გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-139-317-კ-03 27 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: აუქციონების შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 თებერვალს შ. შ-მა სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სააღსრულებო ბიუროსა და ქ. გ-ის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ქ. გ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის განჩინებით დაინიშნა მოპასუხე ქ. გაგნიძის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე იძულებითი აუქციონი. 2000წ. 26 ივლისის აუდიტორული დასკვნით ქ. თბილისში, ... მდებარე ქ. გ-ის კუთვნილი ¹15 საცხოვრებელი ბინა, შეფასდა 9000 ლარად, აუქციონის დღედ გამოცხადდა 7 აგვისტო, მაგრამ აუქციონი არ შედგა მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო. ასევე არ შედგა 2000წ. 25 აგვისტოს დანიშნული განმეორებითი აუქციონი. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ზემოაღნიშნული აუქციონების ჩატარებისას დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილები, 25-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილები, სსკ-ს 70-78-ე მუხლები.
მოსარჩელის განმარტებით, ასევე დარღვეულია სკ-ს 306-ე მუხლისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა პროცესის ხარჯებსა და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს, თუკი ეს არ მოხდება, მაშინ აუქციონი არ ჩატარდება და აუქციონის ხარჯები დაეკისრება მესაკუთრეს. ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სასამართლო აღმასრულებელს უძრავი ქონება უნდა შეეფასებინა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტს დამატებული სააღსრულებო და პროცესის ხარჯები, რაც გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე 9000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2000წ. 7 და 26 აგვისტოს ჩატარებული აუქციონების შედეგების ბათილად ცნობა.
მოპაუხე ქ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი არის ხანდაზმული და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ
ა. ო-ის მიერ 2000წ. 7 აგვისტოს და 25 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ რადგან დავალიანება შეადგენდა 6000 აშშ დოლარს, ხოლო აღმასრულებელმა უძრავი ქონება შეაფასა 9000 დოლარად, ეს თანხა ვერ ფარავდა კრედიტორის ვალს და სააღსრულებო ხარჯებს და ამდენად, სკ-ს 306-ე და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 77-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუკი შეფასება ვერ ფარავდა ვალსა და ხარჯებს, ასეთ დროს აუქციონი არ უნდა ჩატარებულიყო. აპელანტის განმარტებით, აუქციონი ისედაც არ ჩატარებულა მყიდველის არარსებობის გამო.
აპელანტის განმარტებით, შ. შ-მა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, რაც 2000წ. 5 დეკემბერს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, თუკი აუქციონზე უძრავი ნივთი არ გაიყიდება, ის ნატურით გადაეცემა კრედიტორს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონები ჩათვალა წესების დარღვევით ჩატარებულად, მაშინ როდესაც საქმის მასალებიდან ჩანს, რომ შ. შ-მა თავად მიიტანა ორჯერვე განცხადება გაზეთში გამოსაქვეყნებელად და ესწრებოდა ორივე აუქციონს.
კასატორის განმარტებით, მეორე აუქციონზე ბინის ფასი იყო 9000 ლარი, მაგრამ მყიდველი არ აღმოჩნდა. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მიხედვით ფასი 6000 აშშ დოლარი მაინც უნდა ყოფილიყო. თუმცა კასატორი მიუთითებს, რომ ბინა არა თუ 6000 აშშ დოლარად, 9000 ლარადაც ვერ გაიყიდა. ამ შემთხვევაში კი ითვლება, რომ აუქციონი არ შედგა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 1 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარში დაყენებული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ქ. გ-ეს მოსარჩელე შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა ის კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დაცვით და არ არსებობს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმებით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, ხოლო იმავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროსა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით, რაც განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას აღმასრულებელს არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სკ-ს 306-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აუქციონის მეორედ ჩატარებისას ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს, არ შეუსრულებია სასამართლო აღმასრულებელს, რადგანაც 2000წ. 7 აგვისტოსა და 26 აგვისტოს ჩატარებული აუქციონების დროს სადავო ბინის საწყის ფასად გამოცხადებული იყო 9000 ლარი, მაშინ, როდესაც კრედიტორ შ. შ-ის მოთხოვნა ქ. გაგნიძის მიმართ, შეადგენდა 6000 აშშ დოლარს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა და სწორად გამოიყენა სკ-ს 306-ე მუხლი და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი განჩინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. გაგნიძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.