Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-150-325-კ-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საქვეიჯარო მიწის ნაკვეთის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 მარტს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. კ-ემ მოპასუხეების – ტ. ბ-ის და გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ტ. ბ-ის მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000წ. 9 ივნისს გარდაბნის რაიონის თბილწყაროს დასახლების 10 ოჯახთან ერთად განცხადებით მიმართა დახმარებისათვის გარდაბნის რაიონის გამგეობას, რათა ამავე რაიონში არსებული შპს «კ.» ქვეიჯარით გამოეყო მათთვის 40 ჰა მიწის ნაკვეთი, იმავე წლის 1 ივლისს შპს «კ.» და მათ შორის დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ქვემოიჯარეს გამოეყო ერთი წლის ვადით 40 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსაყვანად.

მოსარჩელის განცხადებით რამოდენიმე ხნის შემდეგ მასთან მივიდა მოპასუხე ტ. ბ-ი და მოსთხოვა მიწის ნაკვეთის დატოვება, რადგან 2000წ. 10 ივლისის ხელშეკრულებით მას ჰქონდა იჯარით აღებული 120 ჰა მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელე თვლიდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მოტაცება მოახდინა ტ. ბ-მა გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დახმარებით, მისი ... ჯ. გ-ის სახით.

შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთი წლით და ტ. ბ-ისათვის 15000 ლარის დაკისრება.

2001წ. 18 ოქტომბერს მოსარჩელე ბ. კ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქვეიჯარის ვადის გაგრძელება ერთი წლით, მოპასუხე – ტ. ბ-ისათვის 20000 ლარის დაკისრება, ხოლო ვ. გ-ისათვის მორალური ზარალის სახით 5000 ლარის დაკისრება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ტ. ბ-ს დაევალათ გამოეყო მიწის ნაკვეთი ... 6,6 ჰა ოდენობით მოსარჩელე ი. კ-ისათვის ქვეიჯარის წესით ერთი წლის ვადით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ის წარმომადგენელმა ბ. კ-ემ და მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მისი განმარტებით გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ... ჯ. გ-ემ 2000წ. 1 ივლისს ი. კ-ისათვის ქვეიჯარის წესით გაფორმებული 40 ჰა მიწის ნაკვეთი თვითნებურად გაუფორმა ტ. ბ-ს 2000წ. 10 ივლისს შპს «კ.» დირექტორის შ. ა-ის ოფიციალური თანხმობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის თანხმობით სათანადო მოპასუხეებად ცნო გარდაბნის რაიონის გამგეობა და შპს «კ.», ხოლო საქმეში მესამე პირებად ჩართო გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, გარდაბნის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო და გარდაბნის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეიტლება, რომლითაც მოსარჩელე ი. კ-ის წარმომადგენლის ბ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ 1) მოიჯარე – შპს «კ.» ხელმძღვანელობის 2000წ. 28 აპრილის თანხმობისა და გამგეობასთან არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის აზრის გათვალისწინებით მეიჯარემ – გარდაბნის რაიონის გამგეობამ 2000წ. 24 მაისის დადგენილებით საინიციატივო ჯგუფს ტ. ბ-ის ხელმძღვანელობით მათი 2000წ. 2 მაისის განცხადების საფუძველზე იჯარით გამოუყო 120 ჰა მიწის ფართობი, რომელშიც შედის სადავო 40 ჰა მიწის ფართობი. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ტ. ბ-სა და გარდაბნის რაიონის გამგეობას შორის, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2000წ. 10 ივლისს.

აპელანტმა ი. კ-ემ კი 2000წ. 24 მაისს ე.ი. გამგეობის დადგენილების მიღების შემდეგ, 9 ივნისს მიმართა გამგეობას თხოვნით, რომ შპს «კ.» მასთან დაედო ქვეიჯარის ხელშეკრულება. შპს «კ.» ი. კ-ესთან 2000წ. პირველ ივნისს ქვეიჯარის ხელშეკრულება დადო ისე, რომ სადავო მიწის ფართობი უკვე მის სარგებლობაში აღარ იყო.

