Facebook Twitter

783აპ. 26 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-ია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე დაეკისრა 33 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, 1060 ლარის გადახდა დაზარალებულის სასარგებლოდ.

განაჩენის მიხედვით, გ. შ-ას ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 24 მაისს გ. შ-ია დაუკავშირდა დ. მ-სა და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს, რომლებთან ერთადაც განიზრახა, ფულისა და ფასეულობის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹717-ში მცხოვრებ მ. დ-ას ოჯახს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 25 მაისს, დაახლოებით 5 საათზე, ისინი, პისტოლეტებით შეიარაღებულები, მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე, მოახერხეს საცხოვრებელი ბინის აივანზე შეღწევა, შევიდნენ ბინაში და იქ მყოფ დაზარალებულებს _ მ. დ-ას, ქ. დ-ას, ვ. დ-სა და ი. მ-ეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 41 000 აშშ დოლარი (77 900 ლარი) და მრავალი ძვირფასი ნივთი, 5750 ლარის საერთო ღირებულებით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ---ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ს-მა და მსჯავრდებულ გ. შ-ას დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ამ. სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებას და 12 (თორმეტი) წლის ვადით თავისფლების აღკვეთის დანიშვნას.

მსჯავრდებულის დამცველი თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა გ. შ-ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, სასამართლო გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო პროკურორ შ. ს-ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. შ-ას ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზომამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. შ-ას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებითა და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით სარწმუნოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ გ. შ-ას მონაწილეობა იმ ქმედების ჩადენაში, რომელიც მას ბრალად შეერაცხა სასამართლოს განაჩენით. საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად, ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, რომელთაც შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ საქმის შედეგზე. განაჩენით საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სწორად, რომელთაც მიცემული აქვთ სათანადო სამართლებრივი შეფასება, ქმედების ჩადენისას მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომას, უნდა აღინიშნოს, რომ მისი განსაზღვრისას სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი ჩადენისას მსჯავრდებულის მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დაზარალებულთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ხასიათი და, აქედან გამომდინარე, მისი ჩამდენის პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულით მიყენებული ზიანის მოცულობა და საქმის სხვა გარემოებები.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს აუცილებელ ზომას სასჯელის მიზნების მისაღწევად და ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს, მსჯავრდებულ გ. შ-ას უარი უნდა ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსჯავრდებულ გ. შ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, კერძოდ, აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლითაც იმავე ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 15 (თხუთმეტი) წლიდან შემცირდა 9 (ცხრა) წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რის გამოც შესაბამისად უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. შ-ას ქმედების კვალიფიკაცია ზემოაღნიშნულ ნაწილში.

განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილება მსჯავრდებულ გ. შ-ას მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. შ-ას ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ გ. შ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.