Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-147-324-კ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ამხანაგობა “კ.-...”-ის 2000წ. 16 იანვრის საერთო კრებისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მაცხოვრებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაენგრიათ მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლები და სანაცვლოდ აეგოთ მრავალსართულიანი სახლი. ამ მიზნით 1990წ. 4 ივნისს ... ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრთა კრებამ იმსჯელა ბინის მშენებლობის ამხანაგობის ჩამოყალიბებაზე და ¹1 ოქმით შექმნა ბინათმენაშენეთა ამხანაგობა “კ.-....”. არჩეული იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაამტკიცა ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1990წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლ. ლ-ე. ამავე რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით მოხდა ამხანაგობა “კ.-....”-ის დაკომპლექტება.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გაჭიანურებისა და საჩივრების გამო ამხანაგობის გამგეობის მოთხოვნით დადგა საკითხი ამხანაგობიდან ზოგიერთი წევრის გაყვანის შესახებ და საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993წ. 12 მაისისა და 1996წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა ამხანაგობიდან წევრთა გაყვანა, რომელთა შორის დაყენებული იქნა ლ. მ-ის ამხანაგობიდან ამორიცხვის საკითხიც, რაც გამგეობის მიერ არ დაკმაყოფილდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავმჯდომარე ლ. ლ-ე გადაყენებული იქნა ხელმძღვანელის თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ მან ვერ უზრუნველყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და “კ.-....”-ის თავმჯდომარედ დაინიშნა ნ. გ-ი.

ინდმენაშენეთა ამხანაგობამ 2000წ. 16 იანვრის საერთო კრებაზე ოქმი ¹1 იმსჯელა ამხანაგობა “კ.-....”-ის გაუქმებაზე. ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ კრებაზე გაკეთებული განმარტებით, ამხანაგობის წინამორბედი თავმჯდომარის – ლ. ლ-ის დაუდევრობის გამო მშენებლობის დაწყება არ მოხერხდა, რასაც შედეგად მოჰყვა ბანკში ამხანაგობის წევრთა შენატანების გაუფასურება, შემდგომ მოხდა იმ ბანკის გაკოტრება, სადაც ამხანაგობის წევრთა მიერ შეტანილი იყო თახები, რის გამოც ამხანაგობის ანგარიშზე თანხა აღარ ირიცხება. ამხანაგობის მიერ ვერ მოხერხდა დაქირავებული ბინის ქირის გადახდა და მშენებლობის განხორციელება, რითაც დაირღვა ადგილობრივ მცხოვრებთა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. დებულება. აღნიშნულზე დაყდნობით, ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა “კ.-....”-ის გაუქმების შესახებ, რაც დამტკიცდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 19 აპრილის ¹4.14.55 გადაწყვეტილებით.

ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის ოქმი და გამგეობის გადაწყვეტილება ბინათმშენებლობის ამხანაგობა “კ.-....-ის” გუქმების შესახებ უკანონოდ მიიჩნია ამხანაგობის წევრმა ლ. მ-მა, რომელმაც გადაწყვეტილებების გაუქმებისა და ამხანაგობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნით შემდეგი მოტივით სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში:

მოსარჩელის მითითებით, ამხანაგობის გაუქმების შესახებ წევრთა საერთო კრება ჩატარდა ყველა წევრის მოწვევის გარეშე, კრების ოქმით არ განისაზღვრა, თუ რამდენი წევრი უნდა დასწრებოდა კრებას და რეალურად რამდენი დაესწრო. კრებამ არ მოიწვია ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ლ-ე, არ განხორციელდა მასთან ფინანსური ანგარიშსწორება. კრება ჩატარდა იმ წევრთა დაუსწრებლად, რომლებმაც თანხა შეიტანეს ამხანაგობაში, არ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწევა შემდგომში მიწის ნაკვეთსა და ბანკში შეტანილ თანხებს. აღნიშნული ოქმის დამტკიცება გამგეობის მიერ განხორციელდა ყოველგვარი შემოწმების გარეშე. კერძოდ, არ დადგინდა თუ რა თანხები გაიხარჯა და რა თანხა დარჩა ბანკში ამხანაგობის ანგარიშზე.