2) სადავო მიწის ფართობზე ქვეიჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სათანადო რეგისტრაციის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსით 311-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები შეიტანება საჯარო რეესტრში. საქმის მასალების და თვით ბ. კ-ის განმარტებით ქვეიჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო ამდენად, ქვეიჯარის ხელშეკრულება დაიდო 2000წ. 1 ივლისს, მაგრამ იგი არ იყო ძალაში, რადგან არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

სააპელაიცო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ... ჯ. გ-ის და ტ. ბ-ის მიერ დარღვეული იქნა სკ-ს 542-ე, 543-ე და 544-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მოთხოვნები, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა 40 ჰა მიწის ნაკვეთზე ქვეიჯარის უფლების აღდგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. კ-ის სარჩელი, გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ტ. ბ-ს დაევალა გამოეყო მიწის ნაკვეთი ... 6,6 ჰა ოდენობით მოსარჩელე ი. კ-ისათვის ქვეიჯარის წესით, ერთი წლის ვადით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ის წარომადგენელმა ბ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ტ. ბ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, ამიტომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. კ-ისათვის ერთი წლის ვადით 6,6 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში. სსკ-ს 375-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც იგი გასაჩივრებულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა რა რაიონული გადაწყვეტილება ი. კ-ისათვის 6,6 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში და უარი უთხრა მოსარჩელის წარმომადგენელს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ.

სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შედეგად საქმეზე მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. კ-ის წარმომადგენლისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, 6,6 ჰა მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით ქვეიჯარის უფლებით გამოყოფის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,კ.” საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა 489 ჰა მიწის ნაკვეთს. 2000წ. 28 აპრილს ამ უკანასკნელმა განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონის გამგეობას და სთხოვა თანხმობა 150 ჰა მიწის ნაკვეთის თბილწყაროს მოსახლეობაზე ქვეიჯარით და 40 ჰა ფერმის ტერიტორიის მეურნეობის თანამშრომლებზე იჯარით გაცემის თაობაზე, ამასთან სთხოვა გამგეობას, რომ გარდაბანი-ნაგების საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ... არსებული მიწის ფართობი ნაკლებინტენსიურობის გამო ჩაებარებინა გამგეობას.

გარდაბნის რაიონის გამგეობასთან შექმნილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით ამღებთა განცხადებების განმხილველმა მუდმივმა კომისიამ 2002წ. 8 მაისს განიხილა შპს ,,კ.” განცხადება და დააკმაყოფილა იგი. ამასთან რეკომენდაციით მიმართა გამგეობას მე-8 შემკრებთან არსებული მიწის ნაკვეთზე ტ. ბ-ის საინიციატივო ჯგუფთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 24 მაისის ¹116 დადგენილებით დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების მსურველთა განცხადებების განმხილველი მუდმივი კომისიის სხდომის (2000წ 8 მაისი ¹48) ოქმი. დაკმაყოფილდა შპს ,,კ.” დირექტორის 2000წ. 28 აპრილის თხოვნა და ნება დაერთო სკ-ს 587-ე მუხლის საფუძველზე ქვეიჯარით გაეცა 150 ჰა სახნავი მიწის ფართობი. ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფზე (ხელმძღვანელი ტ. ბ-ი) იჯარით გაიცა 120 ჰა სახნავი მიწის ფართობი და შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი შპს ,,კ."-სთან გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში და აღნიშნული ცვლილებების შესახებ ეცნობა საგადასახადო და საფინანსო სამსახურებს. დადგენილების საფუძველზე 2000წ. 10 ივლისს ტ. ბ-სა და გარდაბნის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე (40 1ა) თ. კ-ემ უფრო ადრე გააფორმა ქვეიჯარის ხელშეკრულება და გამგეობას უფლება აღარ ჰქონდა ტ. ბ-თან გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება. ვინაიდან, მას შემდეგ, რაც შპს ,,კ.” გამგეობას სთხოვა ჩაებარებინა გარდაბანი-ნაგების საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ... მიწის ფართობი და გამგეობის გადაწყვეტილებით ცვლილებები იქნა შეტანილი შპს ,,კ.” გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში, შპს “კ.” აღარ იყო უფლებამოსილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაეფორმებინა ქვეიჯარის ხელშეკრულება. ასეთი უფლებამოსილება გააჩნდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (გამგეობას), ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გაცემის წესის შესახებ დებულების” მეორე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გარდაბნის რაიონის გამგეობასა და ტ. ბ-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების კანონიერება და იგი არ ითხოვს მის გაუქმებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიცემულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. კ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ბ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ტ. ბ-ს დაევალოს ი. კ-ეს გამოუყოს 6,6 ჰა მიწის ნაკვეთი ... ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.