გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-130-308-კ-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ბინის ორდერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 14 ივლისს კასატორმა _ გ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ბინაში თვითნებურად შესახლებული შ. ღ-ას გამოსახლება:
მოსარჩელის მითითებით, იგი, როგორც სამხედრო ძალებში მომსახურე, 1992 წლიდან იმყოფებოდა საბინაო აღრიცხვაზე თავდაცვის სამინისტროს მშენებლობისა და ჯარების განთავსების მთავარი სამმართველოს საბინაო განყოფილებაში და 1997წ. იანვარში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს, გამოეყო საცხოვრებელი ფართი მდებარე ..., თუმცა იგი აღნიშნულ ბინაში არ შესახლებულა, რითაც ისარგებლა შ. ღვინჯილიამ და თვითნებურად დაიკავა მისი კუთვნილი ფართი.
გ. ჩიქოვანის სარჩელი არ ცნო მოპასუხე – შ. ღვინჯილიამ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა გ. ჩიქოვანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, გ. ჩიქოვანის უფლებადაკარგულად ცნობა საცხოვრებელ ფართზე, ”გამოთავისუფლებულ ან დაკეტილ საცხოვრებელ ბინებში ლტოლვილებისათვის დროებით ჩასახლებისა და ცხოვრების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ბრძანებულების საფუძველზე, სადავო საცხოვრებელ ბინაზე მისი სარგებლობის უფლების ცნობა. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ. ჩ-ი სადავო ბინაში საპატიო მიზეზით არ ცხოვრობდა 6 თვის მანძილზე; ამასთან გ. ჩ-ს არასოდეს უსარგებლია აღნიშნული ბინით, რაც შეიძლება დადასტურდეს ბინის მცხოვრებთა ჩვენებებით. 1997წ. იანვარში, როდესაც გ.ჩიქოვანის სახელზე გაიცა სადავო ბინის ორდერი, ბინა ირიცხებოდა ნ. ი-ოს სახელზე, რომელიც 1989წ. 5 იანვარს ჩაეწერა აღნიშნულ ბინაში, ხოლო შ. ღ-ა შესახლებული იქნა ბინის დამქირავებელ ნ. ი-ოს თანხმობით და ამდენად, ბინაში არ შეჭრილა.
რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოებისას საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილი, თანამოპასუხედ _ ი. ჟოლობოვა-ღვინჯილია, ხოლო თანამოსარჩელედ თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც მხარი დაუჭირა გ. ჩიქოვანის სარჩელს მოპასუხე ღვინჯილიას ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-სა და თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ შ. ღ-ა მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნენ თბილისში, ... ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალი სახით გადაეცეს გ. ჩ-ს, ხოლო შ. ღ-ას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ღ-ამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მისი ოჯახთან ერთად ბინაში დატოვება აფხაზეთის საკითხის დარეგულირებამდე ან ფართით დაკმაყოფილებამდე, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შემთხვევაში, აპელანტმა მოითხოვა საქმის განსჯადობით განსახილველად სოხუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემა, გ. ჩ-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობა, ხოლო შ. ღ-ას გამოსახლების შემთხვევაში, მის მიერ გაწეული რემონტის ხარჯების 1800 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო წარმოების დროს საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინებით შ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივით:
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ. ღ-ას შეგებებული სარჩელის განხილვისას საქმეში სათანადო მოპასუხედ არ იქნა ჩაბმული გ. ჩ-ის სახელზე ბინის ორდერის გამცემი ორგანო _ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, ასევე საქმე განხილული იქნა თანამოპასუხე ი. ღ-ას მოწვევის გარეშე, რაც სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების აბსოლუტურ საფუძველს. გარდა ამისა, პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 975-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თავდაცვის სამინისტრომ და გ. ჩ-მა. თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინების გაუქმება, თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილება და შ. ღ-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
კასატორის განმარტებით, სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ბინა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებას და ვერც შ. ღ-ას მიერ იქნა დამტკიცებული გ. ჩ-ზე გაცემული ბინის ორდერის უკანონობა, ხოლო რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებზე შ. ღ-ას მიერ გაწეული ხარჯების 1800 აშშ დოლარის გ. ჩიქოვანისათვის დაკისრებას, რაიმე მტკიცებულება იმისა, თუ რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული თანხის გამოანგარიშება, არ არის წარმოდგენილი, რის გამოც რაიონულ სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა მოპასუხის იურიდიულად დაუსაბუთებელ მოთხოვნებზე. რაც შეეხება რაიონული სასამართლოს მიერ ი. ღვინჯილიას არმოწვევას, აღნიშნულით არ დარღვეულა სსკ-ს 394-ე მუხლი, რადგან ი. ღვინჯილია არის შ. ღვინჯილიას მეუღლე და მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქმეში ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ჩართვის აუცილებლობის შესახებ. რადგან ის ფაქტი, რომ სადავო ბინა არის თავდაცვის სამინისტროს საკუთრება, დასაბუთებულია მტკიცებულებებით, სადავო არ გამხდარა და გამგეობა ამ შემთხვევაში მესაკუთრის ნების აღმასრულებელი იყო.
