გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-14-219-კ-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: უკანონო ნაგებობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე გ. გ-ის მიერ უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის გ. გ-ისავე ხარჯებით აღება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია დაკავებული მიწის ფართობით სარგებლობის კანონიერი უფლება, ასევე არ გააჩნდა ჯიხურის ჩადგმისთვის სავალდებულო თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის ნებართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. გ-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით თბილისში ... მდებარე თვითნებულად ჩადგმული ჯიხურის აღება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
საჩივარში აპელანტი მიუთითებდა, რომ მას გააჩნია გადასახადის და ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელის მოწმობა ე.ი. ვაჭრობის ნებართვა, ამიტომ მის მიერ ჩადგმული ჯიხური არ შეიძლება უკანონოდ იქნეს მიჩნეული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია კასატორს არ აქვს შესაბამისი სამსახურების ნებართვები, კერძოდ, მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის თანხმობა ჯიხურის ჩადგმაზე, მაგრამ სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ დოკუმენტებისათვის, რომლებიც მას უფლებას აძლევს აწარმოოს სავაჭრო საქმიანობა. კერძოდ, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელსა და ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის მოწმობები, იხდის რა გადასახადებს _ სახელმწიფო ამით აღიარებს მისი საქმიანობის კანონიერებას, თუნდაც ეს საქმიანობა იყოს დროებითი.
სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია, არის თუ არა გამგეობა სათანადო მოსარჩელე, რადგან ჯიხურებისა და მცირე ფორმის დროებითი კონტეინერების აღების მოთხოვნის უფლება აქვს არა გამგეობას, არამედ ქ. თბილისის მერიის ადმნისტრაციულ ინსპექციას. ამდენად, საქმის განხილვის დროს დაირღვა სსკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნები.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი, ამით დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა გ. გ-ს ჯიხურის აღებისათვის აძლევდა 4 თვის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც კასატორი კისრულობდა საკუთარი ხარჯებით ჯიხურის აღების ვალდებულებას. მითითებული აქტი ხელმოწერილი და დადასტურებული იყო ორივე მხარის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივარის საფუძვლებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა მორიგების აქტის კანონიერება მიიჩნევს, რომ მორიგება კანონიერია და ექვემდებარება დამტკიცებას. კერძოდ:
მორიგების აქტის საფუძველზე კასატორი _ ფიზიკური პირი ადასტურებს მისი მხრიდან ჩადგმული ჯიხურის არაკანონიერებას და ითხოვს ოთხი თვის ვადას ჯიხურის აღებისათვის, ამასთან ჯიხურის აღება განხორციელდება მისივე ხარჯებით.
გამგეობის წარმომადგენელი თანახმაა აღნიშნულ პირობებზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხები, უფლებამოსილია მხარეს დაუდგინოს გარკვეული ვადა ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით. ამდენად, აღნიშნული არ სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს და შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. რაც შეეხება გამგეობის წარმომადგენლობის უფლებამოსილების საკითხს, საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის რწმუნებულება, რომელიც შედგენილია სსკ-ს 98-ე მუხლის შესაბამისად და შეიცავს სპეციალურ მითითებას საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე.
ამდენად, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი კანონის საფუძველზე, უფლებამოსილია გამგეობის სახელით დაადასტუროს მორიგების აქტი.
აქვე საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მორიგების პირობების დაუცველობის შემთხვევაში განჩინება მიექცევა იძულებითი წესით აღსასრულებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 272-ე მუხლის «დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
გ. გ-ს მიეცეს ოთხი თვის ვადა რომლის გასვლის შემდეგაც ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით თავისი ხარჯებით მოახდენს ჯიხურის, მდებარე ... მიმდებარე ტერიტორიიდან აღებას.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.