Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-156-329-კ-03 31 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანებით დადგინდა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 26 აგვისტოს ¹1303 განკარგულებით შექმნილი საცხოვრებელი სახლების ავარიულობის ხარისხისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისიის 1990წ. 28 დეკემბრის აქტის თანახმად, ... ქ. ¹40/2-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლი არ ექვემდებარებოდა აღდგენას. აღნიშნულ სახლში მცხოვრებ პირთა საბინაო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანებით საბინაო კომპლექსის ასაშენებლად, საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო კოოპერატივის “ჰ.” და კომერციული ფირმა “ო.”-ს თხოვნა, ... ქ. ¹40/2 მდებარე სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის მათთვის გადაცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა იმ პირობით, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ აღნიშნული სახლის მობინადრეთა სათანადო ფართით დაკმაყოფილებას. ამასთან, კოოპერატივ “ჰ.” და კომერციულ ფირმა “ო.” ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან ერთად ნება დაერთოთ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების მიზნით, საგარანტიო ხელშეკრულებები გაეცათ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩააბარებდნენ ბინებს.

ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991წ. 30 აგვისტოს ¹304 განკარგულებით მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ს ნება დაერთო ... ქ. ¹12/23-ში მდებარე ოროთახიანი ბინის ჩაბარებაზე.

ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე, 1991წ. 22 ივლისს საგარანტიო ხელშეკრულება ¹3 გაფორმდა ერთის მხრივ კოოპარატივ “ჰ.”, ფირმა “ო.” და მეორეს მხრივ ლ. ჩ-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ლ. ჩ-ი იღებდა ვალდებულებას მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის ჩაბარებაზე, სადაც ხანძრისგან დაზარალებული კ. ა-ის ოჯახი უნდა შესახლებულიყო, ხოლო “ჰ.” და “ო.” კისრულობდნენ ახლადაშენებულ სახლში ოთხოთახიანი ბინით ლ. ჩ-ის დაკმაყოფილების ვალდებულებას.

ხელშეკრულების პირობები სრულად იქნა შესრულებული ლ. ჩ-ის მიერ. კერძოდ, მან ჩააბარა კუთვნილი ოროთახიანი ბინა, რომელშიც შესახლდა კ. ა-ი, მაგრამ, ლ. ჩ-ი არ დაკმაყოფილდა საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით, რის გამოც მან 2001წ. 23 მაისს სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ¹3 საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ჩუღურეთის საკრებულოსა და ქ. თბილისის პრეფექტის უფლებამონაცვლისათვის _ დუდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიისათვის 95372 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მან დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, 2000წ. 17 დეკემბერს მიმართა ქ. თბილისის მერიას, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის აზრით, საგარანტიო ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა, იმის გამო, რომ კოოპერატივი “ჰ.” და ფირმა “ო.” ლიკვიდირებულია, სოლიდარულად უნდა დაეკისროს ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს, რომელთანაც დაიდო საგარანტიო ხელშეკრულება და რომლის მიერაც გაიცა ლ. ჩ-ის კუთვნილ ბინაში შესახლებულ კ.ა-ზე ბინის ორდერი. ასევე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქ. თბილისის პრეფექტს, რომლის ბრძანებაც დაედო საფუძვლად საგარანტიო ხელშეკრულების გაცემას. სკ-ს 153-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო 212-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დამრღვევი მოვალეა აუნაზღაუროს კრედიტორს მიყენებული ზარალი.

ლ. ჩ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ იმ მოტივით, რომ იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეა და განმარტა, რომ 1991წ. 22 ივლისს ლ. ჩ-სა და კერძო სამშენებლო ორგანიზაციებს შორის დადებულ საგარანტიო ხელშეკრულებაში მერია, როგორც მხარე არ ფიგურირებდა. მერიას მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ აუღია, რის გამოც ქ. თბილისის მერიის დასახელება მოპასუხედ ეწინააღმდეგებოდა სკ-ს 153-ე მუხლს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მერიის მიერ გაცემული არცერთი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ილახება მოსარჩელის უფლება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1991წ. 22 ივლისის საგარანტიო ხელშეკრულება, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წეით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1991წ. 22 ივლისის საგარანტიო ხელშეკრულება და ქ. თბილისის მერიას ლ. ჩარკვიანის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, 207-ე, სკ-ს 54-ე, 365-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ლ.ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, რადგან ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანებისა და მის საფუძველზე 1991წ. 22 ივლისს გაცემული ¹3 საგარანტიო ხელშეკრულების შესაბამისად, ლ. ჩ-ს სრული საფუძველი ჰქონდა წარმოშობოდა კანონიერი ნდობა მისი ბინის ჩაბარების შემდეგ ახალი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ და იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ჩ-ის კუთვნილი, ... ქ. ¹12/23-ში მდებარე ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 20000 ლარს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მის მიმართ საქმის წარმოების შემდეგი მოტივით შეწყვეტა:

