Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-138-316-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:
მოწინააღმდეგე მხარე მ. ჯ-მა 2002წ. 16 იანვარს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საგადასახადო სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ შემდეგი მოტივით მოითხოვა სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-76 ბრძანების უკანონოდ ცნობა და სამუშაოზე აღდგენა:
მოსარჩელის აზრით, სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება უკანონოა, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით, ატესტაციის შედეგების გამო, იგი დათხოვნილ იქნა დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში და სამი შვილის დედა უსახსროდ დატოვეს. მოსარჩელე თვლის, რომ მისი სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან სადავო ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 2001წ. 10 ოქტომბერს. იმავე წლის 14 ოქტომბერს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მან განცხადებით მიმართა საგადასახადო შემოსავლების მინისტრს და 2002წ. 14 იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ორ დღეში, 16 იანვარს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მისი აღდგენისა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით დროებითი შრომისუუნაობის პერიოდისათვის დადგენილი დახმარებების ანაზღაურების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
1. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს სადავო ¹კ-76 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹281 და ¹301 ბრძანებულებების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მ/წლის 21 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების საგადასახადო ინსპექტორი ი. ჯ-ი თანახმად, ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლისა;
2. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად ცნო და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ მ. ჯ-ი სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში, 2000წ. 18 აგვისტოსათვის იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და რომ მოსარჩელეს ჰყავს სამი შვილი: 1996წ. 26 მარტს დაბადებული ზ. ვ-ე, 2000წ. 3 ივლისს დაბადებული ლ. ვ-ე და 2001წ. 5 დეკემბერს დაბადებული გ. ვ-ე;
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2000წ. 18 აგვისტოს სადავო ბრძანების თაობაზე მ. ჯ-ისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 10 ოქტომბერს, რადგან მოსარჩელე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და მისი გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება და შრომის წიგნაკი მას არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით;
4. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მ. ჯ-ის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და სკ-ს 138-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მოსარჩელე შეეცადა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა შესაბამისი სამინისტროსათვის მიმართვის გზით, პალატამ ჩათვალა რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2001წ. 12 ოქტომბრიდან (მოსარჩელის მიერ შემოსავლების სამინისტროსათვის მიმართვიდან) 2002წ. 14 იანვრამდე (დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან უარყოფითი პასუხის მიღებამდე), სარჩელი კი წარდგენილი იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2002წ. 16 იანვარს ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით;
5. სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მ. ჯ-ის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების არაკანონიერების თაობაზე, რადგან ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს ორსულობის ან დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში შტატების შემცირების, ასევე ატესტაციის შედეგების გამო. პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ მ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად ზოგადად მითითებულია ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლი, თუმცა დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ იგი გაფრთხილებული არ ყოფილა.
საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
1. კასატორის აზრით, უსწოროა სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, თითქოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 10 ოქტომბრიდან, რადგან მოსარჩელისათვის ფაქტობრივად ჯერ კიდევ 2000წ. ივლისისათვის იყო ცნობილი, თუ არ ჩააბარებდა საკონკურსო-საკვალიფიკაციო გამოცდებს, მოხდებოდა მისი გათავისუფლება. ამიტომ მოსარჩელემ, მართალია, მიიღო მონაწილეობა საკვალიფიკაციო გამოცდებში, მაგრამ ქულათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა;
2. კასატორს მიაჩნია, რომ მ. ჯ-ის სარჩელი ხანდაზმულია, მას გაშვებული აქვს ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით იმპერატიულად განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. ამიტომ სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილში არასწორია.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. რადგან მოსარჩელე მ. ჯ-ი სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-76 სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ანუ წერილობითი მტკიცებულება სადავო ბრძანებისა და შრომის წიგნაკის ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლით დადგენილი წესით მ.ჯ-ისათვის ჩაბარების შესახებ, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოება, რომ 2000წ. 18 აგვისტოს ბრძანების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 10 ოქტომბერს და საკასაციო საჩივრის პირველ მოტივს, დაუსაბუთებლობის გამო, პალატა ვერ გაიზიარებს;
2. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მ.ჯ-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის დიდი პალატის განჩინებაში (საქმე ¹3გ/ად-23-გ-02) საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, სამართლებრივად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობა-შეცვლა-შეწყვეტისაკენ (სკ-ს 50-ე მუხლი). ამიტომ ამგვარი დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა, სადაც დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების, ადმინისტრაციული ორგანოს, კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ მ. ჯ-თან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შრომითი ხელშეკრულება, როგორც ადმინისტრაციული გარიგება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რასთან დაკავშირებითაც, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოიყენება სკ-ს ნორმები;
ბ) მართალია, სპეციალური კანონის, ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება-განკარგულების მოხელის მიერ ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში გასაჩივრების შესახებ ანუ სპეციალური კანონით დაწესებულია შრომით დავებზე ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ მასში არ არის განმარტებული ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების, ვადის დენის შეჩერება – შეწყვეტის საკითხები, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსით;
გ) ვინაიდან კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება სადავო ბრძანებისა და შრომის წიგნაკის კანონმდებლობის შესაბამისად მოსარჩელისათვის ჩაბარების შესახებ და რადგან საკასაციო პალატა დადასტურებულად თვლის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 10 ოქტომბერს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა ამ თარიღიდან _ 2001წ. 10 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს, რადგან სკ-ს 130-ე მუხლის მიხედვით: ”ხადაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ”.
დ) საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, 2001წ. 12 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საგადასახადო შემოსავლების მინისტრს სამუშაოზე აღდგენის შესახებ და სასამართლოში დავის გარეშე კომპეტენტურ ორგანოში მიმართვით შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია. აღნიშნული ნორმის მიხედვით: ”ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება”. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უფლებამოსილი ორგანოსათვის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის მ. ჯ-ის მიერ 2001წ. 12 ოქტომბერს მიმართვით, სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოდან პასუხის მიღებამდე შეწყდა 2001წ. 10 ოქტომბრიდან (ამავე კოდექსის 130-ე მუხლი) დაწყებული ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.
2001წ. 12 ოქტომბრის განცხადებაზე მოსარჩელე მ. ჯ-ს კასატორი – დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ უარყოფითი პასუხი გაეცა 2002წ. 14 იანვარს, ხოლო სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ მ. ჯ-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრა პასუხის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 2002წ. 16 იანვარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შემდეგ სარჩელი აღძრულია ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვით, ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე კასატორის მითითება უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასება-დადგენითა და ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე და სკ-ს 138-ე მუხლების სწორი გამოყენება-განმარტებით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოლეგიის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.