გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-131-309-კ-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: უკანონო საჩრდილობლის აღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 მაისს დიდუბის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თ. ჩ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა თ. ჩ-ემ ,,ქ.” შეთანხმებული პროექტისა და შესაბამისი ორდერის გათვალისწინებით მოაწყო საჩრდილობელი. ქ. თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-დიზაინერული ობიექტის განთავსების უფლების ორდერს ვადა გაუვიდა 1998წ. 23 ივნისს. დიდუბის რაიონის გამგეობამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ორდერის ვადის გაგრძელება და მოპასუხეს მოსთხოვა უკანონო საჩრდილობლის აღება, რაზეც მან უარი განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა თ. ჩ-ის მიერ ქ. თბილისში, ... მოწყობილი უკანონო საჩრდილობლის მოშლა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მოპასუხე თ. ჩ-ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ გამგეობამ საჩრდილობლის მოწყობაზე ნებართვა გასცა ... მცხოვრები მეზობლის, მ. ქ-ის თანხმობის საფუძველზე, ხოლო 4 თვის შემდეგ გამგეობამ ნებართვა შეცვალა ორდერით და განმარტა, რომ ორდერი გაიცა მხოლოდ ერთი წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჩრდილობელი დაკანონდებოდა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით დიდუბის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ჩ-ეს დაევალა უკანონოდ მოწყობილი საჩრდილობლის მოშლა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონის გამგეობის ნებართვის, ,,ქ.” შეთანხმებული პროექტისა და შესაბამისი ორდერის საფუძველზე ... მდებარე სახლის წინ (ქუჩის მხრიდან) მოაწყო საჩრდილობელი. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ორდერის ვადა გავიდა 1998წ. 23 ივლისს, მაგრამ მისი თხოვნის მიუხედავად, დიდუბის რაიონის გამგეობამ ორდერის ვადის გაგრძელებასა და საჩრდილობლის შემდგომ დაკანონებაზე უარი განაცხადა და სასამართლო წესით ითხოვა საჩრდილობლის მოხსნა იმ მოტივით, რომ აპელანტის ზემოთ მცხოვრები მეზობელი მ. ქ-ე ითხოვდა საჩრდილობლის აღებას. მეზობელი კი თანხმობის სანაცვლოდ ითხოვდა მისგან 5000 აშშ დოლარს.
აპელანტის განმარტებით, საჩრდილობლის მოწყობის ხარჯები 2500 აშშ დოლარამდე თავის დროზე იკისრა ნ. კ-ამ, რომელიც 1998 წლიდან 2000 წლამდე სარგებლობდა მისი ოთახითა და საჩრდილობლით იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ბინის ქირას არ გადაიხდიდა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ დათქმული პირობით ნ.კ-ას მიერ გამონთავისუფლებული ობიექტის მასზე გადაცემის შემდეგ გამგეობამ აღარ გაითვალისწინა თხოვნა საჩრდილობლის დაკანონებაზე და მისი აღება ითხოვა არა 1998წ. 23 ივლისს, როდესაც ორდერს ვადა გაუვიდა, არამედ 2000წ. 25 მაისს, მისი მდგმურის ნ. კ-ას წასვლის შემდეგ.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება არის უკანონო, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს არ უნდა მიეღო დიდუბის გამგეობის სასარჩელო განცხადება, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა დაცული სსკ-ს 177-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნები, ხოლო თვით 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სსკ-ს 177-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა ქალაქის დიზაინის სამსახურის _ ,,ქ.” _ ¹12/121 ორდერის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და თბილისში, ... მდებარე სახლის წინ საჩრდილობლის დაკანონების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის სხდომაზე აპელანტმა უარი თქვა ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით მოცემული დავა ჩაითვალა ადმინისტრაციულად, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ და სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საქალაქო მმართველობასა და რაიონულ გამგეობებს შორის ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 13 ივლისის ¹06.01.115 დადგენილება და არასწორად განმარტა იგი.
კასატორის განმარტებით, რადგან ორდერს ვადა გაუვიდა 1998წ. 23 ივნისს სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამ პერიოდში არსებული კანონმდებლობა, კერძოდ, ,,ქ.თბილისში საერთო სარგებლობის მიწის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 23 აპრილის ¹08.02.148 დადგენილების 8.3 პუნქტი. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა, აგრეთვე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც მიიღო უკანონო განჩინება.
კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის სარჩელი და მოხდება ქალაქ დიზაინის სამსახურის _ ,,ქ.” _ ¹12/121 ორდერის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება ქ. თბილისში ... მდებარე საჩრდილობლის დაკანონების გზით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1995წ. 23 მარტის ¹02.01.06 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეკლამების (სარეკლამო, საინფორმაციო, სააფიშო სტენდები და აბრები, მხატვრული პანოები, სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა ობიექტების ვიტრინები, ექსტერიერები, ინტერიერები და სხვა) და მცირე არქიტექტურულ-დიზაინერული ფორმების (პავილიონები, ჯიხურები, დახლები, დროებითი ავტოგასამართი სადგურები და სხვა) განთავსებისა და მათზე გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის წესის” პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტების თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცირე არქიტექტურულ-დიზაინერული ფორმების განთავსების მსურველ იურიდიულ და ფიზიკურ პირს უნდა მიემართა არქიტექტურისა და ქალაქგანვითარების დეპარტამენტისათვის, რომლის მიერ განცხადება და განსათავსებელი ობიექტის ესკიზური მასალა უნდა განხილულიყო და გადაწყვეტილიყო რაიონის არქიტექტორის მონაწილეობით. საქალაქო სამსახურებთან ობიექტის განკუთვნილ ადგილზე განთავსებასთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებას ახორციელებდა არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტი. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტი გასცემდა ობიექტის დროებით, ერთიწ. ვადით, განთავსებისათვის ნებართვას (ორდერს). ვადის გასვლის შემდეგ ხელმეორე რეგისტრაცია ხდებოდა იგივე წესით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის სამსახურმა, ,,ქ.”, თ. ჩ-ის სახელზე გასცა ქ. თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-დიზაინერული ობიექტის განთავსების უფლების ¹12/121 ორდერი ქ. თბილისში, ... საჩრდილობლის განთავსების თაობაზე. აღნიშნული ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1997წ. 23 ივნისიდან 1998წ. 23 ივნისამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, თ. ჩ-ემ აღნიშნა, რომ ორდერის მოქმედების ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ორდერის მოქმედების გაგრძელების თაობაზე მას აღარ მიუმართავს არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტისთვის, რაც გათვალისწინებული იყო თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1995წ. 23 მარტის ¹02.01.06 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,წესის” მე-4 პუნქტით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ,,წესის” თანახმად, ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ორდერს ავტომატურად უნდა გაგრძელებოდა ვადა, თუნდაც თ. ჩ-ეს არ ეთხოვა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამსახურისთვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1999წ. 15 ივლისს ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო ¹06.01.115 დადგენილება, რომლითაც დადგინდა, რომ რაიონული გამგეობების მიერ უნდა განხორციელებულიყო რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის შეცვლის, მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსების, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, მიშენება-დაშენების საკითხებზე დადგენილი წესით შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უფლება ჰქონდა სარჩელი აღეძრა სასამართლოში და ეთხოვა თ. ჩ-ის მიერ საჩრდილობლის აღება და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,ქ. თბილისში საერთო სარგებლობის მიწის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 23 აპრილის ¹08.02.148 დადგენილების 8.3 პუნქტი.
მითითებული ნორმის თანახმად, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს რაიონულ გამგეობებთან ერთად დაევალა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა უწყებრივი ნებართვებით აშენებული ცალკე მდგომი ობიექტების, აგრეთვე, შენობებზე მიშენებული, კანონიერ საზღვრებს გარეთ გამოსული სავაჭრო და კომერციული ობიექტების მეპატრონეების მიერ არსებული წესით მიწით სარგებლობის დოკუმენტების გაფორმების უზრუნველყოფა იმ ან ნამატ ფართობზე, რომლებიც მათ ეკავათ მიწის კანონმდებლობის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ნორმა არ იყო იმის საფუძველი, რომ თ. ჩ-ეს ავტომატურად გაგრძელებოდა ორდერის მოქმედების ვადა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. ჩ-ეს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს. სააპელაციო საჩივარში ითხოვა ,,ქ.” მიერ 1997წ. 23 ივნისს გაცემული ¹12/121 ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება და სადავო საჩრდილობლის დაკანონება, თუმცა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის სხდომაზე თ. ჩ-ემ და მისმა წარმომადგენელმა უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნაზე და ითხოვეს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც საქმეზე სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.