ლ. მ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ ამხანაგობის თავმჯდომარემ – ნ. გ-მა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმშენებლობის ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის ოქმი და საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 19 აპრილის სადავო გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობის წევრმა გ. ლ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 2000წ. 16 იანვრისათვის ამხანაგობა “კ.-...” შედგებოდა 8 წევრისაგან, რომელთა შორის იყო ლ. მ-იც. მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 2000წ. 16 იანვრის კრების ოქმთან დაკავშირებით. ამხანაგობის დებულების შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებდა ამხანაგობის წევრთა უმრავლესობით. აღნიშნულის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს 1997წ. სკ, თანახმად ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილისა. 934-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამხანაგობის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ხმათა უმრავლესობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობით და არა შენატანის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის სახელით რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სულ ცოტა ხუთი წევრის თანხმობა. ამხანაგობის წევრთა 2000წ. 16 იანვრის კრების ოქმის მიხედვით, რომელმაც განიხილა ამხანაგობის გაუქმების საკითხი, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა ხმათა უმრავლესობით. გარდა ამისა, ოქმში არ არის მითითებული, ამხანაგობის რამდენი წევრი ესწრებოდა სხდომას და დამსწრეთა უმრავლესობა შედგებოდა თუ არა ხუთი წევრისაგან, შესაბამისად გაურკვეველია იყო თუ არა უფლებამოსილი კრება მიეღო ამხანაგობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო კრების ოქმი არ აკმაყოფილებს დადგენილი წესების მოთხოვნებს, არ არის მითითებული სავალდებულო მონაცემები კრების უფლებამოსილების შესახებ, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

რაც შეეხება გამგეობის გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობის შექმნის ან გაუქმების საკითხი არ შედის რაიონის გამგეობის კომპეტენციაში და თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა ადმინისტრაციული ორგანოს, კონკრეტულ შემთხვევაში გამგეობას უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო უფლებამოსილების გადამეტებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიუდი ძალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა “კრონშტანტი-53”-ის თავმჯდომარე – ნ. გ-მა და ამხანაგობის ხუთმა წევრმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კერძოდ, ინდმენაშენეთა ამხანაგობა “კრონშტანტი-53”-ის გაუქმება, ლ. მ-ისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12წ. განმავლობაში მათ მიერ გადახდილი ბინის ქირის, ასევე ბინების დანგრევით გამოწვეული ზარალისა და უსაფუძვლო საჩივრები გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება. კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნიეს დაუსაბუთებლად ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, 2000წ. 16 იანვარს ჩატარებულ ამხანაგობის კრებას ესწრებოდა 7 წევრი, ე.ი. წევრთა უმრავლესობა, ხოლო გამგეობის მიერ ამხანაგობა გაუქმებული იქნა არა მხოლოდ კრების ოქმის, არამედ ადგილობრივ მაცხოვრებელთა განცხადებების საფუძველზე. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ 1991 წელს ამხანაგობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაიდო სკ-ს 930-ე მუხლის საფუძველზე, რადგან 1991 წელს აღნიშნული სამართლის ნორმა არ მოქმედებდა. ამასთან მითითებული ხელშეკრულებით, რომლის ხანდაზმულობის ვადაც გასულია, განისაზღვრა ამხანაგობის შემდგომ შემოსულ წევრთა ვალდებულებები.

კასატორებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც აღარ დავობენ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას ახალი სკ-ს ნორმების გამოყენების მართებულობაზე, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნიათ “კრონშტანტი-53-ის” 2000წ. 16 იანვრის კრების სადავო გადაწყვეტილების იმ მოტივით გაუქმება, რომ მასში არ არის აღნიშნული ამხანაგობის რამდენი წევრი ესწრებოდა სადავო სხდომას და იყო თუ არა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორები, მართალია, აღიარებენ კრების ოქმის კანონშეუსაბამობას, მაგრამ აღნიშნული ტექნიურ შეცდომად და დაუდევრობად, ოქმის შედგენის არცოდნის შედეგად მიაჩნიათ, რაც, მათი აზრით, არ შეიძლება გახდეს ამხანაგობის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან მასში ამხანაგობის უმრავლესობის ნებაა გამოხატული, რასაც ასევე ადასტურებს ამხანაგობის წევრების: ლ. ტ-ას, ც. ჩ-ის, მ. ლ-ისა და ე. ტ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ესწრებოდნენ ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის კრებას და ხმა მისცეს ამხანაგობის გაუქმებას.

მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) ლ. მ-მა უსაფუძვლობისა და დაუსწრებლობის მოტივით არ ცნო საკასაციო საჩივრები, მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის Aშესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ.-...-ის” თავმჯდომარისა და წევრების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორები დაზუსტებული საკასაციო საჩივრით საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას აღარ ითხოვენ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და აღარ დავობენ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას ახალი სკ-ს ნორმების გამოყენების კანონიერებაზე. კასატორები მიუთითებენ რომ ამხანაგობის წევრების დაუდევრობისა და ოქმის შედგენის არცოდნის გამო ამხანაგობა “კ.-...-ის” წევრთა 2000წ. 16 იანვრის კრების ოქმი, მართალია, ფორმალურად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ოქმი რეალურად გამოხატავს ამხანობის წევრთა ნებას ამხანაგობის გაუქმების შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დამატებითი წერილობითი მტკიცებილებაც ადასტურებს. ამიტომ ოქმის არასათანადო გაფორმება არ შეიძლება გახდეს ამხანაგობის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000წ. 16 იანვრის მდგომარეობით ინდმენაშენეთა ამხანაგობა “კ.-...” შედგებოდა 8 წევრისაგან, მათ შორის, მოსარჩელე ლ. მ-იც ამხანაგობის წევრს წარმოადგენდა. ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის სადავო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის გაუქმების შესახებ, რაც დამტკიცდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 19 აპრილის სადავო ¹4.14.55 გადაწყვეტილებით.

ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ.-...” სამართლებრივად წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის წარმოების მიზნით შექმნილ ამხანაგობას. კონკრეტულად მისი მიზანი იყო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის განხორციელება. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სკ-ს 934-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებებაზე, რომლის მიხედვით ამხანაგობის წევრები ერთობლივად უძღვებიან ამხანაგობის საქმიანობას და გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა უმრავლესობა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და თავად ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის კრების სადავო ოქმითაც დასტურდება, რომ ამხანაგობა “კ.-...” სადავო გადაწყვეტილება ამხანაგობის გაუქმებაზე არ არის მიღებული ხმათა უმრავლესობით. კერძოდ, სკ-ს 934-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამხანაგობის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სულ ცოტა ამხანაგობის 5 წევრის თანხმობა. ამხანაგობის 2000წ. 16 იანვრის სადავო ¹1 ოქმს ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. გ-ი და სხდომის მდივანი ლ. ჩ-ი. ოქმში მითითებული არ არის კრებაზე დამსწრე ამხანაგობის წევრთა რაოდენობა. შესაბამისად გაურკვეველია, კრება იყო თუ არა გადაწყვეტილებაუნარიანი. ამიტომ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ამხანაგობა “კ.-...” გაუქმების შესახებ ამხანაგობის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

კასატორმა საკასაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა “კ.-...” ამხანაგობის წევრების: ლ. ტ-ას, ც. ჩ-ის, გ. ლ-ისა და ე. ტ-ას სანოტარო წესი დამოწმებული განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 2000წ. 16 იანვრის ესწრებოდნენ ამხანაგობის კრებას და მხარს უჭერდნენ ამხანაგობის გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ მიიღებს, ვინაიდან სსკ-ს 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა თუ არა კანონი. საკასაციო პალატაში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა პროცესუალურად დაუშვებელია. ამასთან, საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილი მტკიცებულების წარდგენა კასატორს შეეძლო სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სტადიაზე. საქმის მასალებით ირკვევა რომ ლ. ტ-ა, ე. ტ-ა, ც. ჩ-ი, გ. ლ-ე, როგორც ამხანაგობა “კ.-...” წევრები საქმეში ჩაბმულ იქნენ თანამოპასუხეებად 2002წ. 21 ნოემბრის საოქმო გადაწყვეტილებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არც ერთ სხდომას ისინი არ დასწრებიან. ამიტომ კასატორის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ამხანაგობის ზემოაღნიშნულ წევრთა განცხადებას 2000წ. 16 იანვრის კრების კანონიერად ჩატარების შესახებ საკასაციო პალატა ვერ მიიღებს. შესაბამისად, სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სვალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და საკასაციო პალატა მთლინად იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ამხანაგობის გაუქმების შესახებ 2000წ. 16 იანვრის კრების ¹1 ოქმისა და ამხანაგობის გაუქმების დამტკიცების თაობაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 19 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მითითებულ ლ. მ-ის ფულადი შენატანებისა და წევრობის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ-ის შენატანებს არ ეხება და ეს საკითხები არც იყო დავის საგანი.

ამდენად, საკასაციოო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ.-...” თავმჯდომარისა და წევრების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება.

3. კასატორებს სოლიდარულად დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.