხის სახით საქმეში სახაზინო საწარმო “ე.” დამფუძნებლის, მესტიის რაიონის გამგეობის მოწვევის შესახებ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და ამის შემდგომ მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და აღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილვბელად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.