კასატორის მითითებით, ერთის მხრივ ლ. ჩ-ს, ხოლო მეორეს მხრივ კოოპერატივ “ჰ.” და ფირმა “ო.” შორის დადებული ხელშეკრულება შესრულდა ცალმხრივად, რადგან ლ. ჩ-ი ბინით არ იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ აღნიშნული სამშენებლო ორგანიზაციები ლიკვიდირებულია და მათი სამართალმემკვიდრე ვერ მოინახა. ქ. თბილისის მერია კი საქმეში მხოლოდ იმ მოტივით იქნა ჩართული, რომ ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ბრძანებით სამშენებლო ორგანიზაციების

თხოვნა დაკმაყოფილდა და ნება დაერთოთ მსურველი პირებისაგან საგარანტიო ხელშეკრულებით მიეღოთ ბინები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინების ჩამბარებელი მოქალაქეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება იკისრა არა ქ. თბილისის მერიამ, არამედ სამშენებლო ორგანიზაციებმა.

ამდენად, კასატორის აზრით, ქ. თბილისის მერია არასათანადო მოპასუხეა, სააპელაციო პალატამ, არ გამოიყენა სკ-ს 169-ე, სსკ-ს 85-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასათანადო მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიას დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკისრა ბინის ღირებულების გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1991წ. 22 ივლისს გაიცა საგარანტიო ხელშეკრულება ¹3, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ კოოპერატივმა “ჰ.” და ფირმამ “ო.” იკისრეს ვალდებულება, რომ მოსარჩელე ლ. ჩ-ს მისცემდნენ ... ქ. ¹40-ში მდებარე სახლში ოთხოთახიან ბინას, ხოლო თავის მხრივ ლ. ჩ-ი ვალდებული იყო ჩაებარებინა მასზე რიცხული, ... ქ. ¹12/23-ში მდებარე ოროთახიანი ბინა, რომელშიც შესახლდებოდა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე კ. ა-ი. ¹3 საგარანტიო ხელშეკრულება შეთანხმებული იყო ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან და გამგეობასთან. ¹3 საგარანტიო ხელშეკრულება გაცემული იყო ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც კოოპერატივ “ჰ.” და ფირმა “ო.” საბინაო კომპლექსის ასაშენებლად, იმ პირობით გადაეცათ ... ქ. ¹40/2 და ...ქ. ¹47-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დამწვარი სახლები, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ დაზარალებულ მობინადრეთა საცხოვრებელი ბინებით დაკომპლექტებას. ბრძანების მე-3 პუნქტით, “ჰ.” და “ო.”, ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან ერთად, ნება დაერთოთ საგარანტიო ხელშეკრულებების გაცემაზე.

სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ჩ-მა დროულად და ნებაყოფლობით შეასრულა ¹3 საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გამგეობას ჩააბარა მასზედ რიცხული ...ქ. ¹12/23-ში მდებარე ოროთახიანი ბინა, რაზეც ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991წ. ¹304 განკარგულების საფუძველზე, იმავე წლის 30 აგვისტოს ჩუღურეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ კ. ა-ის სახელზე გაიცა ბინის ორდერი ¹009705. აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 20000 ლარს.

საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსი არ ითვალისწინებდა ბინიდან მოქალაქეთა გამოსახლებას სხვა ბინის მიუცემლად, გარდა ამავე კოდექსის 109-111-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როცა დამქირავებელი სისტემატიურად ანგრევდა სადგომს, იყენებდა არადანიშნულებისამებრ, თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ან ბინის ორდერი ბათილად იყო ცნობილი, რასაც ლ. ჩ-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

¹3 საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახლი დღემდე არ აშენებულა და შესაბამისად არც ლ. ჩ-ის ბინით დაკმაყოფილება მომხდარა. გარანტი – საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო კოოპერატივი “ჰ.” და სრულიად საქართველოს დ. ა. საქველმოქმედო საზოგადოება “ს.” საწარმოო კოოპერატიული ფირმა “ო.” დღეისთვის აღარ ფუნქციონირებენ და ვერც მათი უფლებამონაცვლე იქნა დადგენილი.

¹3 საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წლის) 205-ე მუხლის თანახმად, საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კოოპერატივ “ჰ.” და ფირმა “ო.” მიერ შეუსრულებლობის გამო, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ. თბილისის მერიას ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ... ქ. ¹12/23-ში მდებარე ბინის კომპენსაცია 20000 ლარის ოდენობით, რადგან ¹3 საგარანტიო ხელშეკრულება გაიცა ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის თანახმად, თბილისის მმართველობის ორგანოს დღეისათვის მერია წარმოადგენს, ხოლო ჩუღურეთის გამგეობა მისი ტერიტორიული ორგანოა. ამიტომ ლ. ჩ-ის მიერ ჩაბარებული ბინის კომპენსაციის _ 20000 ლარის ქ. თბილისის მერიისათვის დაკისრება საკასაციო პალატის აზრით, კანონიერია, უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო კასატორის მოთხოვნა თბილისის მერიის, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.