კასატორმა გ. ჩიქოვანმა უსაფუძვლოდ და იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება და შემდეგ გარემოებათა გამო მოითხოვა მისი გაუქმება:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” პუნქტი და 85-ე მუხლი. კერძოდ, სსკ-ს 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის მოპასუხე შეიძლება იყოს მხოლოდ ძირითადი სარჩელის მოსარჩელე ანუ თავად გ. ჩიქოვანი, ხოლო ისანი-სამგორის გამგეობის სათანადო მოპასუხედ ცნობისათვის, შეგებებული სარჩელის თავდაპირველი მოპასუხე – გ. ჩიქოვანი ცნობილი უნდა ყოფილიყო არასათანადო მოსარჩელედ და შეცვლილიყო ისანი-სამგორის რაიონის გამგეობით. გ. ჩიქოვანის არასათანადო მოსარჩელედ ცნობა კი, კასატორის აზრით, მისთვის უფლების სასამართლო წესით დაცვაზე უარის თქმა იქნებოდა, რადგან მას, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს, შ. ღვინჯილიას მიმართ ვინდიკაციური სარჩელის შეტანის უფლება ჰქონდა, თანახმად სკ-ს 160-ე მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინის ორდერის ბათილად ცნობა მხოლოდ ცალკე სასარჩელო წარმოების საგანი შეიძლება გამხდარიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” პუნქტი. კერძოდ, არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ შ. ღ-ა ორდერის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოსარჩელეა, რადგან სადავო ბინის მიმართ მას კანონიერი უფლება არ გააჩნია.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 386-ე მუხლი და 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და თავად არ გამოიტანა საქმეზე ახალი გადაწყვეტილება, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად იქნა განხილული და დადგენილი საქმის გარემოებები, გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჩიქოვანის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის განჩინებით, საპროცესო ნორმების დარღვევათა გამო, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისი მითითებებით საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. ამდენად, საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატას საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და არც სამართლებრივ საკითხებზე უმსჯელია. სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, სააპელაციო პალატას უფლება აქვს შესაბამისი მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატას შეუძლია არ გადაუგზავნოს საქმე რაიონულ სასამართლოს და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმის დაუბრუნებლად, დავის არსებითად გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების დროულად განხორციელების, სასამართლო დავების ოპერატიულად გადაწყვეტისა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სააპელაციო პალატამ შეძლებისდაგვარად თავი უნდა შეიკავოს ხელახლა განსახილველად საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებისგან და არსებითად თავად უნდა განიხილონ დავა, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლო ისევე, როგორც რაიონული სასამართლო, პროცესუალურად შეუზღუდავია, მას შეუძლია გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ს 380-ე მუხლის თანახმად. სააპელაციო პალატაში ასევე შესაძლებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა, მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებათა არსებითი გამოკვლევა, რაც საკასაციო ინსტანციაში დაუშვებელია, რადგან საკასაციო სასამართლო მხოლოდ ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას, სასამართლოს მიერ კანონების სწორად გამოყენება-განმარტებას. ამავე კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში აგრეთვე დასაშვებია დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შესაძლებელია შეგებებული სარჩელის აღძვრაც.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვა იგივე წესების დაცვით წარმოებს, რაც რაიონული სასამართლოსათვის არის დადგენილი, სსკ-ს 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია არსებითად განიხილოს დავა. კონკრეტულ შემთხვევაშიც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო პროცესუალურად შეუზღუდავი იყო და მას ჰქონია შესაძლებლობა რაიონულ სასამართლოში საქმის დაბრუნების გარეშე, თავად გამოესწორებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებული დარღვევები და საკასაციო პალატის აზრით, 3 წლის მანძილზე ისედაც გაჭიანურებული საბინაო დავა თავად უნდა გადაეწყვიტა, რადგან “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება სწორედ დავის დროულად და გონივრულ ვადაში გადაწყვეტასაც გულისხმობს. ამიტომ საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჩიქოვანის საკასაციო საჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ და თვლის, რომ დავის დროულად განხილვისა და უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას, თანახმად სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა არ იზიარებს გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას დავაში ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მართებულად ჩაბმის შესახებ, რადგან მოპასუხე შ. ღვინჯილია შეგებებული სარჩელით ითხოვს გ. ჩიქოვანის სახელზე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულოა იმ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, რომელმაც განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ქმედება ან გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში კი დავის საგანს სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება ანუ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ საბინაო ორდერის გაცემა და შესაბამისად, ორდერის ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, რადგან დავის საგანია ბინის ორდერის ბათილად ცნობა, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, ასევე იმსჯელოს გ. ჩ-ის სახელზე გაცემული სადავო ბინის ორდერში შესული სრულწლოვანი პირების (მეუღლე) საქმეში მოწვევის შესახებ, რადგან საკასაციო პალატის აზრით, საბინაო ორდერის ბათილად ცნობა უდავოდ ეხება ორდერში ჩაწერილ პირთა ინტერესებს.
რადგან სააპელაციო პალატას საქმე არსებითად არ განუხილავს, არც ფაქტობრივი გარემოებები დაუდგენია და საჭიროა საქმეში სათანადო პროცესუალური სუბიექტების მოწვევა, საკასაციო პალატა სსკ-ს 411-ე მუხლიდან გამომდინარე პროცესუალურად არაუფლებამოსილია საქმეზე გამოიტანოს არსებითი გადაწყვეტილება. ამიტომ თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჩიქოვანის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინება და სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჩიქოვანის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.