Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-144-315-კ-03 31 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ჩათვლის უფლების მიღება და ფინანსური სანქციებისაგან განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 ივლისს შპს “ს. უ. პ.”-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილების _ შპს “ს. უ. პ.” დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლების გაუქმების შესახებ ბათილად ცნობა, მოპასუხეების დავალდებულება ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შპს-სათვის ჩათვლის უფლების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღებაზე და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ მოსარჩელესათვის დარიცხული ფინანსური სანქციების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ 2002წ. 15 იანვრის ¹11/63 წერილით აცნობა, საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის 2001წ. 26 დეკემბრის ¹1-11/6978 წერილის მოთხოვნათა შესაბამისად 10 ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლების შეჩერების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ წერილში არ არის მითითებული ჩათვლების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე არ მიუთითებენ ეკისრება თუ არა შპს “ს. უ. პ.” საურავის გადახდა. აღნიშნულის გასარკვევად მოსარჩელე ორგანიზაციამ მიმართა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას, რომელმაც აცნობა, რომ შპს “ს. უ. პ.” ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 57660 ლარის ოდენობით, რაც გამოიწვია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული ჩათვლების შეჩერებამ.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საგადასახდო ორგანოსაგან ვერ იქნა მიღებული ამომწურავი ინფორმაცია ვერც გადასახადის დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ და ვერც იმის შესახებ, აკისრებდა თუ არა საგადასახდო ორგანო შპს “ს. უ. პ.” რაიმე ფინანსურ სანქციას ან საურავს. მიუხედავად ამისა, შემდგომში გაირკვა, რომ საწარმოს საურავი ყოველდღიურად ერიცხებოდა.

მოსარჩელე თვლიდა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ და საგადასახდო დეპარტამენტმა დაირღვა საგადასახადო კოდექსის 114-ე, 115-ე და 252-ე მუხლებისა და “დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ” ინსტრუქციის მე-16 მუხლის მოთხოვნები.

მოპასუხემ, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა საგადასახდო კოდექსის 114-ე მუხლის ბოლო აბზაცზე, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯერჯერობით გადახდილი არ იყო. ამავე დროს, მოპასუხემ მოითხოვა საქმეში მესამე პირად შპს “ს. უ. პ.” მომწოდებლების ჩართვა, რომლებსაც მოსარჩელემ დღგ-ს თანხა გადაუხადა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. უ. პ.” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002წ. 4 თებერვლის ¹1-11/581 ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელისთვის დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შესახებ და მოსარჩელეს აღუდგა 10 ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ს ჩათვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტი საჩივარში აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნა სათანადოდ გაგებული, თუ რას მოითხოვს საგასახადო კოდექსი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის განხორციელებისათვის. ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა ტოლფასია ბიუჯეტიდან თანხის მიღებისა და თუ დღგ-ს თანხა შემოსავლის მიმღების მიერ არ იქნა შეტანილი ბიუჯეტში, მაშინ ჩათვლის განხორციელებაც მყიდველისთვის შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ბიუჯეტში შეუტანელი დღგ-ს თანხის ჩათვლა ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ტოლფასია. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მათი განმარტება იმის შესახებ, რომ თუ საქონლის მომწოდებელი მიღებული შემოსავლიდან დროულად გადაიხდის ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ს თანხას, შპს “ს. უ. პ.” ავტომატურად აღუდგება დღგ-ს ჩათვლა. აპელანტმა ასევე მოითხოვა საქმის განხილვაში ინდ. მეწარმე “ვ. ც.” ჩართვა მესამე პირად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ს. უ. პ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი რომ ინდ. მეწარმე “ვ. ც.” და შპს “ს. უ. პ.” შორის ადგილი ჰქონდა საქონლის ყიდვა-გაყიდვას და რომ მოსარჩელემ წარუდგინა საგადასახადო სამსახურს ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წინაპირობა დღგ-ს ჩათვლის მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობით დღგ-ს ჩათვლის მიღება დამოკიდებულია დღგ-ს გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების, დღგ-ს თანხის ჩარიცხვის შესრულებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შპს-ს “ს. უ. პ.” წარმომადგენელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დაირღვა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტები.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ყველა ოპერაცია განხორციელებულია კანონის სრული დაცვით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის და საერთოდ საგადასახადო კანონმდებლობა მყიდველისთვის დღგ-ს ჩათვლის მისაღებად ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის მესამე პირის საგადასახადო ორგანოში წარდგენას და ამ მიზნით, არ აკისრებს გამყიდველს რაიმე სხვა ვალდებულების შესრულებას. კასატორის განმარტებით, კანონი დღგ-ს საქართველოს ბიუჯეტში გადახდას აკისრებს გამყიდველს და არა მყიდველს. კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დღგ-ს ბიუჯეტში შეტანის კონტროლი საგადასახადო ორგანოებს აკისრია და არა საქონლის მყიდველებს. საგადასახადო ორგანოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მიეღო საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამყიდველისაგან სადავო თანხების ამოღების მიზნით.

შპს “ს. უ. პ.” საურავების დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას ამაზე არც კი უმსჯელია, მაშინ როცა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით საურავების გადახდა ეკისრება გადასახადის გადამხდელს და არა სხვა პირს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ს. უ. პ.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ ყოფილა სრულყოფილად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეფასებული მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს საქმეში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევია ის პირი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არის.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი სააპელაციო საჩივარში ითხოვდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის საფუძველზე შპს “ს. უ. პ.” საქონლის მომწოდებლის, ინდივიდუალური მეწარმე “ვ. ც.” მესამე პირად ჩართვას, აღნიშნული საკითხი კი ფაქტობრივად არ ყოფილა განხილული და არ მიღებულა რაიმე გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ინდივიადუალური მეწარმე “ვ. ც.” (რომელსაც მოსარჩელემ დღგ-ს თანხა გადაუხადა) საქმეში მესამე პირად ჩაბმა და მისი მონაწილეობა საქმის განხილვაში ნათელს მოჰფენს სადავო საკითხს, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეყრდნობა. ინდ. მეწარმის საქმეში მესამე პირად ჩაბმით გაირკვევა, თუ რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ მომხდარა ინდ. მეწარმის მიერ სადავო დღგ-ს თანხების ბიუჯეტში შეტანა, რომელთა გადახდასაც დავალიანების გამო ითხოვენ საგადასახადო ორგანოები შპს “ს. უ. პ.”

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ინდ. მეწარმე “ვ. ც.” საქმეში მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, ამასთან საკასაციიო პალატა თავად ვერ მიიღებს საქმეზე გადაწყვეტილებას, რადგან დასადგენი და გამოსარკვევია ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და აღნიშნული მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 412 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის შპს “ს. უ. პ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.