Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-146-323-კ-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹7-403 ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ოქტომბერს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹7-403 ბრძანების გაუქმება, თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1999წ. 15 ივლისიდან საბაჟო «წითელი ხიდის” საინსპექტორო განყოფილების .... თანამდებობაზე მუშაობდა, რომლიდანაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 ოქტომბერს ¹7-403 ბრძანებით გათავისუფლდა. აღნიშნული ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი «მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე მ. გ-ის უარი გახდა», ხოლო სამართლებრივი საფუძველი «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი და 108-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონო იყო. ვინაიდან, გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რომელსაც 2002წ. 9 აგვისტოს მოაწერა ხელი, დაუკონკრეტებელი იყო და მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაცია მოხდებოდა, რომელსაც თან შტატების შემცირებაც მოჰყვებოდა, მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან შესაძლებელი იყო. მაგრამ, საბაჟო დეპარტამენტში შტატების შემცირება არ მომხდარა, რაც ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2002წ. 10 ოქტომბერს მ. გ-ისათვის გაგზავნილი ¹07-19/8781 წერილით დასტურდება, სადაც მითითებული იყო, რომ «საბაჟო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება სტრუქტურულ რეორგანიზაციამდე 1207 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა, მათ შორის, საბაჟო «წითელი ხიდის” საშტატო რიცხოვნება 46 საშტატო ერთეული იყო».

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი დამტკიცდა, რომელიც 2002წ. 10 სექტემბრიდან ამოქმედდა. საბაჟო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება 1207 საშტატო ერთეულით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო «წითელ ხიდზე” რეორგანიზაციამდე არსებული 46 საშტატო ერთეული 32 ერთეულამდე შემცირდა, ამ 32 ერთეულშიც კი ინსპექტორის თანამდებობა ანუ ის თანამდებობა, რომელიც მ. გ-ეს გათავისუფლებამდე ეკავა, არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ამდენად, მოსარჩელე თვლიდა, რომ ვინაიდან, საბაჟო დეპარტამენტში შტატების შემცირება არ მომხდარა, აღნიშნული მოტივით მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაცემა არ შეიძლებოდა ანუ მოცემულ შემთხვევაში «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის გამოყენება კანონსაწინააღმდეგო იყო.

მოსარჩელე მოითხოვდა, რომ საბაჟო დეპარტამენტს სასამართლოში წარედგინა საბაჟო «წ. ხ.” რეორგანიზაციამდელი საშტატო განრიგი, სადაც ყველა იმდროინდელი თანამდებობა იქნებოდა მითითებული, აგრეთვე, საბაჟო გამშვებ პუნქტ «წ. ხ.” დღეს არსებული საშტატო განრიგი, ასევე, აღნიშნულ სამსახურში დასაქმებულ მუშაკთა სახელობითი სია მათ მიერ დღეს დაკავებულ თანამდებობათა და 2002წ. 10 სექტემბრამდე დაკავებულ თანამდებობათა მითითებით, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ საბაჟო დეპარტამენტში შტატების შემცირებად წოდებულ პროცესში ისეთი მუშაკები იყვნენ მიღებულნი, რომელთაც საბაჟო სისტემაში საერთოდ არ უმუშავიათ, რაც შტატების შემცირების დროს დაუშვებელია. ამდენად, მოსარჩელე თვლიდა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ შკკ-ს 36-ე მუხლის მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა, ამასთან, რადგან შტატების შემცირება არ მომხდარა, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება უკანონო იყო, რადგან სადავო შემთხვევაში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹7-403 ბრძანება აღიარებულ იქნა არაკანონიერად. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2002წ. 3 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტი მიუთითებდა, რომ « ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358-ე ბრძანებულებით საბაჟო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, რის თაობაზეც, საბაჟო ორგანოებში მომუშავე მოხელეები (მათ შორის მ. გ-ე) გაფრთხილებული იყვნენ შტატების შემცირების შემთხვევაში მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი დამტკიცდა და ძველი გაუქმდა. ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, საბაჟო ,,წ. ხ.» ,,რეგიონალურ საბაჟო აღმოსავლეთის წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტად» იქნა რეორგანიზებული, ფუნქციონალურად სულ სხვა დატვირთვა მიეცა, გარკვეული ფუნქციები ჩამოშორდა, ასევე, ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც ადრე მას არ მოეთხოვებოდა. Aამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება ვის ენიჭებოდა კონკურსის წესით უნდა გარკვეულიყო. ვინაიდან, 1207 ადამიანისათვის ერთ დღეში კონკურსის ჩატარება შეუძლებელი იყო, ამიტომ 32 საშტატო ერთეულზე «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელეები კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ, ხოლო დანარჩენ 14 მოხელეს ამავე კანონის 97-ე მუხლის თანახმად, სხვა თანამდებობები შესთავაზეს, მათ შორის მ. გ-ეს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,ა.» საბაჟო გამშვებ პუნქტ «ვ.» ინსპექტორის თანამდებობა. აღნიშნულ შეთავაზებაზე მ. გ-ემ უარი განაცხადა, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი დამტკიცდა, რომელიც 2002წ. 10 სექტემბერს ამოქმედდა. საბაჟო დეპარტამენტის რიცხოვნება 1207 საშტატო ერთეულით, ხოლო საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წ. ხ.», რომელიც რეგიონალურ საბაჟო ,,ა.» სტრუქტურაში შედიოდა 32 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, აქედან, მ. გ-ის მიერ დაკავებული ინსპექტორის თანამდებობა არ შემცირებულა.A

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის და 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹7-403 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან მ. გ-ის გათავისუფლება არაკანონიერი იყო.

სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მითითებული მუხლებით განსაზღვრულია მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება და მხარის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარდგენილი შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, მ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში 2002წ. 3 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელე მ. გ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები და კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი განჩინება მიიღო.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებას ადგილი არ ჰქონია. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის და 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹7-403 ბრძანებით მ. გ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან არაკანონიერია, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი დამტკიცდა, რომელიც 2002წ. 10 სექტემბერს ამოქმედდა. საბაჟო დეპარტამენტის რიცხოვნება 1207 საშტატო ერთეულით, ხოლო საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წ. ხ.», რომელიც რეგიონალურ საბაჟო ,,ა.» სტრუქტურაში შედიოდა 32 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, ამასთან, მ. გ-ის მიერ დაკავებული ინსპექტორის თანამდებობა არ შემცირებულა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთმითითებული კანონის 97-ე მუხლითა და 108-ე მუხლის მე-3 პუნქტით მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით, უკანონოა. ამასთან, აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში შტატების შემცირების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, მ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში 2002წ. 3 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად, ,,საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.» ვინაიდან, კასატორს საკასაციო სასამართლოში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია Aარ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისატრციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.